Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში აზიურ ტურნეს განაგრძობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოთხშაბათს სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე კვლავ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს დაპირება

და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას ბირთვული პროგრამის შესაწყვეტად. მან ჩინეთს მიმართა რჩევით, რომ ნუ აშინებს რელიგიური თავისუფლებები. სამხრეთ კორეიდან ბუში ტაილანდში მიემგზავრება, შემდეგ კი პეკინში დაესწრება ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას.

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და მისმა სამხრეთკორეელმა კოლეგამ, ლი მიუნ ბაკმა სეულში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ორივემ განაცხადა, რომ დროა, ჩრდილოეთი კორეა დათანხმდეს უფრო ძლიერი კონტროლის მექანიზმზე, რათა დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მართლაც ასრულებს პირობას ბირთვული პროგრამის შეწყვეტის თაობაზე.

ბუშმა დადებითი ნაბიჯი უწოდა ჩრდილოეთ კორეის მიერ ივნისში იონგბიონში წყლის გამაგრილებელი კოშკის აფეთქებას. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა ვაჭრობის სფეროში ზოგიერთი სანქცია მოუხსნა ფხენიანს. შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა ვაშინგტონის მიერ ჩრდილოეთ კორეის ამოღება ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნების სიიდან.

ბუშმა გაიმეორა, რომ ეს შეიძლება მოხდეს უკვე 12 აგვისტოსთვის, მაგრამ, მისი თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა ფხენიანი კონტროლის კალენდარს. ამ თემაზე ჩრდილოეთ კორეასთან გრძელდება მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ სამხრეთი კორეა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია და შეერთებული შტატები.

ბუშმა თქვა, რომ ვერ იწინასწარმეტყველებს, რას მოიმოქმედებს ფხენიანი, მაგრამ აღნიშნა, რომ საბოლოოდ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის გადასაწყვეტია, სურს თუ არა დაუქვემდებაროს თავისი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "თუ ჩრდილოეთი კორეა აღარ იქნება ტერორიზმის ხელშემწყობთა სიაში, მინდა შეგახსენოთ, რომ ის მაინც დარჩება ქვეყნად, რომლის წინააღმდეგაც მსოფლიოში ყველაზე მეტი სანქცია მოქმედებს. კვლავაც რჩება ფუნდამენტური შეკითხვა: სურთ თუ არა მათ, გააგრძელონ წინსვლა და შეიცვალონ სტატუსი? სურთ თუ არა იზოლაციიდან გამოსვლა? სურთ თუ არა მსოფლიო თანამეგობრობის წევრობა? სურთ თუ არა, მშვიდობიან ქვეყნად მიიჩნეოდნენ?"

ბუშმა, რომელმაც 2002 წელს შექმნა ტერმინი "ბოროტების ღერძი", რომელშიც მოიაზრებიან ტერორიზმის ხელშემწყობი და მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვების მსურველი ქვეყნები, იმედი გამოთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ტერმინი წარსულს ჩაბარდება.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "იმედი მაქვს 'ბოროტების ღერძის' სია აღარ იარსებებს. ეს არის ჩემი იმედი მშვიდობისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის."

პარასკევს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთში ჩავა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე დასასწრებად. მაგრამ მან თქვა, რომ არ სჭირდება ამ მოვლენის გამოყენება საიმისოდ, რომ ადამიანის უფლებებზე თავისი შეხედულებები გამოხატოს. ბუშის სიტყვებით, ის მთელი თავისი საპრეზიდენტო ვადის მანძილზე ანიჭებდა ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას.

კორეაში განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცებთან შეხვედრის შემდეგ ბუში ტურნეს გააგრძელებს ტაილანში, სადაც, როგორც ნავარაუდევია, განცხადებას გააკეთებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მეზობელ ბირმაში.
XS
SM
MD
LG