Accessibility links

logo-print

ეკონომიკური მიმოხილვა


2009 წელს საქართველოს მთავრობა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან დაცვის ახალი სტრატეგიით შეხვდა.

2 მილიარდ 200 მილიონი ლარის ოდენობით განსაზღვრული ღონისძიებების სტრატეგიული გეგმა ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური დახმარების პაკეტებს მოიცავს. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტში შედის საშემოსავლო გადასახადის შემცირების შედეგად ეკონომიკაში ჩასაბრუნებელი 250 მლნ ლარი. სოციალური დახმარების პაკეტის ღირებულება კი 1.6 მლრდ ლარია და, სხვა ღონისძიებებთან ერთად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დახმარების ზრდას ითვალისწინებს.

მთავრობის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, ომის გამო, ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს შეიმუშავა ეკონომიკური რეცესიის წინააღმდეგ გეგმა, რომლის ნაწილიც იყო ბრიუსელში ჩატარებული დონორთა კონფერენცია, სადაც საქართველოსთვის 4,5 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფა გადაწყდა; გადაწყდა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 750 მლნ აშშ დოლარის გამოყოფა და გადასახადების შემცირება. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, გლობალურმა კრიზისმა გეგმების შეცვლა გამოიწვია და მთავრობის გეგმას ახალი ღონისძიებები დაემატა.

კრიზისისგან დაცვის გეგმა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირება, ნაცვლად იმპორტის დაფინანსებისა; მსოფლიო კრიზისის პირობებში სოციალური დაცვის გაძლიერება და ინვესტორებისთვის საქართველოს ეკონომიკის მიმზიდველობის ზრდა. ამ ღონისძიებათა ფარგლებშია ანონსირებული საბაჟო და საგადასახადო კოდექსების შემდგომი გამარტივებაც.

სწორედ ამ სიახლეების კონტექსტშია დაგეგმილი და მიღებული 2009 წლის ბიუჯეტიც. მასში შემოსავლების მობილიზება უკვე ახალი საგადასახადო განაკვეთებით მოხდება. საშემოსავლო გადასახადი 25-დან 20%-მდე შემცირდა. განახევრდა დივიდენდზე გადასახადიც - 10-დან 5%-დე. 2009 წელს ეკონომიკის ზრდა 2,5%-ის ფარგლებშია დაგეგმილი, რაც შეეხება ინფლაციას, მომავალი წლისთვის ინფლაცია 7-8%-ის დონეზეა ნავარაუდევი.

წლევანდელი ბიუჯეტის ასიგნებები 6 მლრდ 252 მლნ ლარს შეადგენს. შედარებისთვის: 2008 წელს ის, ევროობლიგაციებთან ერთად, 7 მლრდ 200 მლნ ლარს შეადგენდა, ანუ წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელზე მილიარდი ლარით ნაკლებია.

2009 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც მთავრობა “დასაქმების ბიუჯეტს” უწოდებს, რიგი ცვლილებები შევიდა, მათ შორის, სოციალურ დახმარებათა პაკეტის 169 მლნ ლარით გაზრდის კუთხით. იანვრიდან ასაკით პენსიონერებს უკვე 5 ლარით გაეზარდათ პენსია, ნოემბრიდან კიდევ 5 ლარი მოემატებათ. ამას გარდა, სტაჟისა და ნამსახურების დანამატი ყველა პენსიონერისთვის 10 ლარს მიაღწევს - აქამდე ეს დანამატი 2-10 ლარის ფარგლებში დიფერენცირებულად გაიცემოდა.

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარება 1 ნოემბრიდან ასევე 5 ლარით გაიზრდება. გარდა ამისა, სიღარიბის ქვემოთ მყოფ ბენეფიციართა რაოდენობა 900 ათას ადამიანს მიაღწევს, თუმცა აქედან მხოლოდ 400 ათასი მიიღებს საოჯახო დახმარებას, 30 ლარს, რასაც დაემატება ოჯახის თითოეულ წევრზე 24 ლარი, ნაცვლად არსებული 12 ლარისა. 200 ათასი ბენეფიციარი მიიღებს 36 ლარს, ხოლო 300 ათასი - 18 ლარს. ამასთან, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 900-ვე ათასი ბენეფიციარი იქნება დაზღვეული. იმავდროულად, ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები: 32 ლარით 1 იანვრიდან და 25 ლარით - 1 სექტემბრიდან.

წლევანდელ ბიუჯეტში ორი ახალი სამინისტროს დაფინანსებაც არის გათვალისწინებული. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო 116 მილიონი ლარით დაფინანსდება. ამ სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბება საკონსტიტუციო ცვლილებამ განაპირობა, რომლითაც გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო გაერთიანდა. ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური პოლიტიკის სამინისტრო, რომელიც რეგიონების მართვის სახელმწიფო მინისტრის აპარატს და ეკონომიკის სამინისტროდან გამოყოფილ გზების და ტრანსპორტის დეპარტამენტებს გააერთიანებს.

ახალი სამინისტროები პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს ვადა პირველი თებერვლისთვის გადაიდო. მანადე კი ძველ სისტემაში საკადრო გადაადგილებები დაიწყო: რომან დალაქიშვილი, კარგა ხნის განმავლობაში საგზაო დეპარტამენტის შეფი, სავარძელს გამოემშვიდობა და ადგილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, მანადე კი გურიის გუბერნატორს, რამაზ ნიკოლაიშვილს დაუთმო. „საქართველოს რკინიგზიდან“ კი მისი გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას თანამდებობიდან წასვლას უკვე მერამდენედ ანონსირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეზუგბაიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება უკვე დაწერა. მის შემცვლელად კი „მარაბდა-კარწახის რკინიზგის~ დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბიძინა ბრეგაძე სახელდება.

მიმდინარე კვირაში ქართულ ლარს მოუვიდა ის, რაც არც ერთ წინა წელს არ დაფიქსირებულა. კერძოდ, ეროვნული ვალუტა, ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ახალი წლის წინა დღეებშიც კი გაუფასურდა. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ბოლო ვაჭრობაზე მისი ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით უკვე 1,6680 ნიშნულზე დაბალანსდა. გარე ბაზარზე კი კურსი უკვე მჭიდროდ მიუახლოვდა 1,7-იან ნიშნულს.

დოლარზე მიბმით დაიწყეს მომსახურების გაძვირება სხვადასხვა კომპანიებმაც. მაგალითად, `გაერთიანებული ტელეკომის” ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ყოველთვიური გადასახადი თბილისში 5-დან 8 ლარამდე იზრდება. 2009 წლიდან თვეში 8 ლარს გადაიხდიან ასევე ციფრული სადგურების აბონენტები სიღნაღში, თელავში, მარნეულში, გარდაბანში, გორში, ხაშურში, ქარელში, კასპში, ბორჯომში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხარაგაულში, სენაკში, ხობში, ოზურგეთში, ფოთში, აბაშაში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში. კომპანიის ცნობით, მოძველებული სატელეფონო სადგურების აბონენტებისთვის გადასახადი არ შეიცვლება და კვლავ 3 ლარი იქნება. გარდა ამისა, თვეში 4 ლარს გადაიხდიან რუსთავისა და ქუთაისის აბონენტები, რადგან ამ ქალაქებში სხვა სატელეფონო ოპერატორებიც მუშაობენ.

კრიზისის გავლენა ძლიერდება ქართულ მრეწველობაზეც. "ჭიათურმანგანუმში" მუშა-მოსამსახურეთა მასობრივი შემცირებები დაიწყო, რის გამოც უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვმა იმატა. გაჩერდა ღია კარიერის მომპოვებელი საამქროები, რის გამოც პერსონალი უმუშევარი დარჩა. შემცირდა სამუშაო დატვირთვაც: თვეში 31-დღის ნაცვლად, მუშები 18 დღით დაიქირავეს. შესაბამისად, ხელფასებიც განახევრდა. შექმნილი მდგომარეობის გამო, არ არის გამორიცხული, ჭიათურაში საპროტესტო აქციები დაიწყოს.

უმუშევრობის პირველმა ტალღამ უკვე გადაუარა საბანკო სისტემას. პირველმა ამის შეხახებ "ვი-თი-ბი ბანკმა ჯორჯიამ" განაცხადა და 80-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვა, 300 საშტატო ერთეული გააუქმა თიბისი ბანკმა, რეკორდი კი "საქართველოს ბანკმა" დაამყარა - მისი რიგები 830 თანამშრომელმა დატოვა. რეორგანიზაციის შედეგად, ბანკში მომენტალური განვადებისა და გარე გაყიდვების სამსახურები გაუქმდა, გარდა ამისა, განხორციელდა სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულების რესტრუქტურიზაცია, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულების ოპტიმიზაცია. რაც შეეხება განვადებების პუნქტების მოხსნას, ეს სერვისი საკრედიტო ბარათების მომსახურებამ უნდა შეცვალოს.

თუმცა, თანამშრომლების შემცირების გარდა, იმავე `საქართველოს ბანკს~ პოზიტიური სიახლეებიც აქვს. ქვეყნის ლიდერმა საბანკო ინსტიტუტმა წელი მაინც პოზიტიურად დახურა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან გასული წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს, 200 მილიონი დოლარი მიიღო, რაც მას გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგების გამკლავებაში დაეხმარება.

ორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან თითოეული 100 მილიონ დოლარს გამოყოფს ბანკის კაპიტალის მხარდასაჭერად და გრძელვადიანი ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად, რაც დაეხმარება ბანკს, განაგრძოს სესხების გაცემა ინდივიდუალური მომხმარებლებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

ერთი დღით ადრე კი, 30 დეკემბერს, `საქართველოს ბანკს~ აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო სააგენტო `ოპიკისგან~ 39 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტი მოუვიდა. ასე რომ, ქვეყნის ლიდერმა კომერციულმა ბანკმა ახალი წლისთვის მსხვილი ფინანსური ინექციები მიიღო.
XS
SM
MD
LG