Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ ქეი სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებლად ცნო


ჯოზეფ ქეი
ჯოზეფ ქეი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 თებერვალს დააკმაყოფილა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ნათესავის ჯოზეფ ქეის სარჩელი.

და იგი გარდაცვლილი ბიზნესმენის ანდერძის აღმსრულებლად ცნო. ჯოზეფ ქეის დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და საქმის წარმოების სხვა ინსტანციაში გაგრძელებას გეგმავს. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, ჯოზეფ ქეის უარი ეთქვა ბადრი პატარკაციშვილის სამკვიდროს მმართველად აღიარებაზე, თუმცა მიჩნეულ იქნა გარდაცვლილი ბიზნესმენის ანდერძის აღმსრულებლად. ამავე გადაწყვეტილებით, ბადრი პატარკაციშვილის ქონების მემკვიდრეებს აეკრძალათ ჯოზეფ ქეისთვის, როგორც ანდერძის აღმსრულებლისათვის, მისი უფლება–მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა. აღნიშნულს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დაცვის მხარე გარდაცვლილი ბიზნესმენის ქონების მართვის, განკარგვისა თუ მოვლა–პატრონობისგან ოჯახის სრულ ჩამოცილებად განიხილავს, გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და არც იმ აზრს იზიარებს, თითქოს ჯოზეფ ქეის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიმართა ეგრეთ წოდებულ „პიარულ ხერხს“, რაც საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, - გვითხრა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ:

[ლაშა ბირკაიას ხმა] “ჯოზეფ ქეი ითხოვდა აღიარებული ყოფილიყო ერთდროულად როგორც ანდერძის აღმასრულებლად, ისე სამკვიდროს მმართველად. სამართლებრივი ბუნებით, ეს ორი ინსტიტუტი არის აბსოლუტურად იდენტური, ორთავე ინსტიტუტს გააჩნია აბსოლუტურად ერთი და იგივე კომპეტენცია. კანონში წერია, რომ თუ არსებობს ანდერძის აღმასრულებელი, არ არსებობს საჭიროება იმისა, რომ დაინიშნოს სამკვიდროს მმართველი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთქვათ, ორთავედ იქნებოდა აღიარებული ჯოზეფ ქეი, როგორც ანდერძის აღმასრულებლად და სამკვიდროს მმართველად თუ ერთ–ერთ მათგანად, ჯოზეფ ქეისთვის, შედეგის თვალსაზრისით, არანაირი განსხვავება არ ჰქონდა.“ (სტილი დაცულია)

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში, სააპელაციო და საკასაციო დონეზე, გასაჩივრებას გეგმავს. თუმცა ამთავითვე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ინსტანციებში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას ვერ მიაღწევს. შესაბამისად, უკვე კეთდება განაცხადი იმის შესახებ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ქონების საქმესთან დაკავშირებით საზღვარგარეთ აღძრულ რამდენიმე საქმეს საერთაშორისო დონეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოც დაემატება.

სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ჯოზეფ ქეის დაცვის მხარეც. აი, რა განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2–ს” ადვოკატმა არჩილ ლეჟავამ:

[არჩილ ლეჟავას ხმა] “სავარაუდოდ, გავასაჩივრებთ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, თუ რა გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების გამოტანისას.“

სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას, გარემოებებთან ერთად, საფუძვლად ედო დოკუმენტები, ანუ, ბადრი პატარკაციშვილის დაცვის მხარის შეფასებით, გაყალბებული ქსეროასლები, რომლებიც სამართლებრივად ჯოზეფ ქეის ანდერძის აღმსრულებლად აღიარების უფლებას არ იძლეოდა. ადვოკატ ლაშა ბირკაიასთვის გაუგებარია ისიც, რატომ დასჭირდა ჯოზეფ ქეის ამ დოკუმენტების სასამართლოს ძალით დამოწმება, სასამართლოს ძალით აღიარება. მოსარჩელე ამ საქმეში, მოგეხსენებათ, ჯოზეფ ქეია:

[ლაშა ბირკაიას ხმა] “თუ თავისთავად თვითკმარია ის ორი დოკუმენტი, რომელზეც ის ამბობს, რომ ერთი არის ანდერძი და მეორე აღმასრულებლად დანიშვნის აქტი, მაშინ სასამართლოს გამოყენება, უბრალოდ, გაუგებარია, რითი იქნა განპირობებული. მაგრამ ნათელია იმ თვალსაზრისით, რომ ის დოკუმენტები თავისთავად არ იძლევიან იმის საფუძველს, რომ ეს იყოს აღიარებული და ქართული სასამართლოს გამოყენება ხდება ჯოზეფ ქეის სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.“ (სტილი დაცულია)

პატარკაციშვილმა დატოვა ანდერძი და მინდობილობა, რომელიც ჯოზეფ ქეის მისი ქონების გამანაწილებლად ასახელებს. – ძირითადად, ასე ჟღერს ჯოზეფ ქეის მტკიცება, რომელიც, სასამართლოს ძალით, უკვე მტკიცებულებაა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის ერთადერთ აღმსრულებლად ჯოზეფ ქეი აღიარა. თავად ქეიმ ამ დღეებში საჯაროდ განაცხადა, რომ იგი ბიზნესმენის ქონების გამანაწილებელია და მემკვიდრეობაზე პრეტენზია არ აქვს. ამ ცოტა ხნის წინ იგივე დაადასტურა მისმა ადვოკატმა ქეთევან ქვარცხავამ:

[ქეთევან ქვარცხავას ხმა] “ვაცხადებ კატეგორიულად, რომ ბატონი ჯოზეფ ქეი არ წარმოადგენს ბადრი პატარკაციშვილის ქონების მემკვიდრეს. იგი არ არის დასახელებული მემკვიდრედ არც ანდერძში. შესაბამისად, არანაირი პრეტენზია პატარკაციშვილის ქონებაზე მას არ გააჩნია.“

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ჯოზეფ ქეის გარდაცვლილი ბიზნესმენის აქტივების მითვისების გამოც ედავება. უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20 თებერვლის განჩინების შედეგს რაც შეეხება, ოჯახი შეეცდება დაამტკიცოს, რომ ბიზნესმენის მემკვიდრეები ქონებას შუამავლისა და მომრიგებლის გარეშეც კარგად გაინაწილებენ.
XS
SM
MD
LG