Accessibility links

logo-print

გენერალი ზაზა გოგავა: "ერაყში ქართულ საქმეს ვაკეთებთ." ინტერვიუ გაერთიანებული შტაბის უფროსთან


ერაყში ყოფნისას, რადიო "თავისუფლების" სპეციალური კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე ესაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ ზაზა გოგავას.

რადიო "თავისუფლება": ბატონო ზაზა, ვასიტის პროვინციაში, “დელტას” ბაზაზე, 2007 წლის ივლისიდან 2000-კაციანი ქართული დანაყოფი იმყოფება. თქვენ, როგორც ქვეყნის პირველი სამხედრო პირი, რას იტყვით, სამხედრო თვალსაზრისით რას აძლევს ეს მისია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას?

ზაზა გოგავა: შეიარაღებულ ძალებს, რომელიც მხოლოდ პოლიგონზე, ქარალდის სამიზნეებთან ვარჯიშობს, - განვითარების პერსპექტივა ვერ ექნება მაღალი. შეიარაღებულ ძალებს აუცილებლად უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს რომელიმე რეალურ “სამხედრო თეატრში”, როგორიც არის საუკუნის სამხედრო ოპერაცია ერაყსა და ავღანეთში, - ეს არის სკოლა უდიდესი გამოცდილებისა, რომელიც მომდევნო წლებში აისახება საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე. რა თქმა უნდა, მოქალქეებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვა, თუ რა საჭიროა ამ უცხო ქვეყანაში ქართველი ჯარისკაცების ყოფნა. მოგეხსენებათ, გვქონდა შემთხვევები, რომლებიც დამთავრდა ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვით. მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ აქ უცხო ტომის საქმეს არ ვაკეთებთ. ერაყში ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენი სახელმწიფო და საქართველოს საზოგადოების 77 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ასეთი ოპერაციები სწორედ ის საფეხურია, რომლის გავლაც ჩვენ მომავალში მოგვიწევს. კოლექტიური უსაფრთხოება სწორედ ამას ნიშნავს. ქვეყანას, რომელსაც თავად აქვს ტერიტორიული პრობლემა, უკვე მეხუთე წელია შეაქვს ღირსეული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში. ამიტომ ერაყში ქართული სამშვიდობო მისია როგორც ქვეყნის მომავლისთვის, ისე შეიარაღებული ძალებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი ფუნქციაა.

რადიო "თავისუფლება": ბაღდადიდან მოშორებით, ბაზა “ქლეარზე”, თქვენ შეხვდით “შავნაბადას”ბატალიონს, რომელმაც ერაყში მაის-ივნისში სამი ჯარისკაცი დაკარგა. დაღუპულთა სურათები კიდია მთავარი შტაბის შესასვლელთანაც და იმ ფიცრული ეკლესიის კედელზეც, რომელიც აქ, ერაყში, ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი ხელით ააშენეს. რას გრძნობდით, როცა ეკლესიის წინ იდექით და დაღუპული ქართველი მებრძოლების სურათებს უყურებდით?

ზაზა გოგავა: ბაზა “ქლეარზე” საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საუკეთესო დანაყოფია და მას მაღალი დონის ოპერაციებში მოუხდა მონაწილეობა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, რომლებსაც ქართველი მებრძოლები ტოლს არაფერში უდებენ. რაც შეეხება ფიცრულ ეკლესიას, არ არსებობს ქართველი მართლმადიდებელი, რომელიც არ აღენთოს მოწიწებით, როდესაც დგას სალოცავის წინაშე - თანაც, სამშობლოდან მოშორებით, შორეული ერაყის მიწაზე, სადაც მუსულმანური სამყაროა და ომი მიმდინარეობს. გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სურათები კი არა მხოლოდ ამ ეკლესიის კედელზე კიდია, არამედ მათი სურათები ჩემი კაბინეტის კედლებზეც იკავებს საპატიო ადგილს სხვა სურათებთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს დიდი ტკივილია და თანავუგრძნობ მათ ოჯახებს, ყველა ახლობელსა და ყველა მათ თანამებრძოლს. მაგრამ როდესაც ერაყში დაღუპული ჩვენი მებრძოლების სურათებთან ვიდექი, მე, ტკივილის გარდა, სიამაყის განცდაც მქონდა მათი გმირული შემართების გამო. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაშინ ეუფლება ადამიანს, როდესაც მის გადაწყვეტილებას ასეთი შედეგი მოსდევს. და არ არსებობს მეთაური, თუ ის ნამდვილი მეთაურია, რომელსაც ეს საფიქრალი სიცოცხლის ბოლომდე არ გაჰყვება.

რადიო "თავისუფლება": თქვენ პირველი სამხედრო პირი ხართ საქართველოში და ყველაზე უკეთესად იცით, თუ რას წარმოადგენს ქვეყნის სამხედრო ძალა. თუ საიდუმლო არ არის, როგორია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მისი პერსპექტივის გათვალისწინებით?

ზაზა გოგავა: არ მინდა, რომ ბრწყინვალე დავით აღმაშენებლის პერიოდს შევადარო, მაგრამ საქართველო, სამხედრო თვალსაზრისით დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ყველა შეფასებით, საქართველოს არმია აღმავლობის გზაზეა. რა თქმა უნდა, არის უფრო განვითარებული სახეობები შეიარაღებულ ძალებში. არავითარი საიდუმლო არ არის, რომ ქვეითი საჯარისო ნაწილების მომზადების დონემ გაუსწრო ავიაციას და საზღვაო ძალებს. ეს, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ავიაციას და ფლოტს არ ექცევა ყურადღება. მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რა ძვირი ჯდება საავიაციო და საზღვაო ხომალდები, ადრე ქვეყანას არ ჰქონდა ეკონომიკური შესაძლებლობა სათანადოდ განევითარებინა ეს სახეობები. ბიუჯეტის გაზრდის კვალობაზე, ჩვენ წლის ბოლოს და მომავალ წელს პრიორიტეტებში შევიტანეთ სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარება. და დავუბრუნდები მთავარ შეკითხვას. რა თქმა უნდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების დონე არ არის ისეთი, მე რომ მინდა და ჩვენს მეთაურებს რომ უნდათ. თანაც, მე არ მინდა ვიყო მეთაური, რომელიც მიღწეულით იქნება კმაყოფილი და გაჩერდება. შესაბამისად, ჩემი გადმოსახედიდან ყოველთვის იქნება გარკვეული დაუკმაყოფილებლობა, რათა არ დავკარგოთ პროგრესი და არ დავკარგოთ აღმავლობა.

რადიო "თავისუფლება": თქვენ ბიუჯეტი ახსენეთ. თუმცა არა მხოლოდ სამხედრო ხარჯები იზრდება, არამედ არმიის რაოდენობაც. რამ განაპირობა სამხედრო ძალების რიცხოვნების გაზრდა კიდევ 5 ათასი ჯარისკაცით?

ზაზა გოგავა: ეს ზუსტად იმ სახეობების გაძლიერების სურვილით არის განპირობებული, რაზეც ზემოთ გითხარით. პირადი შემადგენლობის გაზრდილი რაოდენობით, ძირითადად, დაკომპლექტდება სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები. დღეს, მოგეხსენებათ, არის იმის პერსპექტივა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ ფლოტისთვის თანამედროვე ხომალდები შეიძინოს. ეს კი მოითხოვს ახალი კონტინგენტის დაკომპლექტებას და გაწვრთნას. ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც სუპერ-საზღვაო ძალების შექმნას, მაგრამ საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მის წინაშე მდგარი გამოწვევევის გათვალისწინებით, უნდა ჰქონდეს შესაბამისი საზღვაო ძალები. იგივე შეიძლება ითქვას, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალებზე, სადაც ასევე იგეგმება ახალი საბრძოლო კომპლექსების შესყიდვა. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ახალი იარაღი ძვირია, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს ერთი რამ: ჯერ იარაღის უცხოურ ბაზრებზე ყველაფერი არ არის ღიად ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, როცა გვეძლევა შესაძლებლობა, ვცდილობთ შევიძინოთ ახალი სისტემები, რათა ორჯერ არ მოგვიწიოს ერთი და იმავე ტექნიკის შესყიდვა. თუმცა, არმიის რიცხოვნებისა და სამხედრო ტექნიკის ზრდასთან ერთად, ჩვენ ვზრუნავთ, რომ გაიზარდოს სამხედროების მოტივაცია და გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა.

რადიო "თავისუფლება": ნება მიბოძეთ, ჩაგეკითხოთ: რამდენად ადეკვატურია შრომის ანაზღაურება იმ საფრთხესა და ფიზიკურ დატვირთვასთან მიმართებით, რასაც ქართველი სამხედროები ერაყში უძლებენ? ერაყში გავიგე, რომ ქართველ მშვიდობისდამცველებს ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონიათ მრავალეროვნულ კოალიციაში.

ზაზა გოგავა: მე რომ კაცმა მკითხოს, “ცხელ წერტილში” მყოფი ჯარისკაცის დახარჯული შრომისა და ჯაფისთვის ყოველგვარი ანაზღაურება ცოტაა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად, ჩვენ ამ ეტაპზე მეტი საშუალება არა გვაქვს. თანაც, როცა სოციალურ მდგომარეობაზე ვლაპარაკობთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ხელფასი. სამხედროების შრომის ანაზღაურებას უკვე ემატება აუცილებელი სამედიცინო დაზღვევა; პრეზიდენტის საგანგებო სახელმწიფო აქტით, მათთვის თბილისში, აეროპორტის გზაზე, ბიუჯეტის ხარჯზე შენდება კეთილმოწყობილი ბინები. და ყველაფერი ეს ხელფასში რომ გადავითვალოთ, გამოვა გაცილებით უფრო დიდი ციფრი, ვიდრე 600 დოლარია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG