Accessibility links

''ტიტების რევოლუციიდან'' 4 წლის შემდეგ ყირგიზეთში მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან


ოთხი წლის წინ, 2005 წლის 24 მარტს, ყირგიზეთში რამდენიმედღიანი მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ

პოლიციელებმა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ამჯობინეს, არ შეეჩერებინათ დემონსტრანტები, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეში შესვლას ცდილობდნენ. ასე მოხდა ის, რასაც “ტიტების რევოლუცია” ეწოდა და დემოკრატიის გამარჯვებად ჩაითვალა ტრიუმფად ხალხისა, რომელიც გაერთიანდა პრეზიდენტ ასკარ აყაევის მმართველობისთვის ბოლოს მოსაღებად. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყირგიზეთს სხვა პრეზიდენტი არ ჰყოლია, 2005-მდე. მას შემდეგ კი პრეზიდენტად ყურმანბეკ ბაკიევი ჰყავს და ახლა მისი გადადგომის მოთხოვნა გაისმის. შეიცვალა დამოკიდებულება “ტიტების რევოლუციის” მიმართაც...

კორუფციას და ნეპოტიზმს მთავრობაში ბოლო მოეღებოდა, რეგიონული და კლანური დაპირისპირება ვეღარ განსაზღვრავდა პოლიტიკას, ყველას მოსაზრებას მოისმენდნენ და გაითვალისწინებდნენ, დამოუკიდებელი მედია ძალას მოიკრებდა - ეს სურვილები, ეს მიზნები ამოძრავებდათ ტიტების რევოლუციის მონაწილეებს, ხალხს, ვინც პრეზიდენტ ასკარ აყაევს აიძულა გადამდგარიყო.

მაგრამ გავიდა 4 წელი და მაშინდელ მიზნებს განხორციელების პირი ახლაც არ უჩანს. მედია ზეწოლას განიცდის, პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებენ და ყოველივე ეს ხდება პრეზიდენტის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო გამოსვლების მოწოდების ფონზე.

ბევრ ოპოზიციონერს, მათ შორის როზა ოტუნბაევას, "ტიტების რევოლუცია" გამარჯვებად კი არა, დაკარგულ შანსად მიაჩნია. [ოტუნბაევას ხმა] “ეს დღე მნიშვნელოვან თარიღად აღინიშნება ყირგიზეთის ისტორიაში, მაგრამ ჩვენი რევოლუცია, ჩვენი გამარჯვება მოიპარეს. მარტო იმის მოწმე გავხდით, თუ როგორ შეცვალა ერთი კლანი მეორემ. როცა პარლამენტში ვბჭობდით იმის შესახებ, უნდა ვიზეიმოთ თუ არა ეს დღე, მე ვთქვი, რომ რევოლუცია გრძელდება-მეთქი. ხალხი, რომელსაც 2005 წელს ჩვენი დაპატიმრება უნდოდა, ვინც აკაევის რეჟიმის დროს გამდიდრდა, ახლაც აქაა. ისინი კი, ვინც ეს რევოლუცია განახორციელა, ქუჩაში დატოვეს. ამიტომ არის ყველა გაწბილებული”.

ეს შეფასება, რომელიც ოტუნბაევამ ერთი წლის წინ გამოთქვა, დღესაც ძალაში რჩება, ოღონდ ეკონომიკური სირთულეებით მძიმდება. მეორე მხრივ, თავიდავე ნათელი იყო, რომ "ტიტების რევოლუციის" შემდეგ ყირგიზეთის გზა იოლი არ იქნებოდა...

ყირგიზეთი ღარიბი ქვეყანაა, მოკრძალებული საექსპორტო რესურსებით და ვინც უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ეკონომიკური წინსვლა ძნელი მისაღწევია - გლობალური ეკონომიკური კრიზსიის გარეშეც კი და მითუმეტეს კრიზისის პირობებში. მაგრამ ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, ყირგიზებს ისე არ უჭირთ ამ აზრთან, ამ რეალობასთან შეგუება, როგორც აღმოჩენა იმისა, რომ პრეზიდენტმა ბაკიევმა, ბევრის შეფასებით, გადაუხვია დემოკრატიული რეფორმების გზიდან, არ შეასრულა "ტიტების რევოლუციის" დანაპირები. ბაკიევის პრეზიდენტად არჩევიდან უკვე რამდენიმე თვეში, თითქმის განუწყვეტლივ იმართებოდა დემონსტრაციები.

[დემონსტრანტების შეძახილები] “ბაკიევო წადი, ბაკიევი უნდა წავიდეს”.

გადადგომისაკენ მოწოდებებზე ბაკიევის გამოხმაურება ასეთი იყო: [ბაკიევის ხმა] “თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე იოლად - რაღაც მიტინგებითა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - შეძლებს შეარყიოს პრეზიდენტი, რომელიც ერთი წელიც კი არ არის, მუშაობს ... ეს არავის გამოუვა!”

ოპოზიცია, რომელიც "ტიტების რევოლუციის" დღეებში მხარში ედგა ბაკიევს, რევოლუციის შემდეგ მყისვე დაიშალა: ბევრი წინა პრეზიდენტზე არანაკლები ენერგიულობით შეუდგა ახალთან ოპონირებას. ბაკიევის ქების შემდეგ მის კრიტიკას შეუდგა დამოუკიდებელი მასმედიაც. ბევრი ჟურნალისტი უჩივის მძიმე სამუშაო პირობებს, ირწმუნება, რომ დამოუკიდებელი მასმედიისთვის საქმის კეთება კიდევ უფრო გაძნელდა. დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ მატულობს ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები - ყველაზე გახმაურებულად შეიძლება ჩაითვალოს 2007 წელს ალიშერ საიპოვის მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია.

უკმაყოფილებას არ მალავენ არც უცხოური საინფორმაციო საშუალებები, მათ პრობლემები ექმნებათ ლიცენზიის განახლებისას.

დღეს, როცა ყირგიზეთი "ტიტების რევოლუციის" მეოთხე წლისთავს აღნიშნავს, ოთხი თვე რჩება საპრეზიდენტო არჩევნებამდე. საქმე ეხება ვადამდელ არჩევნებს, რაც, არაერთი მიმოხილველის შეფასებით, მეტისმეტად ადრე დაინიშნა საიმისოდ, რომ ოპოზიციამ დამაჯერებელი, წარმატების შანსის მქონე კამპანიის ორგანიზება შეძლოს.

მაგრამ ოპოზიცია მანამდეც აპირებს მხარდამჭერების მობილიზებას - გარეთ, ქუჩაში, პრეზიდენტის გადადგომის მოწოდებითა და იმის იმედით, რომ ისტორია განმეორდება: რომ ყირგიზები ისევ აიძულებენ გადადგომას სახელმწიფოს ლიდერს.
XS
SM
MD
LG