Accessibility links

იდენტიფიცირებულია ომში დაღუპული კიდევ ოთხი მეომარი


თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ 144-მდე გაიზარდა საქართველო-რუსეთის ომში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლთა სია.

სამხედრო უწყების თქმით, ეს ცვლილება მოხდა მას შემდეგ, რაც გენეტიკური ანალიზით კიდევ ოთხი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა. თუმცა, ცხინვალთან ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პრობლემა ამით არ მთავრდება, რადგან ჯერაც გაურკვეველი რჩება რამდენიმე ათეული მებრძოლის ბედი.

მეოთხე ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაური კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი ერთ-ერთია იმ ოთხ მეომართაგან, რომელთა ვინაობა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცნობით, გენეტიკური ანალიზის შედეგად, ნოემბრის დასაწყისში დადგინდა. ცოტა ხანში მუხათგვერდის სასაფლაოზე ისევ შეიკრიბებიან მე-4 ბრიგადის მეომრები და ოჯახის წევრები, რათა ამჯერად სამარხის იდენტიფიცირებაც მოხდეს. როგორც მე-4 ბრიგადის მეთაურმა გიგი კალანდაძემ აგვისტოში უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, კაპიტან ერეკლე ყულოშვილის მიმართ მთელი ბრიგადა ვალშია:

[გიგი კალანდაძე] ”განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი საარტილერიო დივიზიონის მეთაური ერეკლე ყულოშვილი, რომელმაც ხეთაგუროვისა და ტყვიავის მხარეს მიგვიყვანა ბოლომდე. ეს იყო ზუსტი საარტილერიო დარტყმები. ზუსტად ის ობიექტები იყო განადგურებული, საიდანაც გვესროდნენ. ანუ ის უზრუნველყოფდა სიზუსტეს, კოორდინატების ზუსტად გადაცემას საარტილერიო ბატარეისთვისა და დივიზიონისთვის. საავიაციო დაბომბვაში დაიღუპა.”
(სტილი დაცულია)

თუმცა ერეკლე ყულოშვილის ქვრივი ნინო კანდელაკი, რომელმაც მეუღლის ცხედრის იდენტიფიკაციის ცნობა სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო, ბოლომდე არ ენდობა ექსპერტიზის დასკვნას. საქმე ისაა, რომ გენეტიკური ანალიზი, რომელიც ერეკლე ყულოშვილის დედას აგვისტოს ბოლოს აუღეს, თავდაპირველად არ დაემთხვა მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალული ცხედრების დე-ენ-ემს. ასევე გაურკვევლობაში არიან სხვა მეომრების ჭირისუფლებიც, რომლებსაც სხვადასხვა წყაროებით აქვთ ინფორმაცია, რომ მათი ახლობლები ჯერ კიდევ ცხინვალში არიან დაკრძალულნი. ერთ-ერთი მებრძოლის ქვრივმა, რომელმაც, მოსალოდნელი ზეწოლის შიშით, ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადიო ”თავისუფლებას” შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა:

[დაღუპულის ქვრივი] ”ნუ, ეს ძალიან ბევრი წყაროებიდან გადამოწმდა, რომ, ვთქვათ, იქ[ცხინვალში] არიან და ვერ გამოუყვანიათ და ამ დროს მომდის დე-ენ-ემის პასუხი, რომ 26 აგვისტოს არის თურმე შემოყვანილი, როდესაც საერთოდ მაგ დროს იმ 43-დან არ ამოვარდა ეგ დე-ენ-ემის პასუხი. და ეხლა თურმე მომდის პასუხი.” (სტილი დაცულია)

დაკარგულ მებრძოლთა მოძიების საქმეს საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ხელმძღვანელობს. რეპორტაჟის მზადების პერიოდში მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუმცა რადიო ”თავისუფლება” ელაპარაკა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დირექტორს მამუკა მამალაძეს, რათა მისგან გაეგო, თუ რა სტადიაშია და რამდენ მებრძოლზე ტარდება გენეტიკური ანალიზი.

[მამუკა მამალაძე] ”როგორ არის, იცით? ექსპერტიზის დასკვნა მიეცემა იმას, ვინც არის შემკვეთი. შემკვეთი არის თავდაცვის სამინისტრო. ოჯახის წევრებს ჩვენ ავუღეთ დე-ენ-ემის ანალიზი და გამოვიყენეთ და. რა თქმა უნდა, ამან მოგვცა საშუალება, რომ იდენტიფიცირება მოგვეხდინა. ამჟამად დარჩენილია 8 ცხედრის იდენტიფიცირება. სულ იყო სადღაც 45 თუ 44. ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ სადღაც ამ ფარგლებში იყო.” (სტილი დაცულია)

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გენეტიკური ანალიზის სისწორეზე პასუხისმგებელი თავად ექსპერტიზის ბიუროა. მეომრის იდენტიფიკაცია კი სამხედრო ხელმძღვანელობისათვის არის საბუთი საიმისოდ, რომ დაღუპულის ოჯახმა სახელმწიფოსგან კუთვნილი კომპენსაცია, 15 ათასი ლარი, მიიღოს. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის უფროსმა ნანა ინწკირველმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ უწყებას არა აქვს არანაირი საფუძველი საექსპერტო ბიუროს დასკვნას არ ენდოს:

[ნანა ინწკირველი] ”გეტყვით, რომ ჩვენ ვეყრდნობით დასკვნას, რომელიც დადო და რომელზეც აბსოლუტურად პასუხისმგებელი არის ეროვნული ბიურო. ჩვენ ეხლა არანაირი საფუძველი არა გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ დასკვნაში. და კომპენსაციას ყველანაირს მიიღებენ - იმას, რაც დადგენიალია წესით, აბსოლუტურად ყველა.” (სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ 45 ქართველი მეომრის ნარჩენების გადმოსვენება ცხინვალსა და თბილისს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ მხოლოდ 26 აგვისტოს მოხერხდა. ცხედრების უმრავლესობა იმდენად იყო დაზიანებული, რომ მათ ამოცნობას სპეციალური ექსპერტიზა დასჭირდა. სულ ბოლოს კი, როგორც ვთქვით, გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინა ორი ოფიცრისა და ორი კაპრალის ვინაობა. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს საომარი მოვლენების დროს დაკარგულად ითვლება კიდევ 25 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ვინაობა ცნობილია.
XS
SM
MD
LG