Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის აზრით, ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება


ამჟამად მსოფლიოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ”კრიზისის შიგნით წარმოქმნილი კრიზისი” უწოდა მსოფლიო ბანკმა, რომელმაც ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაში

მოვლენების განვითარების არასახარბიელო ტენდენციაზე საუბრობს. იმის გამო, რომ გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა აშშ და ევროპა მოიცვა, მსოფლიოს მაშტაბით, ღარიბთა რიცხვი 46 მილიონით გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გლობალურმა ეკონომიკამ ზრდა შეაჩერა და, პირიქით, შემცირების პროცესი დაიწყო.

მსოფლიო ბანკის ახალ მოხსენებაში შეშფოთება შეიმჩნევა იმის გამო, რომ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიც კი სერიოზულ პრობლემებს განიცდიან. მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ირლანდია და ავსტრია, ფინანსების უკმარისობის ზღვარზე იმყოფებიან. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მდგომარეობაში არიან განვითარებადი ქვეყნები.

მოხსენებაში ლაპარაკია, რომ მსოფლიო ვაჭრობა ბოლო 80 წლის მანძილზე ყველაზე დიდ ვარდნას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო კრიზისი აშშ-ში დაიწყო, მისი შედეგები უფრო მტკივნეული აღმოჩნდა აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.

მოსალოდნელია, რომ მსოფლიო წარმოება 15 პროცენტით ნაკლები იქნეს, ვიდრე იყო 2008 წელს.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ინვესტიციები და კრედიტები დეფიციტურ პროდუქტად იქცა. საერთაშორისო ინვესტორებმა, იმის მაგივრად, რომ კაპიტალი წარმოებაში დააბანდონ, ფულს უფრო უსაფრთხო სფეროში, აშშ-ის სახაზინო ვექსილებში ხარჯავენ.

ეს კი რთულ ვითარებაში აგდებს განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ვეღარ ახერხებენ კრედიტების მიღებას და ძველი სესხების პროცენტების გადახდას - ძველი სესხებისა, რომლებიც სულ უფრო და უფრო იზრდება. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად,წელს განვითარებადი ქვეყნების ფინანსური დეფიციტი ადრე ნავარაუდევ 700 მილიარდზე 270 მილიარდი დოლარით მეტი იქნება.

მათ კი, ვინც კრედიტს იშოვის, მოუხდებათ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაფარვა, ვიდრე მანამდე იხდიდნენ.

ამ და სხვა საკითხებზე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზელიკი საუბრობს:


”ექსპორტის მოცულობის შემცირება, ასევე კაპიტალის გადინება, იწვევს საინვესტიციო ვარდნას. ეკონომიკის ზრდის შემცირება და ფინანსური პირობების გაუარესება ბიზნესს ბევრ პრობლემას შეუქმნის და საგანგებო ვითარებაში გაზრდის საბანკო რისკებს. ზოგიერთი ქვეყანა საგადამხდელო ბალანსის კრიზისში ჩაეფლობა და, როგორც ყოველთვის ხდება, ყველაზე ღარიბები ყველაზე დაუცველნი დარჩებიან.”

მსოფლიო ბანკის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 116 განვითარებადი ქვეყნიდან 94-ში უკვე შეიმჩნევა ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება. ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 43 ქვეყანაში გაიზრდება და, შედეგად, წელს სიღარიბეში 46 მილიონით მეტი ადამიანი აღმოჩნდება.

ასეთ ვითარებაში საერთაშორისო დახმარების ზრდას ალტერნატივა არ გააჩნიაო, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მოხსენებაში და იქვე წერია, რომ ბანკმა წელს განვითარებადი ქვეყნებისთვის 35 მილიარდი დოლარის სესხების გამოყოფა გადაწყვიტა.

ამასთანავე, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი განვითარებულ ქვეყნებს დროული მოქმედებისა და განვითარებადი ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სოციალური და პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე.

მსოფლიო ბანკის საგანგაშო მოხსენების რეალურობას ისიც ადასტურებს, რომ, აზიის განვითარების ბანკის ცნობით, გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, ზარალი 50 ტრილიონს შეადგენს - მათ შორის თითქმის 10 ტრილიონი აზიის განვითარებად ქვეყნებზე მოდის.

ეს ციფრები განვითარებად ქვეყნებს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, რადგან ჩანს, რომ პრობლემებს განვითარებული ქვეყნებიც განიცდიან, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ავსტრია, ესპანეთი და ირლანდია. და მათ სულ უფრო ნაკლები ფული რჩებათ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად განკუთვნილი ყულაბის შესავსებად.

ვარაუდობენ, რომ ეს დილემა განიხილება განვითარებული 20-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების 500 მილიარდ დოლარამდე გაზრდის შესახებ იმსჯელებენ. ეს თანხა სავალუტო ფონდს კრიზისში მყოფი ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG