Accessibility links

”გაზი მაინც გააძვირეს” – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ”რეზონანსის” ავტორი


”გაზი მაინც გააძვირეს” – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ”რეზონანსის” ავტორი წერს, რომ იურიდიული პირებისთვის გაზის საფასურის გაძვირება

პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს და, საბოლოოდ, ისევ მოსახლეობას დააწვება კისერზე. ”გაზი 82 თეთრი გახდა. პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მოსახლეობა გამინისტრებისთანავე მოატყუა, როდესაც დაპირდა, რომ ბუნებრივი აირი არ გაძვირდებოდა. ექსპერტების განცხადებით, ის, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის გაზის მიწოდება ძველი ტარიფით ხორციელდება, შეღავათი არ არის, ვინაიდან, ყაზახური კომპანიის გადაწყვეტილების გამო, საარსებოდ აუცილებელი პროდუქტი გაძვირდება”, - წერს ”რეზონანსი”.

ამავე გაზეთიდან დღეს შეიტყობთ, რომ აგვისტოში ქუთაისიდან გაუჩინარებული მესტიელი მეტყევის, 31 წლის დავით ცინდელიანის, ოჯახის წევრები ოთხშაბათს თბილისში ჩამოვლენ და ოფიციალურ სტრუქტურებთან შეეცდებიან მისი ადგილსამყოფელის გარკვევას. ”გატაცებულის მამა - ზურაბ ცინდელიანი - ეჭვობს, რომ მისი შვილი უშიშროების თანამშრომლებმა გაიტაცეს”, - წერს ”რეზონანსი”.

”საქართველოს რესპუბლიკა” მედიის თავისუფლების საკითხზე წერს. ”იმედის” დარბევის შემდეგ: კრიზისის აპოგეა...” - ასეთი გახლავთ სათაური პუბლიკაციისა, რომელშიც საუბარია სახალხო დამცველის ამასწინანდელ ანგარიშზე მედიის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე დიდი ადგილი ეთმობა თავად კომპანია ”იმედის” საკითხს. ავტორი სახალხო დამცველის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიის სათავეში ჯოზეფ ქეის მისვლის შემდეგ მთლიანად შეიცვალა ჰოლდინგში შემავალი მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა”. ”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ: ”ჟურნალისტების მტკიცებით, ”ი-მედიას” მფლობელი კონკრეტულ მითითებებს იძლევა ხელისუფლების პოზიტიურ ჭრილში გაშუქების თაობაზე, მას შემუშავებული აქვს ”ობიექტურობის კრიტერიუმიც: ”ობიექტურობა პლუსით და ობიექტურობა მინუსით. მას მიაჩნია, რომ საინფორმაციო არხი უნდა გამოირჩეოდეს ხელისუფლების მიმართ ”ობიექტურობა პლუს” ნიშნით”, - წერს გაზეთი.

დღევანდელი პრესის ფურცლებზე ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებიც განიხილება. ”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელთან. ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია ამბობს: ”დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს ალტერნატივის არსებობა, რომელიც შეცვლის მიხეილ სააკაშვილს. ამას საზოგადოება დაიჯერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წარუდგენ პროგრამას, გათვლილს, გაწერილს იმის მიხედვით, თუ რომელ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს”, - აცხადებს ნაჭყებია. ”ალია” რუსეთთან დიალოგის წარმართვის შესახებ ლეიბორისტთა ლიდერის გეგმებით დაინტერესდა. შალვა ნათელაშვილი განმარტავს: ”ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ რუსეთმა ცნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით. მე არ შემიძლია ვიმსჯელო, ამისთვის რა ფორმას გამონახავს რუსეთი, მაგრამ ამისთვის უნდა მომზადდეს წინაპირობები და, თუ არ დაელაპარაკეთ, არათი არ შემზადდება, ეს ტერიტორიები სამუდამოდ დაიკარგება. მომავალი აღარ გვაპატიებს იმას, რომ იმის გამო არ ჩავიდეთ და არ დაველაპარაკოთ რუსეთს, რომ სააკაშვილს აგენტი არ დაეძახა”, - ინტერვიუს ნათელაშვილთან ”ალია” ბეჭდავს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე მსჯელობს. მისი თქმით, სერგეი ბაღაფშის პოზიციები შერყეულია და რუსეთმა აფხაზეთის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატურად ვლადიმერ კოლესნიკოვი - დუმის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე წამოაყენა. ”ჩვენ ვიცით, რომ ბაღაფშის სკამი ისედაც შერყეული იყო თავისი განსაკუთრებული პროაფხაზური პოზიციებისა და ჯიუტი ხასიათის გამო. მას მერე, რაც, ყველასთვის მოულოდნელად, ბაღაფშმა სერიოზული განაცხადი გააკეთა, - მან თქვა, რომ აფხაზეთში რუსეთის ორი ბაზის მეტი არ იქნება. რაც ყველაზე მთავარია, რუსეთს ბაღაფშმა ყველასთვის მოულოდნელად ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განლაგებაზე უარი უთხრა, - რასაკვირველია, ქართულ მასმედიაში პოზიტივი არ გაჟღერებულა. ეს ხომ წესად გვაქვს: თუ რამე კარგი გააკეთა ჩვენმა მოწინააღმდეგემ, ის არც გაუკეთებია”, - ამბობს მამუკა არეშიძე, რომელსაც ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა.
XS
SM
MD
LG