Accessibility links

logo-print

საარჩევნო კოდექსი – რესპუბლიკელებისა და ახალი მემარჯვენეების მიერ შექმნილი ცვლილებების პროექტი


”პოლიტიკური კონსენსუსის უცილებლობიდან გამომდინარე, პარტიული განვითარებისა და პოლიტიკური სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე,

საჭიროა საქართველოში პარლამენტის არჩევის მექანიზმი შეიცვალოს და დავუბრუნდეთ 1 წლის წინ მიღწეულ შეთანხმებას, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები,“– ნათქვამია რესპუბლიკური პარტიისა და ახალი მემარჯვენეების ალიანსის ერთობლივ განცხადებაში. განცხადებაში დეტალურადაა გაწერილი წინადადებები, რომლებიც, ამ ოპოზიციური ალიანსის შეფასებით, საარჩევნო კოდექსის სრულყოფას უნდა დაედოს საფუძვლად.

საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას ასახელებს. საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის დასაწყებად პრაქტიკულად მზადაა მმართველი პარტიაც, იმ განსხვავებით, რომ იგი არ ჩქარობს:

[დავით ბაქრაძის ხმა]“ საქართველოში დაგეგმილი უახლოესი არჩევნები გახლავთ 2010 წლის შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამიტომ ამ ჯგუს საკმაო დრო აქვს იმისათვის, რომ დინჯად და მშვიდად, სამუშაო ვითარებაში მოიფიქროს და გააანალიზოს ყველა ის ცვლილება, რომელიც აუცილებელია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში და გახლდათ საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ხნის რეკომენდაცია.“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იგულისხმა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი, რომლის შექმნის ინიციატივითაც იგი გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, გამოვიდა. ჯგუფში სამუშაოდ მან, საპარლამენტო ოპოზიციის გარდა, პარლამენტსგარეთა ოპოზიციაც მიიწვია. პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მიხეილ მაჭავარიანს, მოუსმინეთ.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]“ მე როგორც ვიცი, არავინ არ გამოეხმაურა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და საპარლამენტო ოპოზიციის გარდა. არასაპარლამენტო ოპოზიცია, მე როგორც ვიცი, არ გამოეხმაურა, იყო მოლაპარაკება ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მეშვეობით, მაგრამ, მე მგონი, იქაც საბოლოოდ მისკომუნიკაცია. ეტყობა, ვერ შეთანხმდნენ.“

მიხეილ მაჭავარიანის პასუხად, რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, ამბობს, რომ საპარლამენტო კომისია პრაქტიკულად არ არსებობს, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურობენ და მათი მცდელობა წარმატებულიც იქნება.თუმცა არა საპარლამენტო კომისიის ფარგლებში. იგი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა იძულებული გახდება საარჩევნო კანონმდებლობის დროულად შეცვლის დიალოგში ჩაერთოს, იმის მიუხედავად, აქვს მას თუ არა ამის სურვილი.

[დავით ბერძენიშვილის ხმა]“ პრაქტიკულად ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ, ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ, ის იძულებული იქნება დათანხმდეს ვადამდელ არჩევნებს და ჩვენ წინასწარ ვთავაზობთ მათ სამოქმედო გეგმას, დრო რომ მოვიგოთ და მაქსიმალურად მოსწრებად დროში, წელს ჩატარდეს საქართველოში არჩევნები და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვის უნდა მიანიჭოს მანდატი, რომელ პარტიას რა დოზით.

პროექტი კი, რომელიც რესპუბლიკელებსა და ახალ მემარჯვენეებს განსახილველად გამოაქვთ, საარჩევნო კოდექსს 7 ძირითადი მიმართულებით ცვლის – მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, დავები, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანია, უბნები, ვიდეოთვალი და, რაც ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო სისტემა.

[მამუკა კაციტაძის ხმა]“ მოგეხსენებათ, რომ, მიუხედავად ერთი წლის წინ ოპოზიციური სპექტრის და ხელისუფლების შეთანხმებისა,საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით, უკანასკნელ მომენტში მუხანათურად იქნა შეცვლილი საარჩევნო სისტემა და დამკვიდრდა ეგრეთ წოდებული 75–75–ზე. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ, რომ აღდგეს ის შეთანხმება და 100 ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული მანდატი იყოს პარლამენტში, ხოლო 50 - რეგიონალური პროპორციული სისტემით.“

ამბობს ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე, რომლის განმარტებითაც, რეგიონების მიხედვით მანდატების კვოტების დადგენის ძირითად მსაზღვრელად, პროექტის თანახმად, აღებულია ამომრჩეველთა რაოდენობა კონკრეტულ რეგიონებში. ამავე პროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას სამდონიანი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო დავების განმხილველი არბიტრაჟი, ვიდეოთვალი უნდა დაიდგას ყველა უბანში, გადაღებული მასალა საჯარო უნდა გახდეს, ამომრჩევლის პირადობის მოწმობები უნდა დამზადდეს მეხსიერების მაგნიტური ლენტით და ასე შემდეგ. რესპუბლიკური პარტიისა და ახალი მემარჯვენეების წინადადებები საარჩევნო კოდექსის სრულყოფისათვის საკმაოდ მოცულობითი, ოთხგვერდიანი დოკუმენტია და იგი განსახილველად ყველა დაინტერესებული პირისა და სუბიექტისთვის ღიაა.
XS
SM
MD
LG