Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიული არჩევნების ისტორიული შედეგი შეერთებულ შტატებში


აშშ-ში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს - კაცი, რომელიც თანამემამულეებს ძირეულ ცვლილებებს ჰპირდება პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის 8-წლიანი მმართველობის შემდეგ.

ახალი პრეზიდენტი, 47 წლის ბარაკ ობამა 20 იანვარს დადებს ერთგულების ფიცს. ის პირველი აფროამერიკელია, რომელიც სათავეში მოექცევა მსოფლიოს - სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით - უძლიერეს ქვეყანას.

[ობამას მომხრეების შეძახილები]

ასე ზეიმობდნენ ჩიკაგოში ბარაკ ობამას - პრეზიდენტად არჩეული დემოკრატი სენატორის - მხარდამჭერები, როგორც იუწყებიან, 100 000-მდე კაცი. გვიან საღამოს მათ თვით ობამამ მიმართა - მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და შეერთებულ შტატებში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისზე ილაპარაკა.

[ობამას ხმა] “ვისაც მსოფლიოს დანგრევა გსურთ - ჩვენ დაგამარცხებთ. ვისაც მშვიდობა და უსაფრთხოება გსურთ - მხარს დაგიჭერთ. ვისაც ეჭვი გეპარებოდათ, რომ ამერიკის შუქურა ძველებურად ანათებს, დღეს საღამოს კიდევ ერთხელ დაგიმტკიცეთ, რომ ჩვენი ერის ნამდვილ ძალას განსაზღვრავს არა იარაღი, ან მატერიალური კეთილდღეობა, არამედ ჩვენი იდეალების - დემოკრატიის, თავისუფლების, შანსებისა და იმედის - შეურყეველი ძალა.”

ჩიკაგოში, სადაც მისი საარჩევნო შტაბი იყო განთავსებული, ბარაკ ობამას ამ გამოსვლამდე ცოტა უფრო ადრე, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მიმართა ქალაქ ფენიქსში შეკრებილ მომხრეებს. მან აღიარა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება და მიულოცა მეტოქეს.

[მაკკეინის ხმა] “ისეთ ხანგრძლივ და რთულ დაპირისპირებაში, როგორიც ეს კამპანია იყო, სენატორ ობამას წარმატება ჩემში თავისთავად იწვევს პატივისცემას მისი უნარისა და შეუპოვრობისადმი. მაგრამ ის, რომ ობამამ შეძლო იმედი ჩაესახა მილიონობით ამერიკელისთვის, ვინც აქამდე შეცდომით მიიჩნევდა, რომ დიდ გავლენას ვერ მოახდენდა ამერიკის პრეზიდენტის არჩევაზე - ეს უკვე ისეთი რამაა, რაც ჩემში დიდ აღტაცებას იწვევს და ობამა შემიძლია მხოლოდ შევაქო ამ მიღწევისთვის”.

მაკკეინთან დაპირისპირებაში ობამამ, შეიძლება ითქვას, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა: გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე მეტოქის დასამარცხებლად ესაჭიროებოდა. მას 26 შტატი მიემხრო, შეერთებული შტატების რთული საარჩევნო სისტემის ენაზე - 338 საარჩევნო ხმით, ხოლო მაკკეინს - 19 შტატი 156 საარჩევნო ხმით. საქმე ის არის, რომ ამერიკელები პირდაპირი არჩევნებით არ ირჩევენ პრეზიდენტს - ეს ფუნქცია ეკისრება 538-წევრიან საარჩევნო კოლეგიას, რომლის, სულ ცოტა, 270 ხმაა საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად.

ობამას გამარჯვების მიზეზებზე საუბრისას, პოლიტოლოგები მიუთითებენ მის კრიტიკაზე ერაყში ომის მიმართ, მის ზომიერებაზე ამჟამინდელი ფინანსური კრიზისის მოგვარების საკითხზე მსჯელობისას. პოლიტოლოგები აქებენ დემოკრატი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ორგანიზებულობასაც დაბოლოს, ობამას უნარს, დაერწმუნებინა ამერიკელები, რომ შეუძლია იყოს ძლიერი პრეზიდენტი.

[ფრენზელის ხმა] “ობამამ თავისი კანდიდატურა, ჩემი აზრით, დიდი ოსტატობითა და ნიჭით წარმოადგინა. შეინარჩუნა სიმშვიდე, როგორც პოლიტიკოსები ამბობენ - არ გადაუხვია მესიჯს, არ აღელდა, არ გადაიტანა ყურადღება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე. მან დაარწმუნა ადამიანები, რომ, მცირე გამოცდილების მიუხედავად, შეუძლია გაუმკლავდეს პრეზიდენტის საქმეს”.

ეს ქება მით უფრო საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დემოკრატი ობამას მისამართით რესპუბლიკური პარტიის წევრმა წარმოთქვა, ყოფილმა კონგრესმენმა ბილ ფრენზელმა.
XS
SM
MD
LG