Accessibility links

logo-print

საქართველოში გაერთიანებული შტაბის უფროსს სამხედრო ფორმა გახადეს


ხუთშაბათს ოფიციალურად გახდა ცნობილი უმაღლეს სამხედრო ეშელონებში განხორციელებული ახალი ცვლილების შესახებ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე. ყოფილმა შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, რომელიც ამ თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვის დანიშნული იყო, სამხედრო ფორმა გაიხადა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის სავარძელში გადაინაცვლა. ეს დანიშვნა საქართველოს ხელისუფლებამ წარმოაჩინა როგორც უბრალო საკადრო ცვლილება, თუმცა, სამხედრო ექსპერტების თქმით, მომხდარი გადაადგილება შეირაღებულ ძალებში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია შევა როგორც ყველაზე დღენაკლული გაერთიანებული შტაბის უფროსი. 4 მარტს, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაჩიბაია თანამდებობიდან გადააყენა, 38 წლის ოფიცერი ამ პოსტზე მხოლოდ 3 თვის დანიშნული იყო. გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას დანიშვნის იდეა კი მოდიოდა თავდაცვის მინისტრ ვასილ სიხარულიძისაგან, რომელმაც მომავალი შტაბის უფროსი ამერიკაში გაიცნო, სადაც 2007-2008 წელს პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული სამხედრო უმაღლესი სასწავლებელი, ” არმიის ომის კოლეჯი”, დაასრულა. თუმცა 5 მარტს, როდესაც ახალ დანიშვნებზე ლაპარაკობდა, დავით სიხარულიძე, რომელმაც ორი კვირის წინ სწორედ პოლკოვნიკ ჩაჩიბაიასთან ერთად წარუდგინა ქვეყანას არმიის რეფორმირების ახალი გეგმა, მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა:

[ვასილ სიხარულიძე] ”პოლკოვნიკი ჩაჩიბაია გახდება ჩემი პირველი მოადგილე, რომელიც კურირებას გაუწევს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტს, ანალიტიკურ დეპარტამენს. ასევე თემატურად მე მას მინდა ვთხოვო და ჩავაბარო მთლიანად განათლების სფერო.” (სტილი დაცულია)

პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უყოყმანოდ მიიღო ეს შეთავაზება, რაც ყველა ნორმალურ სახელმწიფოში იქნებოდა დაქვეითება პროფესიონალი სამხედროსთვის, რომელსაც სამხედრო კარიერის ზენიტში ნაადრევად ხდიან სამხედრო ფორმას და გაუგებარი ფუნქციით პოლიტიკურ თანამდებობაზე უშვებენ. თუმცა პოლკოვნიკი ჩაჩიბაია ასე არ ფიქრობს.

[პოლკოვნიკი ჩაჩიბაია] ”მინისტრის ხედვიდან გამომდინარე, ვიმოქმედებთ შესაბამისად და რაც აუცილებელი იქნება პროცედურულად, ყველა იმ ღონისძიებას გავატარებთ.” (სტილი დაცულია)

სამ თვეში გენერალური შტაბის უფროსის შეცვლამ ვერ გაანელა ეჭვები არმიის ხელმძღვანელობაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ. სამხედრო ექსპერტები და მიმომხილველები ბოლო ხანს ლაპარაკობდნენ ჩაჩიბაიას დაპირისპირებაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაიასთან, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი გენერალური შტაბის ფინანსებსა და ლოგისტიკას აკონტროლებდა და ერეოდა არმიის საბრძოლო მომზადების საკითხებში. ამ დაპირისპირების თაობაზე 5 მარტს საგანგებო განცხადება გაავრცელა რამდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. გაურკვეველ საკადრო გადაადგილებას უწოდებენ გაერთიანებულ შტაბში მომხდარ საკადრო ცვლილებებს დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორი ირაკლი სესიაშვილი გაოგნებულია პროფესიონალ ოფიცერთა კადრებისადმი ასეთი გაუფრთხილებელი მოპყრობით:

[ირაკლი სესიაშვილი] ”მათი გადინება ხდება სამოქალაქო-პოლიტიკურ თანამდებობებზე, მაშინ როდესაც ქვეყანას სულ უფრო მეტად სჭირდება პროფესიონალი სამხედროები.”

რაც შეეხება გაერთიანებული შტაბის ახალ უფროსს, ეს პოსტი დაიკავა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ, რომელმაც, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, თავი ისახელა აგვისტოს ომში. ნიშნავს თუ არა ეს დანიშვნა, რომ საქართველოს არმიაში პრიორიტეტული სწორედ შეტევითი ოპერაციების დაგეგმვა გახდება? ძნელი სათქმელია. 5 მარტს გენერალ ჭანკოტაძეს საკუთარ გეგმებზე ბევრი არაფერი უთქვამს:

[დევი ჭანკოტაძე] ”არაფერი არ შეიცვლება. როგორც იყო, ეგრე ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვეულებრივ. პროსტო, ხელმძღვანელი შეიცვალა. მეტი არაფერი.” (სტილი დაცულია]

რაღაც, ალბათ, მაინც შეიცვალა ან მომავალში შეიცვლება. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი, რასაც ჰქვია, პირწმინდად საბჭოთა რუსული სამხედრო სკოლის აღზრდილია. დევი ჭანკოტაძეს დამთავრებული აქვს მხოლოდ საბჭოთა არმიის თბილისის საარტილერიო სასწავლებელი და ეროვნული თავდაცვის უნივერსტიტეტის სამეთაურო კურსები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში.
XS
SM
MD
LG