Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი კვლავ ღრმავდება


როგორც ჩანს, გლობალური ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. ბოლო 24 საათის მანძილზე საფონდო ბირჟებზე, უოლსტრიტიდან ტოკიომდე, საფონდო ინდექსების ვარდნა აღინიშნა.

იაპონიის ინდექსი ”ტოპიქსი” დღეს ყველაზე დაბალ, 25 წლის წინანდელ, ნიშნულამდე დაეცა. ასეთივე ვარდნა ემუქრება აშშ-ის ბირჟებს, რადგან ამერიკელების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და პროდუქციის ფართო სპექტრის მწარმოებელი ”ჯენერალ მოტორსი” გაკოტრების წინაშე დგას. საქმეს ვერც ვაშინგტონის მიერ ახლახან გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ უშველა.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მარტო თებერვლის მანძილზე 651 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია 1949 წლიდან. ამან უმუშევრობის ოფიციალური დონე 8 მთელსა და ერთ მეათედ პროცენტამდე გაზარდა - 1983 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2007 წლიდან დღემდე კი სამუშაო ადგილები დაკარგა 4 მილიონ 400 ათასმა ამერიკელმა და ქვეყნის ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა.

საფონდო ბირჟებმა ამ ინფორმაციის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე დაიწყეს რეაგირება და ჯერ უოლსტრიტზე საფონდო ინდექსები 12 წლის წინანდელ ნიშნულამდე დაეცა.

მაგალითად, დოუ ჯონსის ინდექსი, რომელიც აშშ-ის აქციების საბაზო ინდექსია, ერთი დღის მანძილზე 20 პროცენტით გაუფასურდა. და ეს იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ასობით მილიარდი დოლარი გამოყო ვარდნის შესაჩერებლად.

აშშ-ის ბირჟებს მხარი აუბეს აზიაშიც. სირთულეებს განიცდიან ევროპის საფონდო ბაზრებიც.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავისი რეფინანსირების განაკვეთი ერთი დღის წინ 50 პუნქტით შეამცირა და კიდევ ქვემოთ დასწია 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები.

ამასთან ერთად, ბანკის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ტრიშემ განაცხადა, რომ ბანკმა შეიძლება კიდევ შეცვალოს საპროცენტო განაკვეთები იმის მიხედვით, თუ რამდენად გაუარესდება ვითარება:

”ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ყველაზე დაბალ დონეზე ვართ. თუ ეს გამართლდება ფაქტებითა და ციფრებით, - არის ზოგიერთი რისკი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, - მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ძირითადი განაკვეთი შეიცვალოს და ქვემოთ წავიდეს.”

ბოლო დღეების საბირჟო მღელვარებას აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ”ჯენერალ მოტორსის” შესაძლო გაკოტრების ცნობასაც უკავშირებენ. მის გაკოტრებას ვერც ვაშინგტონის მიერ დაპირებული 30 მილიარდდოლარიანი დახმარება შეაჩერებს.

აშშ-ის მთავრობამ თითქმის 800 მილიარდი დოლარი გამოყო ქვეყნის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. აქედან თანხის გარკვეული ნაწილი ეროვნულ ავტოწარმოებას მოხმარდება. ასეთი ნაბიჯის გადადგმის სურვილი რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამაც გამოთქვა.

მაგრამ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა შეშფოთებულია ზოგიერთი სახელმწიფოს პროტექციონისტული პოლიტიკის გამო, რაც მეზობლებთან თავისუფალი ვაჭრობის ხარჯზე განხორციელდება.

შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ტრიშეც:

”მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო მხარდაჭერის ზომებმა ხელი არ შეუშალოს კონკურენციას და არ შეაფერხოს საჭირო სტრუქტურული ცვლილებები. და ძალიან მნიშვნელოვანია პროტექციონისტულ ზომებზე უარის თქმა. პროტქციონიზმისგან თავშეკავება საკვანძო მომენტი გახდება, რომელიც საშუალებას მისცემს გლობალურ ეკონომიკას მიმდინარე კრიზისიდან გამოვიდეს.”

ობამას ინაუგურაციამდე ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობდა, რომ ობამა ბირჟებზე მყისიერ გამოცოცხლებას გამოიწვევდა. მაგრამ ეს არ მოხდა.

ახლა ამერიკის პრეზიდენტს ბევრი აკრიტიკებს იმის გამო, რომ არ დგამს დროულ გადამჭრელ ნაბიჯებს.

ნობელის პრემიის ლაურეატი, ლიბერალი ეკონომისტი და ობამას მხარდამჭერი პოლ კრუგმანიც კი აკრიტიკებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის თავდაჯერებულობას, რომ მისი გეგმა - ეკონომიკის გადასარჩენად ასობით მილიარდის გამოყოფა -წარმატებული იქნება.

მისი აზრით, რომელსაც ბევრი სხვა ექსპერტიც იზიარებს, ახლა აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენა მსხვილი ბანკების დროებით ნაციონალიზაციაშია.

XS
SM
MD
LG