Accessibility links

logo-print

უფუნქციოდ დარჩენილი ეუთოს მისია ცხინვალს თბილისიდან აკვირდება


საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პირველი ოფიციალური სტუმარი მიიღო.



ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო საქართველოში ხელისუფლების მოწვევით ჩავიდა. თუმცა ბრიშამბომ სანუგეშო ვერაფერი უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც სისხლცხორცეულად არის დაინტერესებული ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებს კვლავ მიეცეთ შესაძლებლობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სადამკვირვებლო მისიის გაგრძელებისა. რა უშლის ხელს ეუთოს დამკვირვებლებს და როგორ ესახებათ ამ პრობლემის მოგვარება თბილისში?
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ენდობოდა და აქტიურ მედიატორად მიიჩნევდა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებს, რომლებიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 1993 წლიდან იმყოფებოდნენ. განსხვავებული იყო დამოკიდებულება თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის და რუსეთისა, რომლებიც საჯაროდ სდებდნენ ბრალს ევროპელ დამკვირვებლებს არაობიექტურობაში. შესაბამისად, ცხინვალი და მოსკოვი აგვისტოს ომის შემდეგ კმაყოფილები არიან, თბილისი კი ყველანაირად ცდილობს, რომ კვლავ მიაღწიოს სტატუს კვოს აღდგენას კონფლიქტის ზონაში, რაც ასევე გულისხმობს ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა მანდატის რეანიმაციას.

[გრიგოლ ვაშაძე] ”საქართველო დაინტერესებულია ეუთოს ყოფნაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთში და ცხინვალში. და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ეუთოს მისიის მანდატი იყოს გაგრძელებული.” (სტილი დაცულია)
განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ეუთოს გენერალურ მდივან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელების მოთხოვნას მხარს უჭერს ბევრი ევროპული ქვეყანა. ამაზე საკმაოდ სერიოზული კამათი იყო ცოტა ხნის წინ ჰელსინკიში. 5 დეკემბერს, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპელ სამხედრო დამკვირვებლებს არ ეძლევათ აგვისტოს შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მანდატის გაგრძელების საშუალება.

[კარლ ბილდტი] ”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეუთოს მეთვალყურეთა მისიას არ მიეცა საშუალება აგვისტოს შემდეგ დაბრუნებულიყო სამხრეთ ოსეთში, მიუხედავად უამრავი ვალდებულებისა, რომლებიც ამის საჭიროებას გვაჩვენებდა. ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ მისია ამას შეძლებს და რომ მისი მანდატიც გაფართოვდება. სიტუაციის მონიტორინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს იმ უწყვეტი ძალისხმევისა, რომელმაც რეგიონში კონფლიქტების დარეგულირება უნდა უზრუნველყოს.”

თუმცა კარლ ბილდტს არ უთქვამს, რომ ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაბრუნების წინააღმდეგია რუსეთი. მეტიც, 5 დეკემბერს გამართულ ეუთოს
მინისტერიალზე დაპირისპირება გამოიწვია რუსეთის გეგმამ უსაფრთხოების ახალ სტრუქტურებთან დაკავშირებით. მოსკოვი გამოვიდა წინადადებით, არსებული სისტემა ახლით შეიცვალოს. თუ არა, ეუთო დაიღუპებაო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მიუხედავად რუსეთის დემარშისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იმედს არ კარგავს, რომ რუსეთის გადარწმუნება მოხერხდება:

[გრიგოლ ვაშაძე] ”რუსეთი, სამწუხაროდ, არ არის დაინტერესებული იმით, რომ ეუთო წარმოდგენილი იყოს კონფლიქტურ ზონებში. მაგრამ ერთობლივად ვეცდებით, რომ გადავარწმუნოთ და მათი ეს აზრი შევცვალოთ.”

თუმცა ეუთოს გეენრალურ მდივანს მარკ პერინ დე ბრიშამბოს საქართველოში არ უთქვამს, იზიარებს თუ არა ქართველი მინისტრის ამ ოპტიმიზმს რუსეთთან დაკავშირებით. ისევ 5 დეკემბრის ეუთოს მინისტერიალის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის დაყოლიება არცთუ ისე იოლი საქმე იქნება, რადგან მოსკოვი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და ეუთომ ეს უნდა გაითვალისწინოს უსაფთხოების ახალ არქიტექტურაში.
XS
SM
MD
LG