Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის“ შესრულებას არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებიან


საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ ესწრაფვის ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას,

თუმცა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, რომელიც ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის” მონიტორინგს ახორციელებს, ამტკიცებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა, მთავრობის მიერ წარმოებული სოციალური პოლიტიკა და კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება ევროკავშირში მიღებულ ნორმებსა და სტანდარტებს. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა“ საქართველოში და რა რჩევებს აძლევს მესამე სექტორი ხელისუფლებას.

”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა” გამოყოფს იმ პრიორიტეტულ საკითხებს, რომელთა შესრულებამ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირისა და საქართველოს შემდგომი დაახლოება. სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაზე მონიტორინგს საქართველოში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს, მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მართლმსაჯულება, გარემოს დაცვა და სოციალური პოლიტიკა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ქაროსანიძე ამბობს, რომ, მართლმსაჯულების სისტემაში განხორიცელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი ძალიან დაბალია:

[თამარ ქაროსანიძის ხმა] „მესამე წელია სასამართლო სისტემა ექცევა სახელმწიფო ინსტიტუტების სათავეში, როგორც ყველაზე ნაკლები ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი. ის ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს, არა იმდენად კანონმდებლობასთან არის კავშირში, რამდენადაც პოლიტიკურ ნებასთან, და ამიტომ არის რთული ამ სისტემაში პოზიტიური მომენტების დანახვა. ყველაზე დიდი პრობლემაა დამოუკიდებლობა, რაც აკლია სისტემას.“(სტილი დაცულია)

არადა, თამარ ქაროსანიძის თქმით, ის ცვლილებები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა ორიოდე თვის წინ პარლამენტში გამოსვლისას ილაპარაკა, წესით, დადებითად უნდა აისახებოდეს სასამართლოების ავტორიტეტსა და მუშაობის ხარისხზე. ცნობისათვის, 2008 წლის 16 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ბევრი ილაპარაკა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ უნდა დავიწყოთ სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი ტალღა, რომლის მიზანი იქნება უფრო დამოუკიდებელი და უფრო სამართლიანი სასამართლოს აშენება. ამის უზრუნველსაყოფად ვახდენთ შემდეგი ცვლილებების ინიცირებას: ოპოზიციის წარმომადგენლის არჩევა იუსტიციის საბჭოში, ანუ ორგანოში, რომელიც ნიშნავს მოსამართლეებს; ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებას, რათა არა მოხოლოდ მოსამართლე იღებდეს გადაწყვეტილებას, არამედ მისი ძალაუფლება შეზღუდული იქნეს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ნაფიცი მსაჯულებით...“ (სტილი დაცულია)

პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ასევე ითვალისწინებს მოსამართლეების თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშვნას და სხვა არაერთ ცვლილებას, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაც იწონებს, თუმცა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” გარკვეული შენიშვნებიც აქვს. ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ დასახვეწია მოსამართლეების შერჩევისა და პასუხისმგებლობის საკითხი. და კიდევ:

[თამარ ხიდაშელის ხმა] „ვეჭვობ რამდენად გაამართლებს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თუმცა თავისთავად, მეორე მხრივ, ეს არის პროგრესული და სასამართლოს დამოუკიდებლობა შეუძლია უზრუნველყოს. ძალიან მკაფიო ზღვარია გასავლები, როგორ მოხდება ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბება, როგორ მოხდება შერჩევა და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის” მონიტორინგისას სხვა არაერთი შენიშვნა და რეკომენდაცია წარმოადგინა. ყურადღება გამახვილდა იმ სფეროებზე, რომლებიც შედის კოალიციის წევრი ორგანიზაციების ზოგადი საქმიანობის არეალში, კერძოდ: კანონის უზენაესობასა და ეფექტურ მმართველობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვაზე. „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის მანანა ქოჩლაძის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა ენერგეტიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროებში წინააღმდეგობაშია ”სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმასთან”:

[მანანა ქოჩლაძის ხმა] „თვითონ კანონმდებლობაც ძალიან წინააღმდეგობრივია. იგი, ძირითადად, მიმართულია იმაზე, რომ გაიზარდოს ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში, რაც, მეორე მხრივ, მძიმედ აისახება ადამიანებზე და გარემოზე. მაგალითი: ამჟამად არსებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონით, არ არის საჭირო შეფასების ჩატარება ისეთი წარმოებებისთვის, როგორიცაა ნავთობის ან ოქროს მოპოვება.“(სტილი დაცულია)

მანანა ქოჩლაძის თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს ვერც მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც, ევროკავშირისგან განსხვავებით, უპირატესობას, განახლებადი ენერგოტექნოლოგიების ნაცვლად, ტრადიციულ, მაღალი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებს ანიჭებს. შენიშვნების პასუხად, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მთავრობა დაინტერესებულია ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით” გათვალისწინებული პირობების შესრულებით. დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
ამბობს:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ სარგებელი ძალიან სერიოზული შეიძლება იყოს და არის კიდეც იმავე ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებით. აი, ამ ორი სამართლებრივი დოკუმენტის შედეგია, რომ მთელ რიგ პროდუქციებზე პრეფერენციული სავაჭრო სისტემა მუშაობს, რაც მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისათვის. ამავე დროს, მოლაპარაკება მიდის, იმავე ამ ჩარჩო დოკუმენტების ფარგლებში, სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე, რაც ძალიან არსებითია.“(სტილი დაცულია)

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოსთვის გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით” გათვალისწინებულ პირობებს ზედმიწევნით რომ ასრულებდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას საჯარო სამსახურის შესახებ კანონის უგულებელყოფისა და საარჩევნო კოდექსის ხშირი ცვლილების გამოც აკრიტიკებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG