Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარა პეილინი მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება საქართველოს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატოში.

ამ მხარდაჭერაზე სარა პეილინმა ისაუბრა თავის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში მას შემდეგ, რაც ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ორი კვირის წინ დაასახელა ჯონ მაკკეინმა.

[პეილინის ხმა] “უკრაინა ნამდვილად უნდა იყოს ნატოში. დიახ და საქართველოც. პუტინი სხვანაირად ფიქრობს - აშკარად სხვანაირად ფიქრობს”.

სარა პეილინმა სატელევიზიო ინტერვიუში არა მარტო მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოში საქართველოს გაწევრიანებას - ის არ მოიერიდა ეთქვა, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, აშშ მზად უნდა იყოს რუსეთთან საომრად, თუ მისი ჯარები ისევ შეიჭრებიან საქართველოში. “ასეთია შეთანხმება”, - განმარტა პეილინმა ABC News-თან ინტერვიუში, “როცა ნატოელი მოკავშირე ხარ, თუ სხვა წევრზე თავდასხმა განხორციელდა, უნდა მოელოდე, რომ დახმარებას გთხოვენ”.

პეილინი, ამერიკის მასმედიის ცნობით, რამდენიმე დღე ემზადებოდა ამ ინტერვიუსთვის.

[პეილინის ხმა] “ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას პრეზიდენტ სააკაშვილთან. ამ დღეებში მომეცა შესაძლებლობა მასთან მესაუბრა და დავპირებოდი, როგორც ჯონ მაკკეინის პარტნიორი საპრეზიდენტო არჩევნებში, რომ მტკიცე მხარდაჭერას გავუწევთ საქართველოს. და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რუსეთს. ის, რაც რუსეთმა გააკეთა - რომ პროვოკაციის გარეშე შეიჭრა მომცრო დემოკრატიულ ქვეყანაში - მიუღებელია”.

საქართველოს შესახებ სარა პეილინის ამ განცხადებების კონსტექსტში გასათვალისწინებელია, რომ მისი პარტნიორი მოახლოებულ არჩევნებში, (შეიძლება ითქვას, შეფი) პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ მაკკეინი, ასევე ცალსახად გმობს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიას, თუმცა მას ნათქვამი აქვს (დაახლოებით ერთი თვის წინ), რომ არ მიიჩნევს მიზანშეწონილად დაპირისპირებაში ამერიკელი სამხედროების ჩართვას.

სარა პეილინის გუშინდელი სატელევიზიო ინტერვიუს კიდევ ერთი მწვავე საგარეო პოლიტიკური თემა იყო ირანი და პეილინის - ალასკის შტატის გუბერნატორის, 5 შვილის დედის - პოზიცია ამ შემთხვევაშიც უკომპრომისო აღმოჩნდა. მან მთელი მსოფლიოსთვის “უკიდურესად სახიფათო” უწოდა ირანის სავარაუდო ძალისხმევას, შექმნას ატომური იარაღი: [პეილინის ხმა] “უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მასობრივი განადგურების იარაღი, ატომური იარაღი ხელში არ ჩაუვარდეს აჰმადინეჟადს. იმიტომ კი არა, რომ ამ იარაღს თვითონ გამოიყენებს, არამედ იმიტომ, რომ ტერორისტებს მისცემს მათი გამოყენების საშუალებას. ამიტომ ირანზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ”.

როცა პეილინს ტელეინტერვიუს დროს ჰკითხეს, დაუჭერდა თუ არა მხარს ისრაელის გადაწყვეტილებას, ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო იერიშის შესახებ, პეილინმა უყოყმანოდ უპასუხა: [პეილინის ხმა]
“არა მგონია, დაეჭვება გვმართებდეს იმაში, რაც ისრაელმა უნდა გააკეთოს თავისი ხალხის დასაცავად”.

11 სექტემბერს ანუ იმ დღეს, როცა სარა პეილინი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში პირველ სატელევიზიო ინტერვიუს იძლეოდა, პრეზიდენტობის დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატები ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი ერთად იდგნენ ნიუ-იორკში იმ ადგილას, სადაც 2001 წლის ტერაქტებმა მიწასთან გაასწორა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი შენობა. ისინი ერთად მიაგებდნენ პატივს დაღუპულთა ხსოვნას. თუმცა, 11 სექტემბერმა უკვე ჩაიარა და შეერთებულ შტატებში განახლდა პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც კულმინაციას მიაღწევს ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებით.
XS
SM
MD
LG