Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებები რუსულად


რუსი კონსერვატორები არ იზიარებენ ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს და მას ადამიანის უფლებებისა და ღირსების საკუთარ რუსულ კონცეფციას უპირისპირებენ.

ეს კონცეფცია ადამიანის ძირითად უფლებებზე მაღლა ისეთ ფასეულობებს აყენებს, როგორიცაა რწმენა, ეთიკა, მამული. დღეს მსოფლიო ადამიანის უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. ამასთან, აღინიშნება ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაო დეკლარაციის 60 წლის იუბილე. მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რას უწუნებენ ამ დეკლარაციას რუსი კონსერვატიულად მოაზროვნეები და იმაზეც, თუ რას წარმოადგენს საკუთრივ მათი ხედვა, რომელიც, იმავდროულად, რუსეთის დღევანდელი მმართველი ელიტის ხედვას განსაზღვრავს.



კონსერვატიული იდეოლიგიის მომხრეები რუსეთში არ აღნიშნავენ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 60 წლის იუბილეს. ის კი არა, გმობენ დეკლარაციას,როგორც კოლონიალიზმის გამოვლინებას. რუს კონსერვატორებს მიჩნიათ, რომ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით დასავლეთი სხვა კულტურებს საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს.

რუსეთის სახელმწიფოს ძლევამოსილებაზე მზრუნველი კონსერვატიული ელიტა ეძებდა და ეძებს იდეოლოგიას, რომლითაც გაამართლებს უარს საერთაშორისო ნორმებზე დ მოიგერიებს რუსეთის მიმდინარე პროცესებისადმი დასავლეთის კრიტიკას.

ალექსანდრ დუგინი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსერვატიულ კვლევათა ცენტრს უდგას სათავეში. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რუსული სახელმწიფო კონსერვატიული იდეოლოგიის ინიციატივით გამოდიან:

[ალექსანდრ დუგინის ხმა] ”ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კონცეფცია ვარირებს კულტურებს შორის, გადადის ერთი საზოგადოებიდან მეორეზე. ამდენად, თავად ადამიანის გაგება იცვლება.

რუსულ კულტურაში კოლექტიური ანთროპოლოგია დომინირებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ადამიანს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა მაშინ შეუძლია, როცა მოქმედებს როგორც ერთიანი საზოგადოების წარმომადგენელი”, - ასე ფიქრობს დუგინი. მისივე აზრით, რუსეთის საზოგადოება - განსაკუთრებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ცენტრალური ხელისუფლება - მოვალეა დაიცვას თავისი თავი და სწორედ ამით დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და მათი უფლებები.

ალექსანდრ დუგინი სხვა საინტერესო განმარტებებსაც იძლევა. ამბობს, რომ რუსეთს თავისი კულტურული ტრადიციებით მეტი საერთო ისლამურ ტრადიციებთან აქვს, ვიდრე დასავლურ ლიბერალიზმთან:

[ალექსანდრ დუგინის ხმა] ” ისლამურ და მართლმადიდებლურ ტრადიციებში ერთმანეთს ბევრი რამე შეესაბამება. ჩვენ ერთნაირად უარვყოფთ ადამიანის უფლებების დასავლეთევროპული ინდივიდუალური კონცეფციის აპრიორულ ასპექტებს.”

2006 წლის აპრილში რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსი ხალხის ყოველწლიურ, რიგით მეათე, ყრილობაზე მიიღო ” ადამიანის უფლებებისა და ღირსებების დეკლარაცია”. ის, თავისი კონცეფციით და პრინციპებით, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციასთან. ” ადამიანის უფლებებისა და ღირსების” რუსული დეკლარაციის ავტორი დუგინიცაა, მასთან ერთად კი სმოლენსკის და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილი, რომელიც რუსეთის აწ განსვენებული პატრიარქის, ალექსი მეორის, შესაძლო შემცვლელად განიხილება. მიტროპოლიტი კირილი კი ამბობს, რომ არის ფასეულობები, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ცალკეული ადამიანის უფლებებია. მაგალითად: რწმენა, ეთიკა, მამული...

ამა წლის დასაწყისში რუსმა კონსერვატიული იდეოლოგიის მიმდევრებმა გამოაქვეყნეს ”რუსეთის დოქტრინა”, რომელიც ხსნის რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას. წიგნში ხაზგასმულია, რომ ”ინდივიდი ცნობს თავის თავს საზოგადოების ორგანულ ნაწილად -მეზობლების, კოლეგების, ოჯახისა და ერის გარემოცვაში.

ბოლომდე ნათელი არ არის კონსერვატორების რომელ ფრთას მიაკუთვნებს თავს პუტინის მმართველი ელიტა. თუმცა ნათელია, რომ პუტინის გარემოცვის წევრები და თავად ვლადიმირ პუტინი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას თანაუგრძნობენ. რუსეთის მმართველი ელიტა არ იზიარებს რუსეთში მიმდინარე პროცესებისადმი დასავლელი უფლებადამცველების ანდა საერთაშორისო ინსტიტუტების წამომადგენელთა დამოკიდებულებას. პუტინის მთავარ იდეოლოგ ვლადისლავ სურკოვს ეკუთვნის მეტად უცნაური ტერმინი - ”სუვერენული დემოკრატია”. პუტინის მთავარი იდეოლოგი ის კაცია, რომელსაც, ჩვენ მიერ ნახსენები ალექსანდრ დუგინის მსგავსად, ლიბერალიზმი, დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოსთან შედარებით, მეორეხარისხოვნად მიაჩნია.

საით მიდის რუსეთის სახელმწიფო? ივლისში რუსეთის მოსახლეობაში იზიარებდნენ აზრს, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა ავლენდნენ პატივისცემას მმართველობის ნაციონალური ორგანოებისადმი - მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციებისადმი. კრემლი აკრიტიკებს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს და აკეთებს ბევრს იმისთვის, რომ ამ სასამართლომდე საჩივრების მიტანა რთული იყოს რუსეთის მოქალაქეებისათვის..

იმედის მომცემი არაა რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. მაგალითად, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა ჩატარებული გამოკითხვით დაადგინა, რომ რუსეთის მოსახლეობის 33 პროცენტი მომხრეა ისეთი რუსული ტრადიციული ფასეულობების დაცვისა, როგორიცაა: ნაციონალური თვითმყოფადობა, რუსეთის ხელისუფლება, რუსეთის ინტერესები.”

რუსული ტრადიციული ფასეულობების დაცვა რუსეთში მთავარია, თუმცა ყველა ერთნაირად მაინც არ ფიქრობს. რუსეთის ”ლიბერალური მისიის ფონდის” სექტემბრის გამოკითხვის შედეგებით ითქვა, რომ რუსეთში სახელმწიფო ვერტიკალის გაძლიერებას ძალაუფლების უკიდურესი კონცენტრაცია და მმართველობის მთელი სისტემის ბიუროკრატიზაცია მოჰყვა. ამ აზრს არ ეთანხმებიან კონსევატიული იდეოლოგიის მომხრეები. მათ აქვთ ”ადამიანის უფლებებისა და ღირსების” საკუთარი დეკლარაცია, პრიორიტეტით: რწმენა, ეთიკა, მამული. თუმცა უნდა ითქვას, რომ 1993 წელს მიღებული რუსეთის კონსტიტუცია ადამიანის უფლებების ნაწილში იზიარებს ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაო დეკლარაციის სულისკვეთებას. აქედან გამომდინარე, რუსეთში ფორმალურად შეუძლიათ თქვან, რომ ადამიანი და მისი თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა.



XS
SM
MD
LG