Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდით რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას


აგვისტოში ხელმოწერილი საზავო შეთანხმება რუსეთს ავალდებულებს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი ჯარი 7 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობაში დააბრუნოს,

მაგრამ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს. ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა ითხოვს საქართველოსთან კონფლიქტის განხილვისას დასავლეთმა გაითვალისწინოს შექმნილი ახალი რეალობა, კერძოდ ის, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.. დასავლეთი რუსეთის ამ მოთხოვნის გათვალისწინებაზე ცივ უარს ამბობს, მაგრამ თავად რუსეთი ისე მოქმედებს, როგორც ამას თავის მიერვე შექმნილი ახალი რეალობა უკარნახებს.. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა იზრდება.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც დმიტრი მედვედევი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის და ევროკავშირის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეჰპირდა, რომ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეალიზაციასთან ერთად, დამატებით ღონისძიებებს განახორციელებდა. დამატებით ღონისძიებებად განისაზღვრა რუსეთის ჯარების გაყვანა სენაკისა და ფოთის ხაზიდან, ამასთანავე, გორის რაიონის სოფლებიდან. მაგრამ დამატებითი ღონისძიებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარეობს. საბაზისო სწორედ ეს შეთანხმებაა. ის კი, როგორც უკვე ვთქვით, რუსეთს ავალდებულებს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი ჯარის უკან დახევას 7 აგვისტომდე არსებული სტატუს კვოს მდგომარეობაში... 7 აგვისტომდე კი აფხაზეთში მოქმედ რუსეთის ჯარს სამშვიდობო ჯარი ერქვა, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში მდგარ ჯარს..

დღეს რუსეთის ჯარს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში საოკუპაციო ჯარი ჰქვია. არ არსებობს ამ ჯარის იქ ყოფნის არავითარი სამართლებრივი მექანიზმი, მაგრამ მიღებულია გადაწყვეტილება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 3800 ჯარისკაცის განლაგების თაობაზე. რუსეთს 3800 ჯარისკაცი ეყოლება აფხაზეთში, ზუსტად ამდენივე - სამხრეთ ოსეთში.

არსებული მონაცემებით, - ამ მონაცემებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე დისლოცირებულია 10 000-ზე მეტი რუსეთის ჯარისკაცი.. საომარი მოქმედების დაწყებამდე რუსეთის ფედერაციას საქართველოს ამ რეგიონებში არ უნდა ჰყოლოდა საჯარისო ნაწილები. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ 500 კაციანი სამშვიდობო ბატალიონი, პლუს 300 კაციანი რეზერვი, ხოლო აფხაზეთში - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო შენაერთი, მაქსიმუმ, 2500-3000 კაცის შემადგენლობით.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა იქნება საქართველოსა და მასთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობის მეორე რიგის რთული ამოცანა, მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები დატოვებენ ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებს, - თქვა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ:

[ გიგა ბოკერიას ხმა } ” პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, როცა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს დატოვებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარები, შემდეგი რიგის ამოცანა იქნება მათი გაყვანა ამ კონფლიქტური რეგიონებიდანაც. ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მაგრამ საქართველოს გვერდით იქნება მთელი ცივილიზებული სამყარო და, რაღა თქმა უნდა, ევროკავშირი. ”

მოსკოვის გადაწყვეტილება, გაზარდოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედროების რიცხვი, მკაცრად გააკრიტიკა ოფიციალურმა ვაშინგტონმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ რუსები არ ასრულებენ პირობას, რომლის შესახებაც პრეზიდენტი მედვედევი საუბრობდა...

რუსეთი არ ასრულებს არც სხვა პირობებს, მათ შორის ელემენტარულს, - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მესამე პუნქტს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ...
მთელი ამ ხნის მანძილზე ქართულ-ოსური კონფლიქტის სამხრეთით განლაგებულ ქართულ სოფლებში არ უშვებდნენ ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებს, რომელთა მიზანიც ადგილზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგია, მათ შორის, ჰუმანიტარულ საჭიროებებთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კონფლიქტის დროს მოკლული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, 8 სექტემბრის მონაცემებით, 295 -ს გაუტოლდა. აქედან 186 სამხედროა, 109 სამოქალაქო პირი... ადამიანები იღუპებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების პირობებშიც. უკანასკნელი მსხვერპლი რუსული აგრესიისა ქართველი პოლიციელი კახა ცოტნიაშვილია. ის 10 სექტემბერს დილით გორის რაიონის სოფელ კარალეთის შესასვლელთან ქართული საგუშაგოს მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა იმსხვერპლა.. საქართველოს მხარემ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით ეუთოს და ევროკავშირს, სათანადო შეფასება მისცენ ქართველი პოლიციელის მკვლელობის ფაქტს და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისთვის.
XS
SM
MD
LG