Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს „ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და რუსეთს


რუსეთ-უკრაინის გაზის კონფლიქტმა აქტუალობა შესძინა „ნაბუკოს“ გაზსადენის მშენებლობის პროექტს, რომელმაც ევროპა რუსეთის ალტერნატიული გაზით უნდა მოამარაგოს.


ამ პროექტის პერსპექტივების განსახილველად ბუდაპეშტში დაინტერესებული ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, თბილისში კი, „რია ნოვოსტის“ ოფისში, „ნაბუკოს“ პროექტის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ექსპერტების ტელეხიდი გაიმართა.

”ნაბუკოს” გაზსადენის მთავარი მიზანია კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირი, მომავალში კი ცენტრალური აზიის გაზიც, ევროპას რუსეთის გარეშე, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით მიაწოდოს. შესაბამისად, ამ პროექტმა ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა და სწორედ ამიტომაც ის უამრავ წინააღმდეგობას წააწყდა.

რუსეთი ცდილობს ევროპაც და „ნაბუკოს“ პროექტის მონაწილე ქვეყნებიც დაარწმუნოს, რომ პროექტი წარუმატებელია, რადგან მასში არ მონაწილეობენ გაზის მწარმოებელი ქვეყნები. რუსი ექსპერტების აზრით კი, ”ნაბუკოს” წარუმატებლობის მიზეზი თავად პროექტის დასახელებაშიცაა. რუსეთის ენერგეტიკისა და ფინანსების ინსტიტუტის დირექტორის ლეონიდ გრიგორიევის კომენტარი:

[ლეონიდ გრიგორიევის ხმა] „პროექტს უცნაური ბედი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის დაიწყო არამომგებიანი სახელწოდებით, რამდენადაც თურქეთის დელეგაციისთვის სულ ერთი იყო ვენის ოპერაში რა ერქვა იმ მეფეს – ნაბუკოს. რუსულ ენაზე ეს საერთოდ ბიბლიური პერსონაჟია, რთულად წარმოსათქმელი სახელწოდებით... და, რა თქმა უნდა, სულელი ბიბლიური მეფის სახელის არჩევა პროექტისათვის იმასვე ნიშნავს, რასაც აღმოსავლეთში დიდი შაითანი.“

ამ რელიგიურ–ლინგვისტური გარჩევის შემდეგ „რია ნოვოსტის“ მოსკოვის ოფისში ორი ექსპერტი ირწმუნებოდა, რომ პროექტში არ მონაწილეობს გაზის მომპოვებელი ქვეყანა, რომ გაურკვეველია სჭირდება თუ არა ევროპას დამატებითი გაზი და რომ თურქეთი ამ პროექტით ევროპის შანტაჟირებას ცდილობს და ასე შემდეგ.
რუსი ექსპერტების მოსაზრებებს თბილისში ენერგეტიკის ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე დაეთანხმა:

[ლიანა ჯერვალიძის ხმა] „მე მიმაჩნია, რომ სანამ ჩვენ არ ვიხილავთ მწარმოებლებს ამ პროექტში, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის სახით, ან ევროპის კომერციულ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, ან გაზის მწარმოებლებს თურქმენეთიდან ან ყაზახეთიდან, ეს პროექტი - ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის მიმართულებით - არ განხორციელდება.“

პესიმისტური პროგნოზების ავტორები ფიქრობენ, რომ რადგან რუსეთს უკვე შესყიდული აქვს ცენტრალური აზიის გაზის მარაგი, „ნაბუკოს“ მილსადენის შესავსებად გაზი არავის ექნება, თუ არ ჩავთვლით ირანს, რომელიც ჯერჯერობით ჩართულიც კი არ არის მოლაპარაკებათა პროცესში.

აზერბაიჯანელი ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ მათ ქვეყანაში მხოლოდ შახდენიზის გაზის საბადოს ”ნაბუკოს” პროექტისთვის საჭირო გაზის 40 წლის მარაგია. ნავთობისა და გაზის ექსპერტმა ილჰამ შაბანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ”ნაბუკოს” გაზის მომპოვებლებად მხოლოდ ცენტრალური აზიის ქვეყნები და ირანი განიხილება და არა აზერბაიჯანი.

[ილჰამ შაბანის ხმა] „„კასპიის ნავთობი და გაზი 2008“–ზე დამტკიცდა რომ მხოლოდ შახდენიზის პროექტის ფარგლებში გაზის ამოსატუმბი მარაგი 1.3 ტრილიონი კუბმეტრია. და თუ გავითვალისწინებთ ”ნაბუკოს” საპროექტო სიმძლავრეს, ეს მარაგი სტაბილური მიწოდებისთვის 40 წლის მანძილზე ეყოფა. მაშინ რატომ არ მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკება ამ პროექტის კომერციულ ოპერატორთან ან აზერბაიჯანთან?“

აზერბაიჯანელი ექსპერტები იმის დამტკიცებასაც შეეცადნენ, რომ ”ნაბუკო” არ არის რუსეთის კონკურენტი პროექტი და რომ მისი მოცულობა რუსეთის მიერ განხორციელებული ტრანზიტის 20 პროცენტსაც კი არ შეადგენს.


მიუხედავად ოფიციალური ბაქოს მცდელობისა, არ მოხდეს ”ნაბუკოსა” და სხვა ენერგეტიკული პროექტების პოლიტიზირება, ეს მაინც ხდება, რადგან რუსეთი ცდილობს თავის გვერდით არ დაუშვას თუნდაც ერთი მცირე უკონტროლო მილსადენის არსებობა.

ენერგეტიკა რომ დიდი პოლიტიკაა, ამაზე მიუთითებს ეკონომიკის ქართველი ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. მისი აზრით, ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება გაზის მწარმოებელთა სურვილიც, შუამავლის – რუსეთის -გარეშე უფრო ხელსაყრელად გაყიდონ საკუთარი პროდუქცია:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „თუ ფასები იზრდება, ესე იგი იქ არის გარანტირებული მოთხოვნა და მყიდველები მზად არიან გადაიხადონ. ცხადია, მათთვის მომგებიანია გადაიხადონ უფრო ნაკლები, ხოლო გამყიდველებმა მიიღონ უფრო მეტი. აქ კი ჩანს, რომ ორივესთვის სარფიანია, თუ გაზსადენების ქსელი იქნება უფრო ფართოდ განვითარებული. აქეთკენ მიდის ახლა ყველაფერი.“ (სტილი დაცულია)

ევროკავშირი ცდილობს ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა შეიმუშაოს. ამ ინიციატივით გამოდის კავშირის ახლანდელი მორიგე თავმჯდომარე, ჩეხეთის რესპუბლიკა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ძველი სახელმწიფოები ახალი წევრების ენერგოუსაფრთხოებაზეც იზრუნებენ და, მაშასადამე, „ნაბუკოს“ პროექტის რეალიზებაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც ჩაერთვებიან, რათა აღარ განმეორდეს რუსეთ-უკრაინის გაზის კონფლიქტის მსგავსი სიტუაცია, როდესაც მხოლოდ ევროპის კავშირის ახალი წევრი ქვეყნები დაზარალდნენ.
XS
SM
MD
LG