Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


კვირის უმთავრესი მოვლენა 22 ოქტომბრით

თარიღდება. დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ოთხშაბათს ბრიუსელში პრაქტიკულად დახურულ კარს მიღმა გაიმართა, აგვისტოს ომით დაზარალებული საქართველოსთვის ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარის შეგროვება მოხერხდა. ეს კი წინასწარ ნავარაუდევ მოცულობას დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარით აღემატება. დახმარების მიღების გზები რადიო ”თავისუფლებას” ბრიუსელიდან განუმარტა ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ:

(გიორგი ბარამიძის ხმა) ”ნაწილი არის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ფული, რომელიც წამოვა ქვეყნის ბიუჯეტში. მეორე ნაწილი არის, ასე ვთქვათ, ტექნიკური დახმარება, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანა და ორგანიზაცია დააფინანსებს, ვთქვათ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ - იქნება ეს დემოკრატიის განმტკიცება, კანონის უზენაესობის, სასამართლო რეფორმის განხორციელება, უფრო მეტი გამჭვირვალობა, სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება... მესამე მიმართულება არის პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება, რისი ნაწილიც უკვე განხორციელებულია... გარდა ამისა, ეს თანხა მოიცავს თანხას, რომელსაც კრედიტის სახით მიიღებს, ნაწილს - საქართველოს მთავრობა და ნაწილს მიიღებს კერძო სექტორი, ვთქვათ, საბანკო სექტორი, მათ შორის... ” (სტილი დაცულია)

დონორთა კონფერენციის მოულოდნელ შედეგებს მეთვალყურეები, ეკონომიკურის გარდა, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ომგამოვლილი საქართველოს მისამართით გამოხატულ უდიდეს პოლიტიკურ სიგნალად აღიქვამენ. ეკონომისტები კი, ფინანსების სწორად განკარგვის პირობებში, საქართველოში ეკონომიკის გამოცოცხლების პერსპექტივას ხედავენ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ ისევ დიდ კითხვის ნიშანს უკავშირებენ ბრიუსელში შეგროვილი თანხის გამჭვირვალედ განკარგვის საკითხს.

მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ” მიმდინარე კვირაში მეტად კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა. ”დახმარება, გაცემული დახურულ კარს მიღმა, მოკლებულია ანგარიშვალდებულებას როგორც დონორი ქვეყნების გადასახადის გადამხდელების, ასევე საქართველოს მოქალაქეების წინაშე. გამჭვირვალობის ნაკლებობა იწვევს ეჭვს, რომ ფული, შესაძლოა, არ მისწვდეს მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. და თუკი დონორების დახმარება საქართველოს განვითარების ხელშესაწყობად არის გამიზნული, უნდა შექმნან ამ დახმარების გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გარანტია,” - მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციის ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი თამარ ქაროსანიძე.

ხელისუფლება პირობას დებს, რომ დახმარების განკარგვის პროცესს მთავრობასთან ერთად პარლამენტიც გააკონტროლებს და პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

გამჭვირვალობა, როგორც დემოკრატიის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი - ასეთი პრინციპი დაედო საფუძვლად ღია წერილს, რომლითაც რამდენიმე წამყვანი პოლიტიკური ძალის ლიდერებმა ბრიუსელს მიმართეს. წერილს ხელს აწერენ: მოძრაობა ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ”დემოკრატიული განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, და ”გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე.

წერილის ავტორები მადლიერებას გამოხატავენ მსოფლიო თანამეგობრობისადმი, რომელსაც საქართველოსთვის აუცილებელ ცვლილებებსაც შეახსენებენ. ესენია: მედიისა და სასამართლო სისტემის თავისუფალი ფუნქციონირება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ წერილში ჩამოყალიბებული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება:

(დავით უსუფაშვილის ხმა)“22–ში შეხვედრაზე აქ იყო ზოგადი გადაწყვეტილებები მიღებული. ძალიან კარგია, რომ ძალიან ბევრმა დაუჭირა მხარი საქართველოსთვის დახმარების პაკეტში მონაწილეობას და ეს საკითხები, რომლებიც ჩვენ წამოვჭერით, უნდა იქნეს ასახული უკვე კონკრეტულ დოკუმენტებში, რომლებიც გაფორმდება სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფოებთან კონკრეტული დახმარების მიღების დროს.“(სტილი დაცულია)

მედიაზე, სასამართლო სისტემასა და საარჩევნო სისტემაზე საუბრის საშუალება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს კვირის დასაწყისშიც მიეცათ - მაშინ, როცა ისინი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, თბილისში სტუმრად მყოფ დენიელ ფრიდს ხვდებოდნენ. არასაპარლამენტოს გარდა, დენიელ ფრიდი 20 ოქტომბერს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ოდნავ მოგვიანებით კი, თბილისის დატოვებამდე, აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა შეაფასა:

(ფრიდის ხმა) ”საქართველოში გასული წლის ნოემბრის მოვლენებმაც აჩვენა, რომ ამ ქვეყანამ უნდა მიაღწიოს პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. არამხოლოდ ეს... საქართველოს დიდი სამუშაო აქვს შესასრულებელი. და როცა ეს ინსტიტუტები გაძლერდება, მედია დამოუკიდებელი იქნება, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და ოპოზიცია - ძლიერი, საქართველოც გაძლიერდება. ეს არის ზოგადი დაკვირვების შედეგი და ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებასა და აგრეთვე მის საზოგადოებაზეა. საჭიროა ყველამ შეიტანოს თავისი წვლილი ამ ინსტიტუტების მშენებლობაში.”

2-დღიანი ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთის მიერ სამშვიდობო გეგმის ბოლომდე შესრულების ამოცანას და დევნილების საკითხის სწრაფი ტემპებით გადაჭრასაც გაუსვა ხაზი. დენიელ ფრიდმა თქვა, ”იძულებით გადაადგილებულ პირებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში... მათ უნდა მიეცეთ საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - ასევე უსაფრთხოდ... ”

დევნილების თემა უმთავრეს საკითხად განიხილება ყოველთვის და ყველა დონეზე, როდესაც საუბარი საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურ განვითარებას შეეხება. თუმცა ამ საკითხის უგულებელყოფას აქტიურად ცდილობენ კრემლის მხარდაჭერით გათამამებული სეპარატისტი ლიდერები. მიმდინარე კვირაში საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ქართველების დაბრუნების შესაძლებლობას ამჟამად მხოლოდ გალის რაიონსა და ზემო კოდორის ხეობაში ხედავს. უფრო მეტიც, შამბა გალის რაიონში დევნილების დაბრუნების პროცესს პრაქტიკულად დასრულებულადაც კი მიიჩნევს. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა კი ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე საბოლოოდ გადაუსვა ხაზი საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნილ ადამიანებს:

(ჩოჩიევის ხმა) ”დევნილთა პრობლემას ჩვენთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მსგავსი პრობლემა ჩვენ, უბრალოდ, არა გვაქვს... 1992 წლიდან თავად ქართულმა მხარემ ვერ გადაწყვიტა მის მიერ განდევნილი ოსი ეროვნების 120 ათასზე მეტი ადამიანის პრობლემა და მისგან ამ საკითხის მოგვარებას არც ამჯერად ველით. რაც შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდნენ და მათ, ვინც საკუთარი სახლები თავად დაწვეს, ეს ჩვენი პრობლემა არ არის...”

შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას, რომელიც ყოველთვის უსვამს ხაზს თავისი მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებას, ხოლო უსაფრთხოების ზედამხედველობის კონტექსტში ყოველთვის გამოყოფს დევნილების დაბრუნების მიზანს. მშვიდობისკენ მოწოდებული საერთაშორისო მისია დესტაბილიზაციის ხელშემწყობ ელემენტად მოიხსენია ცხინვალის თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ 21 ოქტომბერს დე ფაქტო ძალოვან სტრუქტურებთან შეხვედრისას.

ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მუშაობასთან მიმართებით 23 ოქტომბერს პრეტენზიები გამოხატა კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმაც, როცა ის საქართველოს პრაქტიკულად დაემუქრა ახალი შეიარაღებული საფრთხით:

[ლავროვის ხმა] ”ქართული მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას სამხედრო ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ და დროდადრო სპეცდანიშნულების რაზმის წევრებსა და სხვა შეიარაღებულ ფორმირებებს გზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში. ჩვენ გვაღელვებს ის, რომ ევროკავშირის მეთვალყურეები ჯერჯერობით ძალიან მცირე ყურადღებას უთმობენ ამ ასპექტებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტად გვევლინება და ასეთი მსუბუქი მიდგომა იმ ფაქტებისადმი, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარშემო ხდება, ჩვენ გვაშფოთებს. ეს არის ცეცხლთან საშიში თამაში. თუკი ევროკავშირის მეთვალყურეების კონტროლითა და ეუთოსა და გაეროს მეთვალყურეთა მონაწილეობით ამ ზონებში არ დამყარდება მკაცრად დემილიტარიზებული რეჟიმი, შეიძლება დაიწყოს მოქმედება, რომელიც სახიფათო შეტაკებებამდე მიგვიყვანს. ჩვენ, ვიმეორებ, პრაქტიკულად ყოველდღე მოვუწოდებთ კოლეგებს ევროკავშირიდან შეასრულონ ძალის გამოუყენებლობის გარანტის ფუნქცია და უზრუნველყონ ამ ზონებში ისეთი რეჟიმი, რომელიც გარანტიების მატერიალურ საფუძვლად იქცეოდა.”

კრემლის პრეტენზიების ერთგვარ პასუხად გამოდგება კომენტარი, რომელიც ევროკავშირის მეთვლყურეთა მისიის ხელმძღვანელმა 24 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

(ჰაბერის ხმა) ”რუსებთან ურთიერთობა კიდევ ერთი რთული საკითხია, რადგან ამჟამად ისინი დაკავებულნი არიან იმით, რომ მშვიდობის დამცველებს რეგულარული შენაერთებით ცვლიან. და ჩვენ ჯერჯერობით მათი ერთი ტელეფონის ნომერიც არ მოგვეპოვება... კარგა ხანია ამას ვითხოვთ და მომავალშიც განვაგრძობთ მოთხოვნას, მაგრამ ამ დროისთვის ნომრები არა გვაქვს...”

ვიდრე ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია მოსკოვთან კონტაქტს ამაოდ ცდილობს, თბილისის ინფორმაციით, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მოსკოვი სამხედრო წარმომადგენლობას აქტიურად ზრდის. რუსეთის აგრესიულ ქმედებათა - მათ შორის, ქართველების ეთნიკური წმენდის - შეჩერების მიზნით, 23 ოქტომბერს საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო სპეციალური შვიდპუნქტიანი განცხადება, რომელიც მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს გაეგზავნათ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მოსკოვს ავალდებულებს შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს პოზიციებზე დააბრუნოს, რაც გულისხმობს ჯერ ისევ ოკუპირებული ახალგორის რაიონის, ცხინვალის გარშემო ქართული სოფლების, საჩხერის რაიონის სოფ. პერევისა და ზემო აფხაზეთის დატოვებას.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რუსეთის ფედერაციას მოსთხოვოს ბოლომდე შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება; თავი შეიკავოს საქართველოს საჰაერო სივრცის შემდგომი დარღვევის, პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან, მათ შორის აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შექმნისაგან; უზრუნველყოს აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო, მათ შორის, პირველ რიგში, ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებელთა დაშვება; აღმოფხვრას ქართველების ეთნიკური წმენდის შედეგები და ხელი შეუწყოს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას.

ჯერჯერობით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები არსებობს და ამაზე 25 აგვისტოს მომხდარი ინციდენტიც მეტყველებს. შაბათს წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ამავე რაიონის გამგებელი გია მებონია. მასთან ერთად დაიღუპა მუჟავის მკვიდრი ოთარ საბულუა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაიჭრა ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი. წალენჯიხაში მომხდარი ინციდენტი რუსული ძალების პროვოკაციად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ უნდა წამოეგოს პროვოკაციებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთს არ მიეცეს აგვისტოს გეგმის ბოლომდე განხორციელების საშუალება.


საქართველოს ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად იმყოფებიან რუსი სამხედროები, გავრცელდება კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,რომელიც 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს დააწესებს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „რაც გულისხმობს შეზღუდვას თავისუფალი გადაადგილების კუთხით, რაც გულისხმობს შეზღუდვას საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებით და შეზღუდვას სამეწარმეო საქმიანობისა.“

ახალი კანონი არ შეზღუდავს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ისარგებლებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებით.

საქართველოში ინტერვენციას რუსეთი ლამის 2-3 წლის მანძილზე გეგმავდა, - ასეთია საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის გელა ბეჟუაშვილის ინფორმაცია, რომელიც მან 25 ოქტომბერს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას მიაწოდა. სწორედ 25 ოქტომბერს გაიმართა პირველი საჯარო მოსმენა კომისიისა, რომლის საკმაოდ გრძელი სახელწოდება ასე ჟღერს: ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი დროებითი კომისია”. პირველი თანამდებობის პირი, რომელსაც კომისიის წევრებმა შეკითხვები დაუსვეს, სწორედ გელა ბეჟუაშვილი გახლდათ. საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მისამართით დასმული შეითხვები, ძირითადად, იმის გარკვევას ისახავდა მიზნად, ფლობდნენ თუ არა სახელმწიფო უწყებები წინასწარ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან საომარი ესკალაციის საფრთხეზე.

ბეჟუაშვილმა განმარტა, რომ რუსეთმა საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2007 წლის მეორე ნახევარში მიიღო და სათანადო მზადებასაც შეუდგა. მისი თქმით, რუსეთმა ცხინვალის ზონაში სამხედრო შენაერთები პირველად 7 აგვისტოს 3-საათსა და 41 წუთზე შეიყვანა. ირკვევა, რომ ვითარების ესკალაციას ბეჟუაშვილის უწყება სექტემბერ-ნოემბერში ვარაუდობდა. თუმცა რუსეთის აგრესიის მასშტაბების განსაზღვრა მაინც ძნელი იყო. მაგალითად, სამსახურს არ ჰქონდა ინფორმაცია სამეგრელოს ქალაქებში რუსეთის ასეთი მასშტაბური ინტერვენციის მოსალოდნელობის შესახებ:

(ბეჟუაშვილის ხმა) “ ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ გალის რაიონში, ოჩამჩირის რაიონში და ტყვარჩელის რაიონში მიმდინარეობდა სერიოზული კონცენტრაცია ძალების. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კოდორის ხეობაზე იგეგმებოდა თავდასხმა. რაც შეეხება ფოთს და სენაკს, კონკრეტული სადაზვერვო ცნობები ამის თაობაზე ჩვენ არ გვქონდა. ანალიზი ცხადყოფდა, რომ ის სამშვიდობოები, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ ენგურს აქეთ, იყო რუსეთის პოსტები, ალბათ, იქნებოდა სამიზნე კოდორის აღების ოპერაციის შემთხვევაში.“(სტილი დაცულია)

საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის შემდეგ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ შეკითხვები 25 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, უშიშროების საბჭოს წევრს ეკა ტყეშელაშვილს დაუსვა. ირკვევა, რომ მინისტრი რუსეთის მხრიდან ამ მასშტაბის ინტერვენციას არ მოელოდა, თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე აშკარად ამჩნევდა რუსი კოლეგების მცდელობას ხელი შეეშალათ სამშვიდობო პროცესისთვის. ეკა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, თბილისს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან და მეგობარ ქვეყნებს მიეწოდებოდათ სრული ინფორმაცია პროცესების განვითარების თაობაზე. ასე გრძელდებოდა ბოლო წუთამდე, ვიდრე იმედი გადაიწურებოდა:

(ტყეშელაშვილის ხმა) ”სრულად იყო აღწერილი ვითარება და ამ მხრივაც ეს იყო ბოლო, ასე ვთქვათ, იმ ვითარებაში არსებული მოწოდება, თხოვნა, რომ, თუკი რამ შესაძლებლობა მათ ჰქონდათ, რომ ჩარეულიყვნენ ვითარებაში მაშინ, როდესაც პირდაპირი კონტაქტებით რუსეთთან მიმართებაში ჩვენ ვეღარ ვახერხებდით სიტუაციის დეესკალირებას, რამე გაკეთებულიყო საიმისოდ რომ ვითარება შეჩერებულიყო...”(სტილი დაცულია)

საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობდა დაერწმუნებინა კომისიის წევრები, რომ ჩავარდნა, კოორდინაციის თვალსაზრისით, არც ხელისუფლების აღმასრულებელ გუნდში ყოფილა. რამდენად დამაჯერებელი აღმოჩნდება კომისიისთვის ეკა ტყეშელაშვილის განმარტებები, ეს მის დასკვნაში გამოჩნდება. მანამდე კი აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ კიდევ არაერთ თანამდებობის პირს უნდა მოუსმინოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG