Accessibility links

logo-print

საქართველოს კონფლიქტის ზონებში ”უავტორო” ტერორისტული აფეთქებები სულ უფრო სისხლისმღვრელი ხდება


კვირას გალში მომხდარმა ტერორისტულმა აფეთქებამ და ოთხი ადამიანის დაღუპვამ ცხადყო, რომ საშიში პროგნოზი ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციის შესახებ არ არის საფუძველს მოკლებული.

ბოლო მონაცემებით, რუსეთმა აფხაზეთში უკვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეტანა დაიწყო. სიტუაცია ასევე დაძაბული რჩება ცხინვალის ირგვლივ, სადაც ქართულმა სპეცრაზმმა, მოსალოდნელი დივერსიული მოქმედების პრევენციის მიზნით, გასულ კვირაში სარაბუკის სიმაღლე დაიკავა. ქართულ- ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გასაცნობად ეუთოს ელჩებიც აპირებენ ჩასვლას. ესკალაციას საქართველოს კონფლიქტურ რაიონებში შეშფოთებით ეხმაურება ევროპელი ლიდერი, თუმცა დიპლომატიური ძალისხმევა ჯერჯერობით ვერ იძლევა ძალადობისა და დივერსიების შეწყვეტის გარანტიას.

ქართულ-აფხაზური და ქართულ- ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარმა სისხლიანმა დივერსიულმა და ტერორისტულმა აქტებმა საქართველოში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენელთა ვიზიტები დააჩქარა. ეუთოს ელჩები უკვე საქართველოში არიან და ისინი ხვალ აპირებენ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში ჩასვლას. ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ტერი ჰაკალამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ვითარება კონფლიქტის ზონაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს:

[ტერი ჰაკალა] ”კონფლიქტის ზონა უკვე თავისთავად სახიფათოა. საზავო შეთანხმება ყოველდღიურად ირღვევა. და, ცხადია, განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ბოლო ხანს მომხდარი ინციდენტების გამო, რადგან თავდასხმების ობიექტებად ამჯერად სამოქალაქო პირები მოგვევლინენ ორივე მხარეს, ანუ როგორც ქართველების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე, ისე იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ოსები აკონტროლებენ. ეს ძალიან
მაშფოთებს. საერთოდ, მოუგვარებელი კონფლიქტი ძალიან სახიფათო რამ არის. ”

მსგავსად ეუთოს მისიისა, რომელიც შუამავალია ცხინვალის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში, 10-11 ივლისს გაეროს შემფასებელთა მისია აპირებს ჩავიდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. თუმცა საერთაშორისო მისიების ასეთ გააქტიურებას არასაკმარისს უწოდებენ ქართველი ექსპერტები, რომლებიც სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ დასავლეთის ქვეყნებს სეპარატისტულ საფრთხეზე არაადეკვატური რეაგირების გამო. ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში არჩილ გეგეშიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ დასავლეთი ჯერჯერობით თავისი რესურსით ვერ ახერხებს რუსეთის დამანგრეველი ზემოქმედების განეიტრალებას:

[არჩილ გეგეშიძე] ”მოთმინების რა რესურსი დარჩა ქართულ მხარეს? - ასე უნდა დავსვათ შეკითხვა. გარკვეულ რესურსს ამ მოთმინებისას ავსებს ის, რომ დასავლეთი გვიჩიჩინებს, აი, კიდევ ცოტა მოითმინეთო და რაღაცნაირად თავი შეიკავეთ პროვოკაციებისგანო. მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და მიმაჩნია, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ეს მოთმინების რესურსი ამოიწუროს და ძალიან არასასურველი განვითარება პოვონ მოვლენებმა.”

იმისთვის, რომ საქართველოს მოთმინების ფიალა არ აივსოს, კონფლიქტის მოგვარების საკუთარი გეგმა შეიმუშავა გერმანიამ, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედის. ორშაბათის ”შპიგელში” გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გეგმა, რომლის ავტორიც გერმანიის საგარეო უწყებაა, პირველ ეტაპზე ითვალისწინებს აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას და ლტოლვილთა დაბრუნებას, უსაფრთხოების ზონებში ფართომასშტაბიან ეკონომიკურ აღორძინებას, რომლის შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკება უკვე პოლიტიკურ სტატუსზე. კომფლიქტების მოწესრიგების თაობაზე გერმანული გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაციას ქართველი ექსპერტებიც ფლობენ. როგორც უსაფრთხოების ექსპერტმა რამაზ კლიმიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, აფეთქებები და ტერაქტები, შესაძლოა, ერთგვარი დამხმარე საშუალება იყოს იმ გეგმის მისაღებად, რომელიც ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით პოლიტიკურ წრეებში:

[რამაზ კლიმიაშვილი] ”დიდი ზარ-ზეიმი იყო, როდესაც კოდორის ხეობა დავიბრუნეთ, რომელიც ისედაც ქართველების კონტროლის ქვეშ იყო. და ახლა თუ ორი რაიონი - გალი და ოჩამჩირე, სადაც ქართველი ლტოლვილების უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობდა - გადმოგვეცა, დამიჯერეთ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს მოეწონება. მაგრამ თუ იქ [გეგმაში} ჩაიწერება, რომ იმ ნაწილზე 10 წლის შემდეგ ვიწყებთ თავიდან ლაპარაკს... ეს არ არის სამუდამო საზღვარი, მაგრამ არის ოლიმპიადის შემდეგ წლამდე, ან ათწლიანი[ვადით], ან რაღაც ასეთი.”(სტილი დაცულია)

იმისათვის, რომ დივერსიული აქტები შეწყდეს და მხარეებმა კონფლიქტის მოწესრიგების ამა თუ იმ გეგმის შესახებ პოლიტიკური დიალოგი წამოიწყონ, საჭიროა ნდობის აღდგენა. ძალადობის გახშირებული ფაქტების მიუხედავად, კონფლიქტით გათიშული ადამიანები ზოგჯერ მაინც ახერხებენ ერთმანეთთან დაკავშირებას და კეთილი საქმეების გაკეთებას. ქართული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისელმა ექიმებმა ამ დღეებში აფხაზი ახალშობილი ამანდა შუკაია გადაარჩინეს. ტყვარჩელელ ახალშობილს, რომელიც ქუთაისში სოხუმიდან გადაიყვანეს, ორი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა.
XS
SM
MD
LG