Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმხრივი და შორსმიმავალი დივერსიული აქტები საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე


ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედიზედ მომხდარი დივერსიული აქტები და აფეთქებების სერია დროს არ ტოვებს განსჯის, ანალიზისა და პროგნოზისათვის.

მედია გადმოსცემს ინფორმაციას შემთხვევის ადგილებიდან და ავითარებს ოფიციალურ ვერსიებს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების უმრავლესობა პროვოკაციების მიღმა სამხედრო ესკალაციის რეალურ საფრთხესაც ხედავს.


სამხედრო ანალიტიკოსები და უსაფრთხოების ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ნოდარ ბიბილოვი ქართულ სპეცსამსახურებს მოეკლათ, რომლებსაც შურისგებას ”მუნდირის ღირსება” უკარნახებდათ. ოს პოლიციელს უშუალო წვლილი მიუძღოდა დივერსიულ რეიდში, რაც 2004 წლის ზაფხულში ქართული სახელმწიფოსთვის სილის გაწვნას უდრიდაო, - ამბობს დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი:

[ირაკლი ალადაშვილი] ”ეს ის პიროვნებაა, რომელსაც ”დიდი წვლილი” მიუძღვის 30-ზე მეტი ქართველი პოლიციელის დაპატიმრებაში - მოტყუებით აყვანით, სხვათა შორის. ეს იყო სოფელ ვანათში, რომელიც დმენისის ახლოსაა. შემდეგ ცხინვალში ჩაყვანასა და მათ დაჩოქებაში. და ეს კადრები, სამწუხაროდ, ბევრმა ნახა.” (სტილი დაცულია)

თანაც, ნოდარ ბიბილოვი ერთხელ გადაურჩა სიკვდილს, როდესაც, 28 თებერვალს, მის ოთახში დანაღმული ტელევიზორი აფეთქდა. მაგრამ 3 ივლისს, ნოდარ ბიბილოვის აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ნაღმისა და ტყვიების კორიანტელში გაეხვია სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის, კორტეჟი. დაიჭრა დაცვის სამი წევრი, თავად დიმიტრი სანაკოევი გადარჩა, თუმცა აფეთქება ასევე პროფესიულ დონეზე იყო მოწყობილი და ასევე იგრძნობოდა სპეცსამსახურების ხელწერა.

[ირაკლი ალადაშვილი] ”ეს, როგორც მე ვთქვი, სხვადასხვა სპეცსამსახურების ნამუშევარს უფრო ჰგავს, იმიტომ რომ ნაღმები, როგორც წესი, თვითონ არ აფეთქდება. ზოგჯერ ამ ნაღმების აფეთქებას აქვს მხოლოდ დამაშინებელი ხასიათი, რადგან წინასწარ განსაზღვრულია, რომ მას მსხვერპლი არ უნდა მოჰყვეს.” (სტილი დაცულია)

ცხინვალის კონფლიქტისგან განსხვავებით, აფხაზეთში ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას უფრო დამაშინებელი ხასიათი აქვს და, ანალიტიკოსების დაკვირვებით, შიდაკლანურ დაპირისპირებას წააგავს. საქართველოში ტერორიზმის შემსწავლელი ცენტრის უფროსის ბადრი ნაჭყებიას შეფასებით, აფხაზეთში მომხდარი აფეთქება დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშისა და პრემიერ ალექსანდრ ანქვაბის ბანაკებს შორის დაუნდობელი ბრძოლის გამოძახილია:

[ბადრი ნაჭყებია] ”თქვენ, ალბათ, იცით, რომ იყო საკმაოდ სერიოზული შემთხვევა, როცა განხორციელდა საკმაოდ სერიოზული ტერორისტული აქტი აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრ ანქვაბზე, ”რპგ-7” -ით მოხდა მის მანქანაზე გასროლა. საბედნიეროდ, ალექსანდრე ანქვაბი გადარჩა.”(სტილი დაცულია)

ბადრი ნაჭყებია ფიქრობს, რომ დივერსიული აქტებისა და აფეთქებების გახშირება კონფლიქტურ ტერიტორიებზე არ უნდა შედიოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესში. თუმცა, ტერორიზმის საკითხების ექსპერტის სახით, ამ მოსალოდნელი პროვოკაციის პრევენციაში აქტიურად უნდა ჩაებან ქართული სპეცსამსახურები, რომლებმაც ფართოდ უნდა გაშალონ საგანგებო მუშაობა უკონტროლო ტერიტორიების სიღრმეშიც:

[ბადრი ნაჭყებია] ”ჩვენ გვაქვს შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ იცავდა ისრაელის სპეცსამსახური - ”მოსადი” , სამხედრო დაზვერვა და ”ამანი” - საკუთარ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული მაგალითები, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ტერორიზმისაგან. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, ალბათ, ამ შემთხვევაში.” (სტილი დაცულია)

თუმცა ექსპერტების ნაწილი სწორედ ისრაელის მაგალითზე ვარაუდობს, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დივერსიული აქტების გახშირებას შესაძლებელია მოჰყვეს სამხედრო დაპირისპირების ესკალაცია, მცირე ინტენსივობის კონფლიქტების სახით:

[ირაკლი ალადაშვილი] ”საერთოდ, კონფლიქტის ზონებში ერთი გასროლაც რომ ხდება, ისიც ძალიან ძაბავს სიტუაციას. ამიტომაც ასეთი ორი სერიოზული აფეთქება, რა თქმა უნდა, კიდევ დაძაბავს ვითარებას ცხინვალის რეგიონში, ისევე როგორც აფეთქებები - აფხაზეთში.”

საომარი მოქმედების საფრთხეს კონფლიქტურ ანკლავებში გამორიცხავს უსაფრთხოების ექსპერტი კახა კაციტაძე, რომელიც 1999-2002 წლებში თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კვლევების სამმართველოს ხელმძღვანელობდა:

[კახა კაციტაძე] ”უბრალოდ, იქნება ხმაური, წივილ-კივილი, მაგრამ ნელ-ნელა ჩაცხრება. იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც იქნება სულ ასეთი ომის პირას ბალანსირება, მაგრამ არ მჯერა, რომ ომი დაიწყება.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად განსხვავებული პროგნოზებისა, ექსპერტები ერთსულოვნად ასკვნიან, რომ ვითარება კონფლიქტების ზონაში თანდათან გადავიდა მდგომარეობაში, რომელიც დიპლომატიაში აღინიშნება ტერმინით ”ჰარდ პოვერი” და რომლის დროსაც მოწინააღმდეგეზე ზეგავლენის მოხდენის ერთადერთ საშუალებად სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება ითვლება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG