Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ათეისტები გააქტიურდნენ


ბრიტანელმა აქტივისტებმა წამოიწყეს ათეისტური სარეკლამო კამპანია,

რომელიც, მათი მტკიცებით, იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მიმბაძველები გამოუჩნდა რამდენიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთსა და იტალიაში. ევროპელი ათეისტები ცდილობენ, სეკულარული ჰუმანიზმი წარმოსახონ ყველაზე რაციონალურ და სასიამოვნო მსოფლხედვად...

[მუსიკა]
ათეისტობა ევროპაში არასდროს ყოფილა ისე იოლი და, თუ თანამოაზრეების სიმრავლით ვიმსჯელებთ, სასიამოვნო, როგორც ახლა. ეკლესიები დაცარიელებულია, რელიგიისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება - თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს ვენდობით - ისტორიულად სარეკორდო მასშტაბს აღწევს. რწმენის ადგილს რაციონალიზმი და მომხმარებლური ცნობიერება ეპატრონება - იმდენად აქტიურად, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ თავისი მმართველობის ერთ-ერთ მთავარ ამოაცნად დაისახა სეკულარიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

ბრიტანეთის ჰუმანისტთა ასოციაციის დირექტორი ჰენ სტინსონი აღიარებს, რომ სეკულარიზმის მომხრეები, ერთი მხრივ, ვერ დაიჩივლებენ: ბრიტანეთის საზოგადოების, სულ ცოტა, 40 პროცენტი მიიჩნევს თავს არარელიგიურად, ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი 65 პროცენტსაც კი აღწევს. და მაინც, სტინსონის ორგანიზაციამ საჭიროდ მიიჩნია ფულის შეგროვებაში დახმარებოდა აქტივისტების ჯგუფს, რომელმაც ათეისტური სარეკლამო კამპანიის მოწყობა განიზრახა.

როგორც ჰენ სტინსონი განმარტავს: [სტინსონის ხმა] “ეს იდეა ჩაისახა, პრინციპში, ქრისტიანული სარეკლამო კამპანიის შედეგად, რომელიც შარშან შემოდგომაზე მოეწყო ლონდონის ავტობუსებში. თვით სარეკლამო ტექსტები მშვენიერი იყო: ციტატები ბიბლიიდან, იესო ქრისტეს სიტყვები. მაგრამ იქვე ეწერა საინტერნეტო მისამართი და თუ ვებსაიტს გაეცნობოდი, აღმოაჩენდი, რომ, თუ ქრისტეს მიმდევარი არა ხარ, განწირული ხარ მარადიული ტანჯვისა და ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის”.

ამ საინტერნეტო გაფრთხილებამ ისე გააჯავრა ბრიტანელი ათეისტები, რომ საპასუხოდ ავტობუსებშივე გააჩაღეს სარეკლამო კამპანია უფრო ოპტიმისტური პერსპექტივის ამსახველი ტექსტებით: მაგალითად, ასეთი ტექსტით: “ღმერთი, სავარაუდოდ, არ არსებობს. ნუღარ დარდობ და დატკბი ცხოვრებით!”

[მუსიკა]

ცხოვრებით ტკბობისაკენ მისწრაფების მიუხედავად, ბრიტანელი ათეისტები უკმაყოფილო არიან... ათეისტური სარეკლამო კამპანიის მხარდამჭერი ცნობილი მეცნიერი რიჩარდ დაუკინსი, მაგალითად აკრიტიკებს რელიგიისთვის, მისი შეფასებით, გაუმართლებლად დიდი ადგილის დათმობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ინგლისის ეკლესიისთვის ქვეყნის ოფიციალური ეკლესიის სტატუსის შენარჩუნებას.

შესაძლოა ამიტომაც, ათეისტური სარეკლამო კამპანია მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა: ორგანიზატორებს 3000-მდე დოლარის შეგროვების იმედი ჰქონდათ ლონდონის ავტობუსებში პლაკატების დასაფინანსებლად, ამ დროს 200 000 დოლარზე მეტი მოაგროვეს და ათეისტური კამპანია უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშალეს. [სტინსონის ხმა] “როცა ხალხისაგან ფულს ვაგროვებდით, ძალიან ბევრი მათგანი ამბობდა, რომ მათ გარშემო, ყველგან არის რელიგია, რაც თავისთავად არ ადარდებთ. ადარდებთ ის, რომ ათეისტებსა და ჰუმანისტებს თავიანთი პოზიციის გამოხატვის საშუალება არა ეძლევათ. ჩვენი კამპანია, ვფიქრობ, განამტკიცებს რწმენის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს. რადგან, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია რელიგიურ ადამიანებს ჰქონდეთ ულფება, გამოხატონ თავიანთი რწმენა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, არა-რელიგიურებსაც ჰქონდეთ თავიანთი შეხედულებების გამოხატვის უფლება”.

ბრიტანეთის ჰუმანისტთა ასოციაციის დირექტორის, ჰენ სტინსონის ამ შეხედულებას იზიარებს ბრიტანელი ქრისტიანების ლიდერთა უმრავლესობაც. მათი შეფასებით, ათეისტების გააქტიურება ხელს უწყებს დიალოგს მორწმუნეებსა და ათეისტებს, თუ აგნოსტიკოსებს შორის, რაც მისასალმებელია თუნდაც ერთმანეთის შესახებ მეტი ინფორმაციის შესატყობად.

ამასობაში, ლონდონელი აქტივისტების ათეისტური ინიციატივა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც აიტაცეს - მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. თუ გავითვალისწინებთ ევროპის ამ ქვეყნების ხანგრძლივ, და ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერ კათოლიკურ ტრადიციებს, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ გააქტიურებულ ათეისტებთან დისკუსიაში თვით რომის პაპიც ჩაერთვება. მას ხომ თავისი მმართველობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად აქვს დასახული სეკულარიზმის წინააღმდეგ ბრძოლა...
XS
SM
MD
LG