Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინიციატივა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის გაფართოების თაობაზე


გაეროს კულუარებში წამოიწყეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის საყოველთაო უფლებების გაფართოებას და მასში ჰომოსექსუალების უფლებების შეტანას.

დიპლომატების შეხვედრა არ მომხდარა გაეროს ფარგლებში და მას მხარი არ დაუჭირეს შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ჩინეთმა. მაგრამ ამ ინიცატივის წყალობით, საკითხი შესაძლოა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოხვდეს და დებატებისა და კენჭისყრის თემად იქცეს.

მართალია, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია არ არის სავალდებულო იურიდიული დოკუმენტი, მაგრამ მასში განსაზღვრულია ისეთი ცნებები, როგორებიცაა "ძირითადი თავისუფლებები" და "ადამაინის უფლებები", რომლებზეც არის დამყარებული გაეროს ქარტია. გაეროს ქარტიას კი კანონის ძალა აქვს.

ამიტომაც არის, რომ 1948 წელს მიღებული დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის ნაწილად და ყველა ადამიანის ძირითადი თავისუფლების დამცველ დოკუმენტად ითვლება.
მიუხედავად ამისა, დეკლარაციის ტექსტში არ არის ნახსენები სექსუალური უმცირესობების დაცვა.

18 დეკემბერს 66 ქვეყნის დიპლომატებმა მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომელის თანახმად, დადგა დრო, სექსუალური ორიენტაციის საკითხი გაეროს გენერალური ასამბლეის განხილვის საგნად იქცეს.

ხელმოწერების შეგროვების ინიციატორები იყვნენ საფრანგეთი, არგენტინა, ბრაზილია ,ხორვატია, გაბონი, ნიდერლანდები და ნორვეგია.

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა შინაგა საქმეთა და ადამიანის უფლებების საკითხებში, რამა იადემ განაცხადა:

"დღეს 66 სახელმწიფო არღვევს დუმილს და აცხადებს, რომ ძირითადი თავისუფლებები და სექსუალური ორიენტაციისა და სქესობრივი თვითშეგნების საკითხები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. როგორ შეგვიძლია 21-ე საუკუნის დამდეგს შევეგუოთ, რომ ადამიანები შეიძლება დააპატიმრონ, აწამონ და სიკვდილით დასაჯონ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო?"

იადეს თქმით, ის, ვინც ვერ ახერხებს ჰომოსექსუალების უფლებების დაცვას, ასეთი ბოროტმოქმედებების თანამზრახველია.

დიპლომატების აზრით, ახალი მემორანდუმი საკმარისი არ არის ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ბისექუალების უფლებების დასაცავად, მაგრამ ის ისტორიული ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.

ინიციატივას მიესალმა გაეროს შიდსის პროგრამა. მისი წარმომადგენლების თქმით, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ხელს შეუწყობს შიდსით საავადებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

დეკლარაციას მხარდაჭერა აღუთქვა გაეროს კომისარმა ადამაინის უფლებების სფეროში, ნავი პიილაიმაც.

ჰომოსექსუალიზმი აკრძალულია და ისჯება 77 ქვეყანაში. სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენება შვიდ ქვეყანაში: საუდის არაბეთში, გაერთიანებულ არაბულ საამიროებში, ირანში, მავრიტანიაში, ნიგერიაში, სუდანსა და იემენში.

47 ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი ნებადართულია, 57 ქვეყანში კი მიღებულია კანონმდებლობა სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად.

არ არსებობს ოფიციალური მინიმუმი, რომელიც საჭირო იქნებოდა ამ საკითხის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გასატანად. მაგრამ გაეროს 192 წევრიდან დაახლოებით ასის მხარდაჭერა მიიჩნევა სასურველ ზღვრად.

დეკლარაციის ინიციატორებმა იმედგაცრუება გამოხატეს იმის გამო, რომ მას მხარი არ დაუჭირეს შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ჩინეთმა.

მაგრამ, როგორც ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, ის მხურვალედ უჭერს მხარს სექსუალური უმცირესობების უფლებების გაუმჯობესებას და, მოსალოდნელია, რომ მისი მმართველობის პირობებში ამერიკაც შეუერთდება ამ ინიციატივას.
XS
SM
MD
LG