Accessibility links

logo-print

რამდენად მოახერხებს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ვითარების შეცვლას?


მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში თავისი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები ერთმანეთს შეახვედრა, დაიბადა შეკითხვა:

რამდენად მოახერხებს მოსკოვი ყარაბახის პრობლემის მოგვარებასა და საერთო ვითარების შეცვლას სამხრეთ კავკასიაში, რა როლი დაეკისრება საქართველოს და რა პოზიციას დაიკავებენ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის ახალი პოლიტიკური ამბიციების ფონზე, არის თუ არა რუსეთის ახალი წამოწყება საქართველოს საზიანო და რომელი მხარე ჩაერთვება მოსკოვის თამაშში. - ამ და სხვა საკითხების გარშემო მსჯელობდნენ ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის ”რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებული ვიდეოხიდის მსვლელობისას.

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებით მოსკოვი საქართველოსთან ომის შემდეგ იმის დამტკიცებას შეუდგა, რომ მას არა მხოლოდ კონფლიქტების გაღვივება შეუძლია, არამედ - მოგვარებაც. ბევრი პოლიტოლოგი სწორედ ასე ხედავს მოსკოვის გააქტიურებას ყარაბახის პრობლემასთან დაკავშირებით. აქვე შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს მოსკოვში შემდგარ შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, რუსი კოლეგის შუამავლობით, შეთანხმდნენ ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესთან დაკავშირებით. აქვე ვთქვათ ისიც, რომ მთიან ყარაბახს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ მას მერე, რაც ექვწლიან კონფლიქტში 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და მილიონამდე ლტოლვილად იქცა. საზავო შეთანხმება 1994 წელს იქნა მიღწეული, თუმცა პერიოდულად შეტაკებები ისევ გრძელდება. აზერბაიჯანს მთიანი ყარაბახის დაკარგვა არ სურს და, თუკი ბაქოელ პოლიტოლოგს რასიმ აგაევს მოვუსმენთ, ადვილად მივხვდებით, რომ მოსკოვმა აზერბაიჯანელებს შორის იმედების გაღვივება შეძლო.

(აგაევის ხმა) ”ყინული დაიძრა... მოძრაობა შეინიშნება იმ პრობლემასთან მიმართებით, რომელიც ყველას გვაწუხებდა... რუსეთმა არა მხოლოდ ის მოახერხა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მიეწვია აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები, არამედ რუსეთმა მოახერხა ისიც, რომ გაეცოცხლებინა ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი მოდელი. არსებითად, მიდგომებიც შეიცვალა. თუკი ადრე სომხეთის მხარე ამჯობინებდა ტერიტორიების გათავისუფლების შესახებ არც კი ელაპარაკა, ახლა ეს საკითხი თითქოს დღის წესრიგშია...”

ირკვევა, რომ რასიმ აგაევმა ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად დაინახა ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების რეალური საფუძველი. ის ამბობს, რომ თუკი მისი ოპტიმიზმი გამართლდა და კონფლიქტი მართლაც მოგვარდა, ეს განამტკიცებს ნდობას რუსეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის.

აგაევისა და მისი კოლეგების ოპტიმიზმს, შეიძლება ითქვას, ცივი წყალი გადაასხა რამაზ საყვარელიძემ. ქართველი პოლიტოლოგი აზერბაიჯანელებს, რუსეთის ნდობის კონტექსტში, აგვისტოს მოვლენებს შეახსენებს:

(საყვარელიძის ხმა) ”რუსეთს ამ მეტად რთული კონფლიქტის მოგვარება რომ სდომებოდა, ის ამას გააკეთებდა ამ, დაახლოებით, ორი ათეული წლის მანძილზე... ის კი, თუ როგორ აგვარებს რუსეთი კონფლიქტებს, საქართველოში აგვისტოში მიმდინარე მოვლენებმაც აჩვენა... რადგანაც გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს, ჩვენ გთავაზობთ ჩვენი გამოცდილების პოლიტიკურ გაანალიზებას... ოპტიმიზი იმის გამო, რომ რუსეთმა აიღო ხელში კონფლიქტის მოგვარება, მე გამართლებულად არ მიმაჩნია...”

რამაზ საყვარელიძე აზერბაიჯანელ კოლეგებს იმასაც შეახსენებს, რომ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა აგვისტოს ომის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კი, რუსეთის სამხედრო ძალის სამჯერ გაზრდას ნიშნავს მთელ კავკასიაში. იმავე ლოგიკის მიხედვით, იზრდება აგრესიული რუსეთის ფაქტორი კავკასიაში. პოლიტოლოგს ეეჭვება, რომ რუსეთი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებას რეალურად შეეცდება.

საპირისპირო აზრზეა ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი. ის ფიქრობს, რომ, კავკასიაში გავლენის გასაძლიერებლად, რუსეთი სწორედაც რომ შეეცდება ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებას და ამ გზაზე არაფერს დაერიდება - მათ შორის არც იმას, რომ სომხეთს, ენერგეტიკული ინტერესების დაკმაყოფილების პირობით, ყარაბახი დაათმობინოს. ეს კი ნაბუკოს გაზსადენის პროექტში, საქართველოს ნაცვლად, სომხეთის ჩართვას გულისხმობს. რუსეთის ერთგულ მოკავშირე სომხეთთან მიმართებით გია ხუხაშვილს კარგი არაფერი აქვს სათქმელი, თუმცა ჯერჯერობით ის თავს იკავებს ერევნის ქმედებათა კატეგორიულად უარყოფითი შეფასებებისგანაც. აზერბაიჯანელი მეგობრებისადმი კი ექსპერტს კონკრეტული სათხოვარი აქვს:

(ხუხაშვილის ხმა) ”გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ და რუსეთი ჩამოვყალიბდით მტრებად და, როგორც ჩანს, დიდი ხნით, მინდა ვთხოვო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ არ აწარმოონ მოლაპარაკებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს დააზარალებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება.”
XS
SM
MD
LG