Accessibility links

logo-print

რუსეთი და ვენესუელა თანამშრომლობას აღრმავებენ


რუსეთი და ვენესუელა შეთანხმდნენ, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროში, აგრეთვე სამხედრო დარგში.

პრეზიდენტები დმიტრი მედვედევმა და უგო ჩავესმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ქალაქ ორენბურგში გამართულ ცერემონიაში, რომელზეც ორი ქვეყნის ენერგოკომპანიებმა მსხვილი ხელშეკრულებები გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ვენესუელის ლიდერი უკვე მეორედ ეწვია რუსეთს.

არც ერთი და არც მეორე მხარე არ მალავს, რომ რუსეთსა და ვენესუელას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები - წმინდა ეკონომიკური ასპექტის გარდა - ძლიერ პოლიტიკურ კომპონენტსაც შეიცავს. ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებით, მათივე ლიდერების ფიქრით, გარკვეულწილად უნდა შესუსტდეს შეერთებული შტატების გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

ამ კვირაში რუსეთმა გამოაცხადა, რომ ვენესუელას გამოუყოფს კრედიტს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც რუსეთისგან იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. და რაკი სამხედრო თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ბარემ აქვე გეტყვით, რომ 2005 წლიდან მოყოლებული ვენესუელასა და რუსეთს შორის ამ სფეროში ხელმოწერილი კონტრაქტების საერთო მოცულობა თითქმის 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს კონტრაქტები მოიცავს ვენესუელისთვის რუსეთის წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ტანკების და სხვა სახის მძიმე ტექნიკის, აგრეთვე კალაშნიკოვის ტიპის 100 ათასი ავტომატის მიწოდებას. მაგრამ ახლა ორი ქვეყნის თანამშრომლობა, როგორც ჩანს, ახალ საფეხურზე ადის.

[ვლადიმირ პუტინის ხმა]: "მზად ვართ განვიხილოთ მშვიდობიანი მიზნებით ატომური ენერგიის გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობა."

ეს რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის გუშინდელი განცხადება გახლავთ; განცხადება, რომელმაც საერთაშორისო სარბიელზე - განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში - შეშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ირანს ხელი ააღებინონ ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე, გაჩნდა საშიშროება, ბირთვულ სახელმწიფოთა რიცხვს კიდევ ერთი ქვეყანა შეემატოს, თანაც ისეთი, რომელსაც დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებთან მეგობრობას ნამდვილად ვერ დასწამებ.

შეგახსენებთ, რომ უგო ჩავესი შეერთებულ შტატებს თავისი ქვეყნის უმთავრეს მტრად მიიჩნევს, ხოლო მის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ერთხელ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან "ეშმაკიც" კი უწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე თვეში ვენესუელამ კარაკასიდან გააძევა ამერიკის ელჩი.

სექტემბრის კიდევ ერთი საგულისხმო მოვლენა იყო კარიბის ზღვაში, ვენესუელის საზღვაო აკვატორიაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გაგზავნა და იქ მანევრების მოწყობა. რაც - ექსპერტთა შეფასებით - პასუხი იყო ბათუმსა და ფოთში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სამხედრო გემების შესვლაზე.

ვენესუელისა და რუსეთის ახლო ურთიერთობას ამ უკანასკნელის პრეზიდენტმა იმითაც გაუსვა ხაზი, რომ სტუმარს შინაურულად მიესალმა: ძვირფასო უგოო, ასე მიმართა.

მედვედევმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ რუსეთ-ვენესუელის ურთიერთობა სწრაფად ვითარდება.

[დმიტრი მედვედევის ხმა]: "ჩვენი ურთიერთობის დინამიკა გვიჩვენებს, რამდენად მყარი საფუძველი აქვს ჩვენს კავშირს, რამდენად სწრაფად და, ძირითადად, წარმატებით ვითარდება კონტაქტები სულ სხვადასხვა დონეზე."

ეს დმიტრი მედვედევი იყო. ხოლო რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მისმა წინამორბედმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა იმ როლზე ისაუბრა, რომელსაც მოსკოვი ვენესუელას და, მთლიანად, ლათინურ ამერიკას ანიჭებს. პრემიერის თქმით, ლათინური ამერიკა მნიშვნელოვანია რგოლია მულტიპოლარული მსოფლიოს იმ ჯაჭვისა, რომელიც ამჟამად იქმნება. რუსეთი სულ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს თავისი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ამ ვექტორსო, დასძინა პუტინმა.
XS
SM
MD
LG