Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატთა ასოციაცია კვლავ თავმჯდომარის გარეშე დარჩა


ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე, უკვე მესამედ, კვორუმი ვერ შედგა და, შესაბამისად, ვერც ახალი თავმჯდომარე აირჩიეს.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადებით ყველა ადვოკატს კრებაზე მისვლისკენ მოუწოდა, 1700 ადვოკატის შეკრება ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ვერ მოხერხდა. თავად ადვოკატები აცხადებენ, რომ ასოციაცია პარალიზებულია და ერთადერთი გამოსავალი პარლამენტის პირველივე სესიაზე ამ საკითხის დაყენება და საკანონმდებლო ცვლილებებია.

ადვოკატთა ასოციაცია დღეს მესამედ შეეცადა სრული შემადგენლობით შეკრებილიყო ახალი თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების ასარჩევად, მაგრამ ამაოდ. საჭირო რაოდენობა - 1700 ადვოკატი - ვერ შეიკრიბა. ამას ვერც წინა დღეებში ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, მამუკა მდინარაძის, პრესკონფერენციამ უშველა და ვერც სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის, მოწოდებამ - ადვოკატები კრებაზე მისულიყვნენ. კრება მალე დაიშალა:

[გელა ნიკოლაიშვილი] ”სამწუხაროდ, კრებაზე კვორუმი ვერ შედგა. გამოაცხადეს, რომ, მართალია, ათას კაცს გადასცდა კრებაზე დამსწრეთა რაოდენობა, მაგრამ კვორუმი შეადგენს 1714 კაცს და 500-600 კაცის მომატება დღეს პრაქტიკულად არარეალურია.”

გვითხრა კრებიდან გამოსულმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. ერთადერთი მანუგეშებელი მომენტი ის იყო, რომ თუ წინა შეკრებებს 300-400 ადვოკატი ესწრებოდა, დღეს ამ რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა.
განსაკუთრებით აღელვებული იყო კრების შემდეგ ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თვმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატიც გახლავთ. ის იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შეიძლება ასოციაციის უხელმძღვანელოდ დარჩენას მოჰყვეს:

[ზაზა ხატიაშვილი] ”თუ ეს არ მოხდა, ეთიკის კომისიას წაიღებს სახელმწიფო ორგანო და ყველა ადვოკატს გაგვრიცხავენ, რომლებიც საპროცესო შეთანხმებას არ გავაფორმებთ. აი, ეს არის უბედურება. ეს უნდათ, რომ ადვოკატთა დასჯის, ანუ ეთიკის კომისია, დაიქვემდებაროს ადეიშვილის ან რომელიმე სხვა უწყებამ. და თუ ამას დაუშვებენ ადვოკატები, ადვოკატები კი არა, რაღაც საშინელი ხალხი გამოვალთ. იცით, რატომ არ მოდიან? კანონში არის ცვლილება შესატანი. კვორუმი რომც შეიკრიბოს, ერთ კაცს უნდა მისცენ 1700-ვე ხმა და ყველამ იცის, რომ ამ გზით თავმჯდომარე არ აირჩევა და არ მოვლენ, აბა რა.” (სტილი დაცულია)

კანონს დაუხვეწავს და ცუდს უწოდებს გელა ნიკოლაიშვილიც. მის მიხედვით, მხოლოდ სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასწრების შემთხვევაშია შესაძლებელი კრების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება:

[გელა ნიკოლაიშვილი] ”ეს პრაქტიკულად შეუძლებელია - 4000-მდე ადვოკატის ნახევარზე მეტის შეკრება. და თან კანონში არის ჩადებული კურიოზული რამ, რომ ამ სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა უნდა მისცეს ხმა, რომ თავმჯდომარე ავირჩიოთ.”

არადა, ადვოკატთა ასოციაციის მდგომარეობა, როგორც ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს, ასეთია:

[ეკა ბესელია] ”დაშლის პირას არის ასოციაცია. ვადა გაუვიდა მის თავმჯდომარეს, ასევე ყველა ორგანოს, რომელიც ჰყავს ასოციაციას - ეს არის ეთიკის კომისია, სარევიზიო და აღმასრულებელი საბჭო.”

ასოციაციის სახელით პარლამენტში უკვე შესულია კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი, რომელიც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობამ მიიღოს და არა ზოგადად სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ. გელა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში გახდება რეალური ყრილობის ჩატარება.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, მამუკა მდინარაძე, აცხადებდა, რომ ადვოკატებს ურეკავენ და ეუბნებიან, არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლების სავარაუდო გეგმაზე ეკა ბესელიას მოსაზრება ასეთია:

[ეკა ბესელია] ”პარლამენტი აჭიანურებს ცვლილებების მიღებას ადვოკატთა შესახებ კანონში. ეს ნამდვილად ვიცით, რომ ასეა. ორი წლის წინაც იდგა ეს პრობლემა, ხელისუფლებას მაშინაც ჰქონდა მომზადებული გეგმა ადვოკატთა ასოციაციის რამდენიმე ასოციაციად დაშლის შესახებ, რაც მაშინ არ განხორციელდა. და არ არის გამორიცხული, ახლაც იყოს ეს გეგმა, რაც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს დღეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადვოკატთა კორპუსს.

რა საფრთხეებს გულისხმობს ადვოკატთა ასოციაციის დაშლა, თუ ასეთი გეგმა მართლაც არსებობს?

[ეკა ბესელია] ”საფრთხე არის იმისა, რომ იყოს სხვადასხვა ეთიკური ქცევის წესები, გამოცდების სხვადასხვა წესი, განსხვავებული სტანდარტები დაამკვიდრონ სხვადასხვა ასოციაციებმა და გახდნენ მართვადები. მაგალითად, შექმნას ხელისუფლებამ ასკაციანი ორგანიზაციები და მართოს ეს ადვოკატები.” (სტილი დაცულია)

ადვოკატთა ასოციაციის შესახებ თავად ადვოკატებს გამოუთქვამთ არაერთხელ პრეტენზია იმის შესახებ, რომ ის არ იცავს მათ უფლებებს. გელა ნიკოლაიშვილი გვეუბნება, რომ ასოციაცია ვერ მუშაობს ეფექტურად. შენიშვნები სხვადასხვა ხასიათისაა:

[გელა ნიკოლაიშვილი] ”ნდობა დაკარგული აქვს მას, რადგან ადვოკატთა უფლებებს რეალურად ვერ იცავს. თან ფორმალურად ყველა ადვოკატი ვალდებულია იყოს ამ ასოციაციის წევრი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არა აქვს საადვოკატო საქმიანობის უფლება და, მე მგონი, ესეც არასწორია. ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება აირჩიოს რომელ გაერთიანებაში სურს მას ყოფნა.”

ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკული ადვოკატთა ასოციაციის ”ეი ბი ეი”-ის მოდელი გადმოიღო, რამაც საქართველოში არ გაამართლა და ვერ გახდა ისეთი გაერთიანება, როგორიც, ზაზა ხატიაშვილის თქმით, უნდა იყოს. აი, ასეთი:

[ზაზა ხატიაშვილი] ”ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს დღევანდელ ხელისუფლებასთან არაკომპრომისულ მდგომარეობაში. უნდა მოსთხოვოს პასუხი თითოეულ უკანონო გადაწყვეტილებაზე სახელმწიფოს თუ თითოეული მოსამართლის განაჩენს. როდესაც ადამიანის უფლებები ილახება, როცა ადამიანს აწამებენ, ამაზე თუ ადვოკატთა ასოციაციამ არ გააკეთა საკუთარი განცხადება და არ ექნა საკუთარი აზრი, ადვოკატთა ასოციაცია იქნება ისეთივე დაჩაგრული, როგორიც ახლაა.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG