Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ოფისის თანამშრომელთა რაოდენობა შეამცირა


31 აგვისტოდან საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოში მუდმივი წარმომადგენელი აღარ ეყოლება, ოფისში კი მხოლოდ ორი ადგილობრივი სპეციალისტი იმუშავებს.

სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს მასშტაბით 20 ოფისი შეიკვეცა ან საერთოდ დაიხურა. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში ოფისის შემცირების მიუხედავად, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა მაინც გაგრძელდება. ფონდის მისია საქართველოს 2008 წლის სექტემბერში ეწვევა. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა გახდა ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საქართველოს ოფისის შემცირების მიზეზი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ოფისის შეკვეცის შესახებ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოაცხადა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი მუდმივმოქმედი წარმომადგენლის შტატიც გაუქმდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მთავრობას სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ანა ლუსია კორონელმა აცნობა:

[ანა ლუსია კორონელის ხმა] „იმიტომ რომ საქართველოში ფონდი აღარ ახორციელებს პროგრამას. აქაური ოფისის შემცირების მიზეზიც ეს არის. ამასთანავე, საქართველოში გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რითაც მაკროეკონომიკური სტაბილურობა დამყარდა ქვეყანაში. ის, რომ ოფისი მცირდება, არ ნიშნავს, რომ ფონდსა და საქართველოს შორის ურთიერთობა წყდება. ჩვენ კვლავ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ასე რომ, ბევრი არაფერი იცვლება ჩვენს ურთიერთობაში.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2 თანამშრომლიანი ოფისი მიმდინარე წლიდან მხოლოდ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს. გასული წლის ბოლომდე სავალუტო ფონდი საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამას ახორციელებდა და მთავრობას, ექსპერტულ კონსულტაციებთან ერთად, ფინანსებითაც ეხმარებოდა. სავალუტო ფონდის ტრანშებად ცნობილი დახმარება, ძირითადად, ეროვნული ბანკის რეზერვებში გროვდებოდა მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების თავიდან ასაცილებლად. ეს პროგრამა 2004 წელს დაიწყო და საქართველომ სულ 140 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო. შარშან ეროვნული ბანკის რეზერვებმა ერთ მილიარდს გადააჭარბა, ამიტომ ფინანსურმა დახმარებამ მნიშვნელობა თანდათან დაკარგა.

სხვაგვარად ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეკვეცა საქართველოში სავალუტო ფონდთან თანამშრომლობისთვის საჭირო გარემოს არარსებობამ განაპირობა:

[გია ხუხაშვილის ხმა] „ჩვენ უფრო ნელ-ნელა მივდივართ ნომენკლატურული სისტემისკენ, სადაც ხელისუფლება გვევლინება კერძო მეწარმის დირექტორად, პოლიტიკური რისკები არის ძალიან მაღალი. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის საქმიანობა, რომელიც დასავლური ვექტორისკენაა მიმართული,ამ სიტუაციაში ნაკლებ ეფექტს იძლევა.”

თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში მუშაობა 1995 წელს გაცილებით არასტაბილურ ვითარებაში დაიწყო. გია ხუხაშვილისგან განსხვავებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისის შემცირების სხვა მიზეზებზე საუბრობს ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, ნიკო მჭედლიშვილი:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] „უკვე კარგა ხანია სავალუტო ფონდი აქ პროგრამას აღარ ახორციელებს, იმიტომ რომ ამის საჭიროება აღარ აქვს მთავრობას. ამის გამო სავალუტო ფონდმა გადაწყვიტა, რახან პროგრამას არ ახორციელებენ, ამდენი შტატი არ სჭირდებათ ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, იქნება აქ წარმომადგენელი მონიტორინგისთვის.“(სტილი დაცულია)

2007 წლის მიწურულს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ფინანსური დახმარების პროგრამების დასრულების მთავარ მიზეზად ქვეყნის შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის ტემპი და გატარებული რეფორმები დაასახელა.

XS
SM
MD
LG