Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისია მუშაობას შეუდგა


საქართველოს პარლამენტში დღეს რუსეთის სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომამ კომისიის დებულება განიხილა და სამუშაო გეგმის დამკტიცება 17 ოქტომბრისთვის გადადო.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომას, დაპირებისამებრ, მედიაც ესწრებოდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საინტერესო შეკითხვებზე პასუხებს საზოგადოება მხოლოდ ჟურნალისტების დახმარებით არ მოისმენს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხდომების საზოგადოებრივი მაუწყებლით ტრანსლირების შესახებ. საზოგადოებისა და კომისიის წევრების ინტერაქტიულობა მიღწეული იქნება სპეციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც.

[ნიკა ლალიაშვილის ხმა]“ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ყველანაირი შეკითხვისათვის. არა მარტო შეკითხვისთვის, არამედ ინფორმაციისთვისაც. თუკი ვინმე იყო უშუალო შეხებაში ამ კონფლიქტთან, კონფლიქტის ზონებთან და ინფორმაცია აქვს რაიმე გადაცდომის შესახებ, რაიმე კანონდარღვევის შესახებ, ვთხოვთ უმორჩილესად, რომ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. ინფორმაციის მომწოდებლის ვინაობა, მისი სურვილის შემთხვევაში, დარჩება აბსოლუტურად ანონიმური. ეს ძალიან გამოგვადგება, რადგან ჩვენ პრაქტიკულად უნდა დავუსვათ ის შეკითხვები თანამდებობის პირებს, რომლებიც აწუხებს ხალხს, ის შეკითხვები, რომლებიც გაჩენილია საზოგადოებაში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ ხალხის ხმა.“(სტილი დაცულია)

გვითხრა ფრაქცია „ძლიერი საქართველო - ქრისტიან– დემოკრატების“ წევრმა ნიკა ლალიაშვილმა, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის მდივნად აირჩიეს. კომისიას ამავე ფრაქციის წევრი, პაატა დავითაია, ხელმძღვანელობს.

[პაატა დავითაიას ხმა]“ეს არის დროებითი საპარლამენტო კომისია, ეს არ არის საგამოძიებო კომისია. აქ გამოყოფა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ ჩვენ შევაფასებთ სამხედრო–პოლიტიკურ–სამართლებრივ ასპექტებს მუშაობის.“ (სტილი დაცულია)

სხდომაზე პაატა დავითაიამ წარმოადგინა პირობითი თანმიმდევრობა იმ თანამდებობის პირებისა, რომელთა მიწვევაც კომისიის სხდომებზე იგეგმება. ესენი, ძირითადად, არიან ის ადამიანები, რომელთაც უწყებრივად ეხებოდათ აგვისტოს მოვლენები. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა მინისტრი და დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, შემდგომ კი - თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. თანამდებობის პირთა ჩამონათვალი კიდევ უფრო განივრცობა, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისას კი სხდომები დაიხურება. როგორც კომისიის წევრები ფიქრობენ, მთავრობის წევრების მისამართით დაისმება, ძირითადად, შეკითხვები იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობდნენ საომარი ესკალაციის შესაძლო საფრთხეებზე, როგორ რეაგირებდნენ ამ ინფორმაციაზე, რა კოორდინაცია არსებობდა ერთმანეთთან და ასე შემდეგ.

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა]“კომისიის მიზანია, გავარკვიოთ არა მარტო როდის დაიწყო და როგორ დაიწყო ომი, არამედ ის, რაც უძღოდა. ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული აზრი. მე რომ მკითხოთ, როდის დაიწყო ომი საქართველოში, ნამდვილად არ დაგისახელებთ 6 აგვისტოს, იმიტომ რომ გაცილებით ადრე იყო დაწყებული ეს ყველაფერი. ასე რომ, მუშაობა გამოაჩენს, რა იქნება და როგორ იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც არ იქნება პარტიული აზრთა სხვადასხვაობა, იმიტომ რომ ერთნაირად აწუხებს ეს ყველა ადამიანს საქართველოში.“

ასე ფიქრობს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა გოგორიშვილი. კომისიის საქმიანობის მიზანზე ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება აქვს ლევან ვეფხვაძეს:

[ლევან ვეფხვაძის ხმა]“ ამ კომისიის მთავარი ფუნქცია არის, პირველ რიგში, მე ასე მესახება, შეაფასოს კონკრეტული თანამდებობის პირების კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილებების ადეკვატურობა იმ რეალობასთან, რა რეალობაც იყო იმ მომენტში.ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია.“(სტილი დაცულია)

განსხვავებით საერთაშორისო გამოძიებისგან, რომელიც, ძირითადად, საომარი მოქმედებების დამწყები მხარის გამოვლენაზეა ორიენტირებული და ფაქტებისა და ჩვენებების ქართულ, რუსულ და საერთაშორისო წყაროებში გადამოწმება და ერთმანეთთან შედარება შეუძლია, საქართველოს პარლამენტის კომისიას გამოძიების პრეტენზია არა აქვს და, შესაბამისად, ძირითადად, რეკომენდაციების შემუშავებაზეა ორიენტირებული. გიორგი გაბაშვილი ამბობს:

[გიორგი გაბაშვილის ხმა]“ მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება სრული სურათი სახელმწიფო ორგანიზაციების მოქმედებისა ამ კრიზისულ პერიოდში - ბუნებრივია, თუ გამოვლინდება ხარვეზები რაღაც უწყებებში, ან გამოვლინდება სისტემური ხარვეზები, ეს ხარვეზები უნდა გასწორდეს სხვადასხვა დონეზე. ამისათვის შესაძლოა საჭირო იყოს გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, გარკვეული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები. გააჩნია, რა სურათი დაიდება.“(სტილი დაცულია)


აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის დებულებას საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა დაამტკიცებს. მომავალი კვირის ბოლოს დაკონკრეტდება სამუშაო გეგმა და გრაფიკი. კომისია, რომელიც პარლამენტმა 7 ოქტომბერს დაამტკიცა, აგვისტოს მოვლენების შესწავლაზე 3 თვის განმავლობაში იმუშავებს.


XS
SM
MD
LG