Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალ მთავრობაში, სავარაუდოდ, ოთხი ახალი სახე იქნება


29 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა იმ საკადრო ცვლილებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობაში იგეგმება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ცვლილებები მხოლოდ რამდენიმე სამინისტროს შეეხო. მინისტრთა ახალ კაბინეტში 4 ახალი მინისტრია, ხოლო მეხუთე ცვლილება თავად პრემიერ-მინისტრს უკავშირდება.

საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელიც 29 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა წარუდგინა, მხოლოდ 4 მინისტრი შეიცვალა:

(მგალობლიშვილის ხმა) ”საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრობის კანდიდატი - გიორგი ხაჩიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი - კობა სუბელიანი.”

ვიდრე პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა გარკვევით თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტის უფრო საფუძვლიანი ცვლილებები ამ ეტაპზე საჭირო არ გახდა, რადგანაც საქართველოს მთავრობა, მთლიანობაში, საკმაოდ კარგად გაუმკლავდა ბოლო პერიოდის უმძიმეს გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, მომავალი პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ გასაკეთებელი ჯერ ისევ ძალიან ბევრია:

(მგალობლიშვილის ხმა) ”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის 18-თვიანი პროგრამა, რომლის 2 თვემაც საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. მე დღეს ვიყავი გორში, შევხვდი მოსახლეობას, ვნახე ის ადგილები, სადაც შენდება და უკვე აშენდა უამრავი სახლი. და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი 16 თვის განმავლობაში საქართველო დაუბრუნდეს განვითარების იმ რიტმს, რომელიც საქართველოში არსებობდა ამ ძალზე მძიმე გამოწვევებამდე. ამ ნიშნულამდე მისვლა არ ნიშნავს მხოლოდ სახლების მშენებლობას ან ინფრასტრუქტურის აღდგენას. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალური ეკონომიკური განვითარების ტემპებს.” (სტილი დაცულია)

სწორედ 18-თვიანი პროგრამის წარმატებით განხორციელება დაუსახა უპირველეს ამოცანად ახალ მთავრობას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 ოქტომბერს გამოსვლისას, როცა მან პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარუდგინა. პრეზიდენტის 27 ოქტომბრის გამოსვლიდან გარკვეულწილად ისიც გახდა ცნობილი, რომ მთავრობის რიგებში ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არ იყო:

(სააკაშვილის ხმა) ”რა თქმა უნდა, რაღაც რადიკალურ ცვლილებებს ჩვენ არ ველით ამ ეტაპზე, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა ძირითადში მუშაობდა ძალიან კარგად.” (სტილი დაცულია)

მოდით ახლა მოვისმინოთ, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები და კონკრეტულად რომელი მინისტრების გამოცვლას ისურვებდნენ ისინი. თბილისელების აზრის გასაგებად, რადიო ”თავისუფლებამ” მცირე გამოკითხვა ჩაატარა:

(ხალხის ხმები) ”სულ ყველა უნდა შეიცვალოს. რა გააკეთეს კარგი?! პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს ძალოვანები, სულ ყველა, თავდაცვის მინისტრი და ყველა.../ მე მგონი, არც რომელმა არ გაამართლა, იმიტომ რომ ქვეყანა მიიყვანეს არეულ მდგომარეობამდე სულ ყველამ... / მე მგონი, აბსოლუტურად ყველა მინისტრი უნდა შეიცვალოს დღეს. იმიტომ რომ, როცა ომს ასეთ პირობებში წააგებ, უნდა შეიცვალოს ყველა... / მთელი მთავრობა უნდა შეიცვალოს, თავის პრეზიდენტიანად.../ ეკონომიკის მინისტრი - ალბათ, უფრო... ეკონომიკას ვერ მართავს მაინცდამაინც. ჩვენს ქვეყანას ეტყობა ეს და იმიტომ... ” (სტილი დაცულია)

ხალხის მოლოდინის მიუხედავად, როგორც უკვე ვთქვით, ახალ მთავრობაში მხოლოდ 4 ახალი მინისტრი იქნება წარმოდგენილი, თუმცა არც მათ შორის მოიძებნება ახალი სახე. მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი ახალი და ბევრისთვის ჯერ ისევ უცნობი სახეა თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გრიგოლ მგალობლიშვილი. აქვე ვთქვათ, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის ცალკეული კანდიდატების მოსმენას საპარლამენტო ფრაქციები და კომიტეტები 30 ოქტომბრიდან შეუდგებიან. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დეპუტატებს, თითოეული კანდიდატის სამომავლო გეგმის ანალიზისას, მაქსიმალური სიფხიზლე და კრიტიკულობა ურჩია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG