Accessibility links

logo-print

ვლადიმირ სოკორი: საქართველოს მეზობლად "განგსტერული სახელმწიფო" ჰყავს. ინტერვიუ ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკოსთან


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები, ბუნებრივია, დასავლელი ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

გთავაზობთ ინტერვიუს ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკოსთან, საქართველოში კარგად ცნობილ ამერიკელ ექსპერტთან, ვლადიმირ სოკორთან. მას სალომე ასათიანი დაუკავშირდა, და თავდაპირველად ვითარების ზოგადი შეფასება სთხოვა.

ვლადიმირ სოკორი: რუსეთმა საქართველოს მთავრობა მეტად მძიმე არჩევნის წინაშე დააყენა: ან განდევნილი ყოფილიყო სამხრეთ ოსეთიდან, დაეკარგა ქართული სოფლები, ან ეპასუხა რუსეთის აგრესიისთვის. გუშინ, საღამოს შვიდი საათისთვის, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და საქართველოს მთავრობამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიიღეს. პრეზიდენტმა გასცა განკარგულება ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, გაიმეორა წინადადება ოსეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭების შესახებ, გამოთქვა მოწოდება მოლაპარაკებისკენ "ნებისმიერი ფორმატით" და გამოაცხადა ამნისტია ყველა ოსი მებრძოლისთვის. სამი საათის შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული შეიქნა, შეეცვალა ეს გეგმა, რადგან პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ გასულ საათებში მოწინააღმდეგის ძალებმა, რომელთა შორის, შესაძლოა, რუსებიც და სხვებიც იყვნენ, გააძლიერეს თავდასხმები ქართულ სოფლებსა და ქართულ პოზიციებზე. ამასობაში, იარაღმა და ე.წ.-მა "მოხალისეებმა" რუსების კონტროლქვეშ მყოფი როკის გვირაბით იწყეს სამხრეთ ოსეთში შედინება. ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობას ან უმოქმედოდ უნდა ეცქირა, როგორ მიმდინარეობს კიდევ მეტი ქართული სოფლის ოკუპაცია, ადგილობრივი მოსახლეობისა და სანაკოევის ადმინისტრაციის განდევნა ან თავდაცვითი ზომები გაეტარებინა. საქართველოს მხარე გაატარა ეს თავდაცვითი ზომები. ვფიქრობ, თავდაცვის უნარი რომ არ გამოეჩინა, თბილისს ძალიან მაღალი საფასურის გადახდა მოუწევდა.

რადიო "თავისუფლება": რას იტყოდით სხვა ვარაუდზე - რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები პროვოკაცია იყო, რომელსაც თბილისი წამოეგო და სამხედრო ოპერაციაში აღმოჩნდა ჩათრეული?

ვლადიმირ სოკორი: უნდა გვახსოვდეს, რა არჩევნის წინაშე დააყენა რუსეთმა საქართველო - საქართველოს სახელმწიფო და არა საქართველოს მთავრობა. რუსეთმა იცის, რომ საქართველოს მთავრობა - როგორც არჩეული მთავრობა - ანგარიშვალდებულია საზოგადოებრივი აზრის წინაშე. განა საზოგადოებრივი აზრი მოიწონებდა სამხრეთ ოსეთიდან უკან დახევას? სოფლების დაკარგვას? დევნილთა ახალი ტალღის გაჩენას? ან, იქნებ, ეთნიკურ წმენდასაც კი?

რადიო "თავისუფლება": რას იტყოდით საერთაშორისო თანამეგობრობაზე - როგორი იქნება მისი როლი

ვლადიმირ სოკორი: როგორც ყოძელთვის, საერთაშორისო თანამეგობრობა პასიური და დაბნეულია. ცხადია, რომ რუსეთმა სავსებით გამიზნულად მოახდინა ვითარების ესკალაცია აგვისტოში - როცა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და - ყველაფერთან ერთად - დასავლეთის ყურადღება ოლიმპიური თამაშებისკენ არის მიმართული.

რადიო "თავისუფლება": რეალისტურად რომ ვილაპარაკოთ, თქვენი აზრით, რამდენად დიდ მხარდაჭერას უნდა ელოდეს საქართველო დასავლეთისგან, და პირველ რიგში შეერთებული შტატებისგან?

ვლადიმირ სოკორი: რუსებმა ესეც გათვალეს. კერძოდ ის, რომ შეერთებულ შტატებს საერთაშორისო სარბიელზე არაერთ საკითხში უწევს თავის მართლება. ამერიკის პრესტიჟი ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. პრეზიდენტ ბუშს მრავალი თვალსაზრისით სახელი აქვს გატეხილი, განსაკუთრებით ევროპაში. ვაშინგტონს სირთულეები აქვს ერაყსა და ავღანეთში და - ყოველივე ამასთან ერთად - ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია. მოკლედ, რუსებისთვის სამოქმედოდ იდეალური მომენტი იყო.

რადიო "თავისუფლება": ვითარების ამგვარად აღწერით საქართველოსთვის მეტად პესიმისტურ პროგნოზს სახავთ”

ვლადიმირ სოკორი: დიახ, რა თქმა უნდა! რადგან ჩვენ საქმე გვაქვს განგსტერულ ქვეყანასთან. რუსეთი განგსტერული ქვეყანაა.

რადიო "თავისუფლება": მაინც რომ დაგვიკონკრეტოთ, თუ შეიძლება - თქვენ თვლით, რომ შექმნილ სიტუაციაში საქართველოს პერსპექტივა არც თუ ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება?

ვლადიმირ სოკორი: მთლად ასე არ ვიტყოდი. რადგან ჯერ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იქნებ აქამდეც უნდა გვეხსენებინა. ეს არის პერსპექტივა, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს. რუსეთმა მშვენივრად გაიგო, რომ ზოგი ქვეყნის მთავრობები (განსაკუთრებით გერმანიისა) ან ამ მთავრობების ცალკეული ელემენტები მხარს არ უჭერენ ნატოში საქართველოს მიღებას სწორედ მოუგვარებელი კონფლიქტების გამო. შესაბამისად, ერთადერთი რის გაკეთებაც რუსეთს სჭირდება, იმის დამტკიცებაა, რომ კონფლიქტები დიახაც მოუგვარებელია და მეტიც - ესკალაციის გზას ადგას. ამდენად, ვიმეორებ, საქართველოს მეზობლად ჰყავს განგსტერული ქვეყანა.

რადიო "თავისუფლება": და მაინც, თქვენ არ დაგიკონკრეტებიათ ოპტიმისტური პროგნოზი საქართველოსთვის - იქნებ ვისაუბროთ მოვლენების განვითარების საქართველოსთვის სასიკეთო სცენარებზეც.

ვლადიმირ სოკორი: ეს მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის გარშემო გამაგრება მოახერხეს. აუცილებელია, რომ ქართველი ჯარისკაცები უაღრესად თავაზიანად, ფრთხილად და ფაქიზად მოეკიდონ ადგილობრივ მოსახლეებს. თუ მოხერხდა პოზიციების შენარჩუნება და ვითარების მეტნაკლებად განმუხტვა, თბილისს შეეძლება, რუსეთს გაცილებით უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან ელაპარაკოს, ვიდრე აქამდე ხდებოდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG