Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და პოლონეთმა ანტისარაკეტო სისტემის თაობაზე გარიგებას მოაწერეს ხელი


პოლონეთის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო ფარის ნაწილების - გადამტაცი რაკეტების - განთავსების შესახებ შეთანხმებას დღეს ვარშავაში ხელი მოაწერეს პოლონეთის საგარეო საქმეთა

მინისტრმა რადეკ შიკორსკიმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. რუსეთი ამ გარიგებას საკუთარი უშიშროების საფრთხედ მიიჩნევს. პრეზიდენტმა მედვედევმა საპასუხო ზომების მიღებაზე გააკეთა განცხადება, თუმცა კონკრეტულად არ უთქვამს, რას დაუპირისპირებს ამ ფარს მოსკოვი. რუსეთის არმიის ერთ-ერთმა მაღალი რანგის გენერალმა ამას წინათ თქვა, რომ ვაშინგტონთან ეს შეთანხმება, პოლონეთს, მოსკოვთან კონფლიქტის შემთხვევაში, სამიზნედ გადააქცევს.
კრემლის კრიტიკა ამგვარი სისტემის მიმართ, რომლის ნაწილი, გადამცატი რაკეტები, პოლონეთში და მეორე კომპონენტი, რადარი კი, ჩეხეთის რესპუბლიკაში უნდა განთავსდეს, დიდი ხანია ისმის. ოთხშაბათს პოლონეთმა და აშშ-მა კიდეთ ერთხელ გაიმორეს, რომ აშშ-ის თავდაცვითი ფარი არ არის მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული.

(რაისის ხმა)
“ ეს არის შეთანხმება, რომელიც, რა თქმა უნდა, გულისხმობს ანტისარაკეტო ობიექტის აქ, პოლონეთში, განთავსებას - ანტისარაკეტო ობიექტისა, რომელიც დახმარებას გაგვიწევს 21-ე საუკუნის ახალი საფრთხის, ირანისა თუ ჩრდილო კორეისგან მომავალი შორი მოქმედების რაკეტების საფრთხის მოგერიებაში.”

მას მერე, რაც აშშ-ისგან მომავალი ეს ინიციატივა გამოცხადდა, რასაც უმალ მოჰყვა რუსეთის რეაქცია, ვარშავასა დ ვაშინგტონს შორის ამ თემაზე მოლაპარაკება არ შეწყვეტილა. ახლა პოლონეთმა უცბად გადაწყვიტა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რაც, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, არ იყო შემთხვევითი, საქართველოს გამო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირების ფონზე.
გარიგება პოლონეთისთვის კიდევ მეტს ნიშნავს: ნატოს შედარებით ახალი წევრი მტკიცედ იკიდებს ფეხს დასავლეთის წრეში.
პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაშინსკიმ 19 აგვიტოს პოლონელებს მიმართა და ჩანდა, რომ ის მოსკოვის გასაგონად ლაპარაკობდა:

(კაშინსკის ხმა)
“პოლონეთმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.მას აქვს უფლება გააკეთოს ეს, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, რომელიც საკუთარ საქმეებს თვითონ განაგებს. ვერავინ უკარნახებს პოლონეთს, როგორ იმოქმედოს. ეს დრო წავიდა და ჩვენმა ყველა მეზობელმა უნდა შეძლოს თვალი გაუსწოროს სინამდვილეს, რომ ჩვენი სამშობლო არ დაექვემდებარება სხვას და მას ვერავინ დააშინებს. პოლონეთში ამ ფარის განთავსება არა მხოლოდ პოლონეთის პოზიციის განმტკიცებას ნიშნავს მსოფლიოში, ეს ადასტურებს ამ ქვეყნის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს. ეს ასევე აშკარად ამტკიცებს მსოფლიოს ისეთ მძლავრ სახელმწიფოსთან კავშირის გაძლიერებას, როგორიც აშშ-ია.”

აშშ 2011-დან 2013 წლამდე პოლონეთში განათავსებს 10 გადამტაც რაკეტას. ეს რაკეტები დაუკავშირდება ჩეხეთში იმავე პერიოდისთვის დაგეგმილ რადარს. პოლონეთი, შეთანხმებაზე დასტურის სამაგიეროდ, აშშ-ისგან მიიღებს სამხედრო დახმარებას, სხვათა შორს, “პეტრიოტის” ტიპის საზენიტო 96 რაკეტას. მათი მართვა თავიდან ამერიკის არმიის ხელში იქნება.
ანტისარაკეტო ფარის ნაწილის პოლონეთში განთავსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი ქვეყნის თანამშრომლობა აშშ-თან უსაფრთხოების სფეროში კიდევ განვითარდება. კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ეს გარიგება ადასტურებს, რომ პოლონეთი მტკიცე მოკავშირეა.
შეთანხმება ახლა პოლონეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG