Accessibility links

logo-print

9 ივლისს გამოსული ქართული გაზეთების ყურადღების ცენტრში კვლავაც რჩება


9 ივლისს გამოსული ქართული გაზეთების ყურადღების ცენტრში კვლავაც რჩება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში გამწვავებული სიტუაცია.

პრესა მსჯელობს საერთაშორისო მხარდაჭერის შანსსა და რეალურ პერსპექტივებზე.

გაზეთი ”24 საათი” ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გადაჭრისადმი ვაშინგტონის ახალ მიდგომაზე. ამ კონტექსტში ხაზგასმულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო პოზიცია, რომელიც 7 ივლისს გახდა ცნობილი და რომელიც კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო პოლიციური ძალების განთავსების აუცილებლობას ეხება. ”აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა რეაქცია ცხადყოფს, რომ ორიოდე დღის წინ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგად ვაშინგტონს პოზიცია არ შეუცვლია და ის კვლავ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს”, - ვკითხულობთ ”24 საათში”. სტატიაში მოყვანილია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მეთიუ ბრაიზას კომენტარი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამ საფეხურს შეეხება: ”საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაარწმუნოს რუსეთი, შეწყვიტოს თავისი პროვოკაციული ქმედებები; ქართველები და აფხაზები საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის განხილვას უნდა შეუდგნენ და, მესამე, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერის გარშემო, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის შეთანხმდება.” გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის მოსაზრებას,რომლის მიხედვითაც, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა კონდოლიზა რაისმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, თბილისს აფხაზეთის საკითხში ახალი წინადადებების განხილვა შესთავაზოს.

”რას გადაწყვეტს კონდოლიზა რაისი?!” - ეს უკვე ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებული სტატიის სათაურია. გაზეთი ხაზს უსვამს პოლიტოლოგთა მოლოდინს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს ძირითადად ორი საკითხი განიხილება: კონფლიქტები და საქართველოს ნატოში გაწევრიანება. აქვე ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის კომენტარს, რომ რაისის ვიზიტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას აფხაზეთის თემაზე მოლაპარაკებები წარმოადგენს.

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში დაძაბული ვითარების განხილვას დღევანდელი ”რეზონანსიც” ცდილობს. გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტი, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე, თვლის, რომ კონფლიქტურ რეგიონებში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მსგავსად, ე.წ. ნაღმების ომი დაიწყო. ”სამხედროების გარკვეული ჯგუფები გადაადგილდებიან სხვადასხვა მიმართულებით, რომ სუსტი წერტილი უპოვონ მეტოქეს, რათა, სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, რაც შეიძლება მომგებიან ადგილას იყვნენ”, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე და აქვე საუბრობს ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების გეგმაზე, რომ შეტევა მიიტანოს სიმაღლეებზე, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს დაკავებული. პოლიტოლოგის აზრით, სეპარატისტთა თავდასხმა მოსალოდნელია შსს-ს საგუშაგოებზეც იმ მოტივით, რომ ეს საგუშაგოები უკანონოა.

საომარი მოქმედებების განახლების საფრთხეზე გაზეთ ”რეზონანსთან” სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაურიც საუბრობს. მისი აზრით, ”საბედისწერო ტყვია, შესაძლოა, ნებისმიერ წუთას გავარდეს” და ამიტომ ქართულ მხარეს მაქსიმალური სიფრთხილე მოეთხოვება.
XS
SM
MD
LG