Accessibility links

logo-print

რა დოკუმენტზე მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტმა?


16 აგვისტოს, მთელი დღის მანძილზე, შეუძლებელი გახდა იმის დაზუსტება, ნიშნავს თუ არა დმიტრი მედვედევის მიერ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა,


რაც მისმა პრეს-სამსახურმა დაადასტურა, შეთანხმებას. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მედვედევმა ხელი მოაწერა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგების 6 პუნქტიან გეგმას. ” 14 აგვისტოს კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ ამ გეგმას ხელი მოაწერეს ედუარდ კოკოითიმ და სერგეი ბაღაფშმა. 15 აგვისტოს გამოცხადდა, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა”, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ცნობაში... ამ ცნობაში მედვედევის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე საუბრისას ნახსენებიც არ არის საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც არის შუამავალი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში. 15 აგვისტოს დიახაც გამოცხადდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი დოკუმენტს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ დოკუმენტს, რომელზეც არსებობდა და არსებობს ნიკოლა სარკოზის ხელმოწერა. რას მოაწერა ხელი მედვედევმა?


დავიწყოთ იმით, თუ რა დოკუმენტს მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 აგვისტოს თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან 4 საათ-ნახევრიანი მოლაპარაკების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ეს არის დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 6 პუნქტიანი დოკუმენტი, რომელსაც კონფლიქტის მხარეებს შორის მედიატორის, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, ხელმოწერა ახლავს. მას შემდეგ, რაც თბილისში დოკუმენტი ხელმოწერილ იქნა, ითქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტზე რუსეთის პრეზიდენტს ხელი უახლოეს პერიოდში, უახლოეს საათებში უნდა მოეწერა..
16 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ ასეც მოხდა. მედვედევის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთში ხელმოწერილ იქნა დოკუმენტი, ოღონდ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის მოწესრიგების 6 პუნქტიანი გეგმა.. ”ეს არის ტყუილი. დოკუმენტი, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა ხელი, არის რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი”, - თქვა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ..
ცოტა მოგვიანებით მოსკოვიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განმარტა:

[სერგეი ლავროვის ხმა] ” ჩვენ თავსატეხი გაგვიჩინა იმ ფაქტმა, რომ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილმა, განსხვავდება დოკუმენტისგან, რომლის ტექსტიც იყო შეთანხმებული დმიტრი მედვედევსა და ნიკოლა სარკოზის შორის. მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გამოტოვებულია შესავალი ნაწილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვემოთ მოყვანილ პრინციპებს მხარს
უჭერს რუსეთი და საფრანგეთი და მოუწოდებენ მხარეებს ხელი მოაწერონ ამ პრინციპებს.ეს დოკუმენტის განუყოფელი ნაწილია . სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრეზიდენტებმა - და დღეს უკვე რუსეთის პრეზიდენტმა - ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, რომელიც მოსკოვში იყო შეთანხმებული და არა დოკუმენტის შემცირებულ ან რედაქტირებულ ვერსიას. ”

ლავროვის ეს განმარტება მსმენელს თავისთავად გაახსენებდა ორიოდე დღის წინ თბილისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მეთიუ ბრაიზას ნათქვამს: ” ჩემი უფროსი დღეს საფრანგეთშია და პრეზიდენტ სარკოზის ხვდება, რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი კი - კოკოითის. საინტერესო მსოფლიოში ვცხოვრობთ და უნდა გავარკვიოთ, ვინ არის მსოფლიოს ლიდერი.”

ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს პირველი პირები, სახელმწიფოსი, რომელსაც მთელი დემოკრატიული მსოფლიო მოუწოდებს შეწყვიტოს ბარბაროსული თავდასხმა სუვერენულ საქართველოზე, 16 აგვისტოს გასაგებად ვერ განმარტავდნენ, მოსკოვში მედვედევის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს თუ არა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, იმ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის თითქოს მიღწეულ იქნა საფრანგეთისა და მისი პრეზიდენტის მედიატორობით... ლავროვის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი განსხვავდება მედვედევის ხელმოწერილისგან (მასში გამოტოვებულია შესავალი, გნებავთ - დანართი), რომელსაც კოკოითი და ბაღაფშიც აწერენ ხელს, თბილისში ასეთი განმარტება მოჰყვა (ის ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა):

[დავით ბაქრაძის ხმა] ”ვერანაირი დანართი ვერ ამოტივტივდება. განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტისგან, საფრანგეთის პრეზიდენტი არასდროს მოაწერს ხელს იმ დოკუმენტს, სადაც იქნება კოკოითის და ბაღაფშის ხელმოწერა. ამის შესახებ მკაფიოდ განგვიცხადეს ფრანგებმა,პრეზიდენტმა სარკოზიმაც. ამიტომ შედგა ასეთი ფორმატი. არსებობს 2 დოკუმენტი: საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ხელმოწერით და საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ხელმოწერით. მხარეები არიან საქართველო და რუსეთი და შუამავალი არის საფრანგეთი. სწორედ ამიტომ არის ასეთი ფორმატი და რუსეთის მცდელობა, თითქოს ის ისეთივე შუამავალია, როგორც საფრანგეთი, არის პრიმიტიული მცდელობა. ” (სტილი დაცულია)

კიდევ ერთი დეტალი: მედვედევის პრეს-მდივანმა განმარტა, რომ ხელმოწერილია დოკუმენტი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით... მედვედევის ოფიციალური ვებგვერდის განმარტებით, ეს ის დოკუმენტია, რომელსაც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთან ერთად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტიც აწერს ხელს... რა შუაშია საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფქლიტის მოწესრიგების დოკუმენტზე ბაღაფშის ხელმოწერა, ეს დეტალი მოსკოვში არ განუმარტავთ..

არსებობს 2 ასლი პრეზიდენტ სარკოზის მიერ მოსკოვსა და თბილისთან მიღწეული შეთანხმებისა.. ერთზეა სარკოზის და სააკაშვილის ხელმოწერა, მეორეზე უნდა იყოს მედვედევისა და სარკოზის ხელმოწერა... არის თუ არა ეს ასე, დაუზუსტებელია. კრემლი ჯერჯერობით მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მოსკოვისთვის მისაღები ის დოკუმენტია, რომელსაც კოკოითი და ბაღაფშიც აწერენ ხელს, პირები, რომლებზეც საქართველოში მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილის განმარტებით, იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს კაცობრიობის წინაშე.



XS
SM
MD
LG