Accessibility links

logo-print

მუსიკა, როგორც დაკითხვის იარაღი


მუსიკოსები ასაჩივრებენ შეერთებული შტატების მიერ საპატიმროებში, მათ შორის გუანტანამოში, მათი მუსიკის გამოყენებას პატიმართა დაკითხვის პროცესში.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მუსიკას გამოიყენებს არაძალადობრივი გზით პატიმართა დეზორიენტაციისა და დაშინებისთვის. მაგრამ მუსიკოსები ამ პრაქტიკის შეწყვეტას მოითხოვენ.

პატიმართა დაკითხვისას გამოყენებულ მელოდიებში შედის მუსიკა ამერიკაში პოპულარული საბავშვო სერიალებიდანაც. მაგალითად, "ბარნიდან" და "სეზამის ქუჩიდან".

ამ იფორმაციას ავრცელებს პატიმართა უფლებების დამცველი ჯგუფი დიდი ბრიტანეთიდან, "რეპრივი", რომელიც გუანტანამოში მოთავსებული ათობით პატიმრის ინტერესებს იცავს.

კამპანიას ეწოდება "zero dB" - "ნული დეციბელი", სხვა სიტყვებით . სიჩუმე.

ორგანიზაცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ე.წ. "მუსიკალური წამება", როგორც ასეთ პრაქტიკას უწოდებენ, სულაც არ არის მსუბუქი პრაქტიკა.

მოუსმინეთ "რეპრივის" წარმომადგენელს, ქლოი დეივისს:

[დეივისის ხმა] "ეს ეხება ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც სტრესულ ვითარებაში ამყოფებენ. ხშირად ისინი ხელებით არიან მიჯაჭვული იატაკს, ხშირად არიან უკუნეთ სიბნელეში და სტრობოსკოპულ განათებაში, ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში. მათ მძლავრი დინამიკიდან რამდენიმე საათის და რამდენიმე დღის მანძილზე ჩასძახით ყურში მუსიკა. პატიმრები, რომლებსაც ვესაუბრეთ, ძირითადად ამბობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისეთი გრძნოა ჰქონდათ, თითქოს გონებას კარგავდნენ."

რეპრივის თანახმად, ეს ტექნიკა ახალი არ არის. 70-იან წლებში დიდ ბრიტანეთში ასე ექცეოდნენ ზოგიერთ ირლანდიელ პატიმარს. ადამაინის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ეს პრაქტიკა სხვა ტექნიკებთან ერთად, რომელთა შორისაა, მაგალითად, ძილში ხელის შეშლა, ცნო არაადამიანურად და შეურაცხმყოფელად, მაგრამ ამავე დროს განაცხადა, რომ ეს არ არის წამება.

შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში 2003 წლის ბოლოს მუსიკის გამოყენება ნებადართულად გამოაცხადა. მაშინდელმა მხედართავარმა რიკარდო სანჩესმა თავის დროზე თქვა, რომ ეს იყო პატიმრების შეშინებისა და დეზორიენტირების საშუალება.

გამოძიების ფედერალურ ბიუროს რამდენიმე შემთხვევა აქვს აღირიცხული, როცა გუანტანამოში მოთავსებულ პატიმრებს ხმამაღალი მუსიკით აყრუებდნენ.

გუანტანამოს საპატიმრო ცენტრის ხელმძღვანელმა, ადმირალმა დევიდ თომასმა ასოშიეიტედ პრესს განუცხადა, რომ მუსიკა ამჟამად იქ არ გამოიყენება, თუმცა არ გამორიცხა მისი გამოყენება მომავალში.

10 დეკემბერს თომასი რამდენიმე მაღალი რანგის ოფ/ცერთან ერთად შეხვდა ჟურნალისტებს და ბანაკის ზოგიერთი ნაწილი დაათვალიერებინა, რაც ძალზე იშვიათად ხდება.

რეიტერის სააგენტოსთვის გაკეთებულ კომენტარში ის არ შეხებია მუსიკის თემას, მაგრამ თქვა, რომ პატიმრებს ჰუმანურად ეპყრობიან.

აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა მუსიკოსი არ არის უკმაყოფილო საპატიმროებში დაკითხვებისას მათი მუსიკის ხმარებით.

დრამერმა სტივი ბენტონმა, რომლის ჯგუფი "დრაუნინგ პული" ერაყში შეერთებული შტატების ჯარების ყოფნას მხარს უჭერს, ორი წის წინ თქვა: "დიდი პატივია იმის ცოდნა, რომ ჩვენმა მუსიკამ შესაძლოა კიდევ ერთი 11 სექტემბრის ან რაიმე მსგავსის თავიდან აცილება შეძლოსო."

ამ კვირაში დაიკითხება 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებული ხუთი ადამიანი, რომლებიც გუანტანამოში ჰყავთ დაკავებული.
XS
SM
MD
LG