Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაეცა ქართული მედიის თავისუფლების ინდექსი?


ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა მედიის თავისუფლების ყოველწლიური ანგარიში,

რომლის მიხედვითაც, მკვეთრადაა გაუარესებული ვითარება საქართველოში. თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს 173 ქვეყანას შორის 120-ე ადგილი უკავია, მაშინ როცა 2007 წელს 66-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვითარების გაუარესება ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევამ და საომარმა მდგომარეობამ გამოიწვია. გარდა ამისა, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ არ ჩავთვლით ერაყს, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი - ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა. რატომ დაეცა ქართული მედიის თავისუფლების ინდექსი?

ვრცელ, თითქმის ორასგვერდიან ანგარიშში საქართველოს არასრული ორი გვერდი აქვს დათმობილი. ირკვევა, რომ, თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს უსწრებს არაერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, მათ შორის - სომხეთი, ყირგიზეთი და უკრაინა. ანგარიშის ავტორთა მოსაზრებას, რომ რეიტინგის მკვეთრი დაცემა, დიდწილად, ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, იზიარებს ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროგრამის კოორდინატორი ბადრი კოპლატაძე:

[ბადრი კოპლატაძის ხმა] „ის, რაც მოხდა „იმედში“, მართლაც იყო უპრეცედენტო მოვლენა, როცა შეიარაღებული ხალხი ასეთი ფორმით წყვეტს ტელევიზიის მაუწყებლობას. აქედან გამომდინარე, სრულიად ცხადია, რომ ამან გავლენა იქონია ჩვენს რეიტინგებზე მედიის თავისუფლების კუთხით. თანაც იმავე „იმედის“ გარშემო დღემდე გრძელდება სასამართლო დავა, თუ ვინ არის რეალური მეპატრონე...“(სტილი დაცულია)

გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ „იმედის“ დარბევის საქმე დღემდე გამოუძიებელია, რაც, კოპლატაძის თქმით, ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლების ხარისხზე, მედიისა, რომლის სიმწირესაც, ექსპერტების გარდა, რიგითი თბილისელებიც ამჩნევენ:

[მამაკაცის ხმა] ”ქართული ტელევიზიები სიმართლისგან ცოტა შორს არიან.“

[მამაკაცის ხმა] ”ზეწოლას განიცდიან და შეზღუდულები არიან.”

[ქალბატონის ხმა] ”არჩევანი დიდი არ გვაქვს. მე მგონი, ვერ არიან ტელევიზიები ბოლომდე დამოუკიდებლები.“

[მამაკაცის ხმა] „იგრძნობა ჟურნალისტებზე პოლიტიკური ზეგავლენა და ეშინიათ კიდევაც.“

არადა, მოქმედი კანონების გათვალისწინებით, ჟურნალისტებს, წესით, ვერ უნდა აშინებდნენ, თუმცა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ერთ გარემოებაზე მიუთითებს:

[სოზარ სუბარის ხმა] „კი ვამბობთ, რომ კანონმდებლობა პროგრესულია, მაგრამ კანონმდებლობაში არც ადრე ეწერა, რომ დაშვებულია ტერაქტის ჩატარება მედიასაშუალების წინააღმდეგ. არადა, ტერაქტი იყო ის, რაც მოხდა „იმედთან“ დაკავშირებით. პატარ-პატარა ტერაქტები იყო, როცა დაიხურა „კავკასია“, „25-ე არხი“, როდესაც დაიხურა რადიო ”იმედი“. ”

ქართული მედიის თავისუფლების ინდექსის დაცემა არც გაზეთ „24 საათის“ რედაქტორს გაჰკვირვებია. პაატა ვეშაპიძის თქმით, საქართველოში მოქმედი ტელეარხები, რომლებიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მაუწყებლობენ, ვეღარ ქმნიან ხარისხიან და განსხვავებულ მედიაპროდუქციას:

[პაატა ვეშაპიძის ხმა] „არ მინდა, რომ შეურაცხმყოფელი იყოს კოლეგებისთვის... საინფორმაციო გამოშვებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.“

მედიის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ასევე ვრცელ ადგილს უთმობს ჟურნალისტ შალვა რამიშვილის პატიმრობის საქმეს. იმის გასარკვევად, რატომ რჩება პატიმრობაში ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებელი, რადიო ”თავისუფლებამ” პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს მიმართა.

[ელენე თევდორაძის ხმა] „იმიტომ, რომ ის კატეგორიულად არ წერს განცხადებას პრეზიდენტის სახელზე, რომ შეიწყალოს. ეს ერთი. მაგრამ მას დიდი ხანია, 2008 წლის 27 აპრილიდან, ეკუთვნის ვადაზე ადრე პირობითად გათავისუფლება.“(სტილი დაცულია)

მაგრამ შალვა რამიშვილს გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. სალომე მახარაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი, განმარტავს:

[სალომე მახარაძის ხმა] „კანონი არანაირად არ გვავალდებულებს, რომ ვადამდე პირობითად გათავისუფლების დრო რომ დგება, გაუშვან. გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელსაც აქვს თავისი არგუმენტები. თუმცა გეტყვით, რომ დასკვნაში წერია, რომ შალვას დარღვევა ან რამე შენიშვნა არ ჰქონია.“(სტილი დაცულია)

2008 წელს საქართველოში მედია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამოც შეიზღუდა. ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე კვალი მედიის თავისუფლების ხარისხს დაამჩნია ომმა, რომელმაც ორი ადგილობრივი და ერთი ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის, სიცოცხლე შეიწირა.

[ქალბატონის ხმა] „დაიღუპა 12 აგვისტოს ქალაქ გორში, მედიაცენტრში, რუსეთის ვერტმფრენების მიერ დაბომბვის შედეგად.“

თუმცა ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი და ორაგნიზაციაში ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელი ელზა ვიდალი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მშვიდობა ნამდვილად არ არის მედიის თავისუფლების გარანტია. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიული სულისკვეთება - დემოკრატიის მუდმივი მოთხოვნილება:

[ელზა ვიდალის ხმა] ”დემოკრატიის გამოცხადება არ არის საკმარისი ნამდვილი დემოკრატიის ასაშენებლად. ჩვენ ინსტიტუტებისა და კანონების მხოლოდ გამოცხადება არ გვჭირდება. ამ ქვეყნებს აკლიათ ნება გამოაცხადონ და განახორციელონ დემოკრატია. მათ აკლიათ ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების არსებობის გარდაუვალი აუცილებლობის გრძნობა.”

ელზა ვიდალის ეს კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისკენაცაა მიმართული. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ”დემოკრატიის ახალი ტალღის” ფარგლებში, პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კანონში და საზოგადოებრივ მაუწყებელს ტელედებატების გამართვა კანონით დაავალდებულა. რაზე მიუთითებს ხელისუფლების ამგვარი ძალისხმევა? პაატა ვეშაპიძის, გაზეთ „24 საათის“ რედაქტორის, კომენტარი:

[პაატა ვეშაპიძის ხმა] „როცა პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დებატები, გინდა თუ არა, უნდა იყოს, ეს ზუსტად იმას უსვამს ხაზს, რომ მედია არ არის თავისუფალი საქართველოში.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG