Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადაწყდა კონფლიქტი თბილისის ინტერნეტმომწოდებლებს შორის


ბოლო ერთი კვირის მანძილზე თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის უქონლობას უჩიოდა.

ინტერნეტის ყველაზე დიდ პროვაიდერს, „კაუკასუს ონლაინს“, ერთდროულად დაუპირისპირდა კონკურენტი კომპანია და მერიის ზედამხედველობის სამსახური. ამ კონფლიქტში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად, საქართველოს მთავრობა და, ბოლოს, პარლამენტიც კი ჩაერია. დაპირისპირება ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა ინტერნეტის მიწოდება მომხამრებლების უმრავლესობას უკვე აღუდგა. როგორ გადაწყდა კონფლიქტი თბილისის ინტერნეტმომწოდებლებს შორის?

საქართველოს პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომის მსჯელობის საგანი, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის გარდა, ინტერნეტის მოწოდების პრობლემებიც იყო. გაირკვა, რომ ინტერნეტის მიწოდება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესაც კი შეუწყდა. მან შესაბამის კომიტეტებს ვითარებაში გარკვევა სთხოვა. მანამდე შექმნილ მდგომარეობაში სიცხადის შეტანას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და მთავრობის წარმომადგენლებიც შეეცადნენ. ამ ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა კონკურენტი კომპანიების - ”კაუკასუს ონლაინისა” და ”გაერთიანებული ტელეკომის” - მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა. როგორც ”კაუკასუს ონლაინის” მფლობელი მამია სანადირაძე აცხადებს, მიღწეულია გარკვეული სახის შეთანხმება:

[მამია სანადირაძის ხმა] „რაღაცნაირად შეგვარიგეს, რომ მოხდეს ყველაფერი ცივილიზებული ურთიერთობებით. და, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედით ვუყურებ მომავალს, რომ საქართველოში აღარ იქნება ვანდალური დაპირისპირება და ჩვენ და ჩვენი კონკურენტები ერთმანეთს შევეჯიბრებით ხარისხის ამაღლებაში.“(სტილი დაცულია)

”კაუკასუს ონლაინი” აცხადებდა, რომ მისი აპარატურა ”გაერთიანებული ტელეკომის” თანამშრომლებმა დააზიანეს და სწორედ ამ მიზეზით შეუწყდა ინტერნეტი მომხმარებელთა ერთ ნაწილს. თავის მხრივ, ”გაერთიანებული ტელეკომი” ”კაუკასუს ონლაინს” რამდენიმე მილიონი ლარის დავალიანებას ედავება. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საკამათო დავალიანების დაფარვა მარეგულირებელი კომისიის დასკვნის შემდეგ მოხდება.

მიუხედავად ამ შეთანხმებისა, ჯერაც ინტერნეტის გარეშე რჩება ”გაერთიანებული ტელეკომის” აპარატურაზე დამოკიდებული ”კაუკასუს ონლაინის” მომხმარებლების ნაწილი. ”გაერთიანებული ტელეკომის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ივა მარტიაშვილის, კომენტარი:

[ივა მარტიაშვილის ხმა] „ყველა აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაეთიშა, შეუძლია ერთი თვით ჩვენთან გადმოერთოს და შემდეგ გადაწყვიტოს, რომელი პროვაიდერი უნდა.“

კონკურენტებს შორის ასეთ დაპირისპირებას დაბალი ბიზნესკულტურით ხსნის ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] „კონკურენტებს შორის ბრძოლა არაცივილური მეთოდებით არამარტო ინტერნეტ სფეროში ხდება. აქ უფრო მძაფრად ვლინდება, რადგან ბევრი რამ დასარეგულირებელია.“(სტილი დაცულია)

ბრძოლის არაცივილიზებურ მეთოდებზე საუბრობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ორი კომპანიის დაპირისპირებაში მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჩარევაზე მიუთითებენ. ამ სამსახურმა ”კაუკასუს ონლაინის” ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების მაგისტრალის მშენებლობა შეაჩერა, რადგან კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აღმოაჩნდა. ამის შემდეგ ”კაუკასუს ონლაინის” ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის 20 ათასამდე მომხმარებელი ინტერნეტის გარეშე აღმოჩნდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის დავით ავალიანის კომენტარი:

[დავით ავალიანის ხმა] „ჩვენ ჩავჭერით მხოლოდ და მხოლოდ შეერთების პროცესში არსებული კაბელები, ანუ არ შევაერთებინეთ ახალი კაბელები. დანარჩენზე, არსებულ კაბელებზე, მივწერეთ მიწერილობა და მივეცით ვადა, რომ წარმოადგინონ საბუთები.“(სტილი დაცულია)

”კაუკასუს ონლაინი” ირწმუნება, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის ასეთმა ქმედებამ კომპანიას სერიოზული მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა. მაგრამ იგი მერიის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს არ ამბობს. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ განუახლდათ ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება.

XS
SM
MD
LG