Accessibility links

მორიგი ”ნატომანია” ბრიუსელის მინისტერიალის წინ


2-4 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და უკრაინისათვის მაპ-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის)მინიჭების საკითხს განიხილავს.

რაიმე სიურპრიზი მოსალოდნელი არ არის. ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის მაპ-ის მიცემაზე ალიანსის რიგებში კონსენსუსი არ არსებობს. თუმცა მინისტერიალის კვირაძალზე ამერიკის საგარეო უწყების გააქტიურებამ კვლავ გააჩინა იმედი, რომ საქართველო რაღაც კომპენსაციას აუცილებლად მიიღებს. რამდენად საფუძვლიანია ეს იმედი?

ბოლო კვირის განმავლობაში საქართველო ნატომანიამ მოიცვა. ამის მიზეზი გახდა რიგი ამერიკელი დიპლომატების მოსაზრება, თითქოს არსებობდეს რაღაც ალტერნატიული პროცედურა, რათა საქართველო და უკრაინა ნატო-ში მაპ-ის გვერდის ავლით გაწევრიანდნენ. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა ამერიკის სახელმწიფო მდივნის 26 ნოემბრის პრესკონფერენციის შემდეგ. ოთხშაბათს, ვაშინგტონში გამოსვლისას, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ არსებობს ”ბრიტანული იდეა”, თუ როგორ იქნეს სისრულეში მოყვანილი ბუქარესტის სამიტის ის შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს:

[კონდოლიზა რაისი] ”როგორც გახსოვთ, ბუქარესტის დეკლარაცია ამბობს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მაგრამ ეს არ გულისხმობს რაიმე დაბალ სტანდარტს ნატოში გაწევრიანებისათვის, არ გულისხმობს გარკვეული განრიგის საჭიროებას პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, რომ, არსებულ ეტაპზე, ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის არსებულ კომისიებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ნატოსა და საქართველოს შორის დიალოგის ინტენსიფიკაციას. ამის მიუხედავად, ამჟამად არ არსებობს დისკუსიის აუცილებლობა მაპ-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მინიჭების ირგვლივ.”
ნატოსთვის საქართველოს ალიანსში გაწევრიანება რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ეს ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში რობერტ სიმონსმაც დაადასტურა. 17 ნოემბერს ნატოს შტაბბინაში რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში რობერტ სიმონსმა განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსათვის ხანგრძლივი პროცესი იქნება:

[რობერტ სიმონსი] "არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო იმაზე, რას გადაწყვეტენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები. ვფიქრობ, ჩვენი ყურადღება იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ერთ დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება და ნებისმიერი მექანიზმი (იქნება ეს ნატოსთან პარტნიორობის ინდივიდუალური გეგმა - IPAP თუ MAP) სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა და ნატო მზად არიან ინტენსიურად ითანამშრომლონ საქართველოსთან, რათა ის რაც შეიძლება უკეთეს კანდიდატად მოგვევლინოს, და საამისოდ ყოველ ღონეს ვიხმართ."

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დეკემბრის შეხვედრისგან საქართველოს ხელისუფლება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას არ ელოდება. თუმცა გიორგი ბარამიძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში, 27 ნოემბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება კარგი სიგნალია ნატოსთან შემდგომი თანამშრომლობისათვის:

[გიორგი ბარამიძე] ”მიმდინარეობს ალიანსის შიგნით დებატები, თუ რა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული მინისტერიალზე. არის სხვადასხვა ვარიანტი - მათ შორის ის, რაც თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიარება ხდება იმის, რომ საქართველო, პრინციპში, მზად არის გაწევრინების ახალ საფეხურზე, ბოლო საფეხურზე, გადასასვლელად, იქნება ეს მაპი თუ სხვა რომელიმე ინსტრუმენტი. ჩვენთვის მთავარია, რომ არ შეფერხდეს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.” (სტილი დაცულია)

ის, რომ თეორიულად არ არის გამორიცხული, საქართველო ნატოს უფრო მეტად დაუახლოვდეს სხვა მექანიზმის - მათ შორის, არსებული კომისიის - მეშვეობით, ეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 26 ნოემბრის პრესკონფერენციაზეც დაადასტურა. ”მაპ-ი ჩეხეთსა და პოლონეთს არასოდეს ჰქონიათო”,- განაცხადა კონდოლიზა რაისმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოსა და უკრაინას ბევრი სტანდარტი აქვთ მისაღწევი, რათა ალიანსის წევრები გახდნენ.


XS
SM
MD
LG