Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო “თავისუფლების” უზბეკური სამსახურის ჟურნალისტებს საფრთხე ემუქრება


”თავისუფლება” თავის მაუწყებლობას ეწევა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, 20-ზე მეტ ენაზე. ჩვენს რადიოს მსმენელები ჰყავს უზბეკეთშიც.




ამ კვირაში ამ ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ პროგრამა ”თავისუფლების” უზბეკური სამსახურის შესახებ გადასცა. ჩვენი კოლეგების მიმართ ეს არის მუქარის ყველაზე მძიმე ფორმა, - ასე შეაფასეს უფლებადამცავებმა და პოლიტოლოგებმა გადაცემა, - ეს არის სიტყვის თავისუფლების მიმართ ტერორი.
ეს იყო ერთსაათიანი, ჩვენი რადიოს უზბეკური სამსახურის მიმართ უკიდურესად კრიტიკული, გადაცემა. მასში ჩვენი კოლეგები დაადანაშაულეს არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში, არამედ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ გადაცემაში რადიო ”თავისუფლების” უზბეკური სამსახურის - როგორც მას ამ ენაზე ეწოდება, “რადიო ოზოდლიკის” - ჟურნალისტებისა და მათი ნათესავების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მისამართები, საპასპორტო მონაცემები გაავრცელეს. მათი უმეტესობა აქ არის, პრაღაში,ოჯახებთან ერთად, აქ ცხოვრობს და მუშაობს. ანდიჟანში მთავრობის ძალების მიერ დემონსტრანტთა ხოცვა-ჟლეტის შესახებ რეპორტაჟების გადაცემის შემდეგ რადიო ”თავისუფლების” ადგილობრივი ბიურო მთავრობამ აიძულა მუშაობა შეეწყვიტა. ზოგიერთი კორესპონდენტი პრაღაში გადმოვიდა, მაგრამ უზბეკეთში ყველას ჰყავს ნათესავები.
“კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონფლიქტების თავიდან აცილებაზე მუშაობს. მისი დირექტორი მედიის დარგში არის ენდრიუ შტრიოლაინი, რომლის აზრითაც, უზბეკეთის ტელევიზიის ეს გადაცემა “მართლაც ძლიერ შემაშფოთებელია”.

შტრიოლაინის თანახმად, ამ ტელევიზიებს კავშირი აქვთ უსაფრთხოების ძალებთან და ცნობილია, რომ შარშან, როცა მათ ერთ ჟურნალისტს, ალიშერ საიპოვს, ცილი დასწამეს, ის ამის შემდეგ მალე მოკლეს.

26 წლის საიპოვი “ამერიკის ხმაში” მუშაობდა და რადიო “თავისუფლებასაც” უკეთებდა მასალებს. ვარაუდობენ, რომ ის უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა მოკლა ტყვიით.
რადიო “თავისუფლების” უზბეკური სამსახურის შესახებ ეს რეპორტაჟი უზბეკეთის სამმა არხმა გადასცა საღამოს, როცა მას უყურებს ყველაზე მეტი მაყურებელი - 11 მილიონამდე - და არა მხოლოდ უზბეკეში, არამედ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთშიც ადევნებენ თვალს. ჩვენი რადიოს ჟურნალისტებს და მათ ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს მედიის უფლებადამცავი ორგანიზაციის, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ”, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელი ელსა ვიდალი.
ინფორმაციის საჯარო გადაცემა ტელევიზიით საფრთხეს უქმნის ამ ჟურნალისტებს, რადგან ახლა ისინი მოღალატეებად შერაცხეს, რაც, ვიდალის თანახმად, პირველი ეტაპია უფრო მასობრივი ზეწოლისა. ვიდალი იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება არ გამწვავდება, მაგრამ უზბეკეთში მდგომარეობის გაუარესების მოწმენი ვართო, გვითხა მან.
თავისი აზრი გაგვიზიარა ასევე ტაშკენტელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა აბდურაჰმან ტაშანოვმა, რომელიც ამ ტელეგადაცემას უწოდებს “პოლიტიკურ ტერორს” დემოკრატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც არ ეთნხმებიან მთავრობის პოზიციას.

“რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის” პრეზიდენტმა ჯეფრი გედმინმა ტელეპროგრამა შეაფასა როგორც პირდაპირი და წინასწარგანზრახული მცდელობა საფრთხე შეუქმნან ჩვენს ჟურნალისტებს. წერილობით განცხადებაში გედმინი ამბობს, რომ, შესაბამისად, ეს გადაცემა უზბეკეთის მთავრობამ იმისთვის მოამზადა, რომ ჩვენი ჟურნალისტები დამნაშავეებად დაეხატა და ამით მათზე თავდასხმისკენ ბიძგი მიეცა მაყურებლისთვის ანდა განეწყო თავდასხმისათვის, რომლის განხორციელებაც თვითონ სურს. ეს არის დამნაშავე და უღირსი მთავრობის ქმედება.
ტელეგადაცემა, რომელშიც ჩვენი ჟურნალისტები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულეს, მაშინ გავიდა უზბეკეთში ეთერში, როცა უზბეკეთის მთავრობა მედიის თავისუფლების შესახებ კონფერენციას მასპინძლობდა. უფლებადამცავებმა ეს შეაფასეს როგორც “უბადრუკი ფარსი”.
ბოლოს გეტყვით, რომ ამ კვირაში უზბეკეთში დააპატიმრეს ჩვენი რადიოს ყოფილი კორესპონდენტი სოლიჯონ აბდურაჰმანოვი. გასულ თვეში დააპატიმრეს ასევე ჩვენი რადიოს ყოფილი თანამშრომელი ნოსირ ზორიკოვი, რომელიც ამ ქვეყანაში იყო პირველი ჟურნალისტი, ვინც ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტა გააშუქა.


  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG