Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს 9 აპრილის აქციების მონიტორინგისთვის მზადება


9 აპრილის აქციამდე დარჩენილი 6 დღით ადრე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად, მანიფესტაციის მარწმუნებელმა კონსერვატიულმა პარტიამ თბილისის მერიაში დაგეგმილი აქციების შესახებ განაცხადი შეიტანა. ოპოზიციამ შეკრებებისა და მანიფესტაციების ხანგრძლივობა 1 კვირით, ხოლო აქციებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა 150 000 ადამიანით განსაზღვრა. საპროტესტო აქციების სადამკვირვებლო ფუნქციის განხორციელებისთვის ემზადებიან ადამიანის უფლებების დამცველებიც. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ამასთან დაკავშირებით 3 აპრილს სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა.

მოქალაქეებს, რომელნიც ჩათვლიან, რომ 9 აპრილის საპროტესტო აქციაზე მათი უფლებები რაიმე სახით დაირღვა, საშუალება ექნებათ თავიანთი პრეტენზიები და წუხილი გაუზიარონ სპეციალურ ფორმებში გამოწყობილ ადამიანებს, წარწერით „სახალხო დამცველი.“ საქართველოს სახალხო დამცველმა 9 აპრილის საპროტესტო აქციებზე საგანგებო უნიფორმებში გამოწყობილი მონიტორების დაშვება განსაკუთრებული მიზეზის გამო განიზრახა. ეს მიზეზი ადამიანის უფლებათა დამცველების უკეთ იდენტიფიცირებაა როგორც აქციის მონაწილეებისათვის, ისე წესრიგის დამცველებისათვის. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს თავად სოზარ სუბარს ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ იმის გამო მიაყენეს, რომ იგი იცნეს. ეს ერთგვარი გამოცდილებაა სახალხო დამცველის აპარატისათვის, თუმცა, ამის მიუხედავად, უმთავრესად კი მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების უფრო ეფექტურად დაცვის მიზნით, 9 აპრილის აქციებს სახალხო დამცველის აპარატიც ორგანიზებულად ხვდება.

“წელს გადავწყვიტეთ, - ამბობს სოზარ სუბარი, - რომ ცოტა განსხვავებულად მოვიქცეთ, ანუ სპეციალური ფორმები შევკერეთ, ქუდები, და ყველა ჩვენს წარმომადგენელს ექნება ეს ჩაცმულობა, რომ ნებისმიერ მონაწილეს, მიტინგის მონაწილე იქნება თუ პოლიციელი, ჰქონდეს მათი გამორჩევის საშუალება. თუ რაღაც ინფორმაცია იქნება, პირდაპირ მივიდნენ და მიაკითხონ და უთხრან, რომ აი, ეს ხდება და გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება. და იმავე სამართალდამცავებისთვისაც იყოს თვალშისაცემი, რომ ხელისშეშლას არ ჰქონდეს ადგილი, რასაც, სამწუხაროდ, ძალიან დაეჩვივნენ ამ ბოლო დროს.“ (სტილი დაცულია)

სოზარ სუბარის ინფორმაციით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან ხშირად ირღვევა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. 23 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ამა თუ იმ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. 9 აპრილს სახალხო დამცველის აპარატიდან დაახლოებით 100 კაცი დააკვირდება. მონიტორებს შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იქნებიან. არ არის გამორიცხული საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმის ამოქმედებაც. 9 აპრილის აქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონიტორების - მათ შორის, საერთაშორისო მონიტორების - მობილიზების საკითხი ოპოზიციურმა სპექტრმა გასულ კვირაში წამოჭრა. მოთხოვნა გაჟღერდა როგორც ზოგადად, ისე კონკრეტული ადრესატების მისამართით. მათ შორისაა ევროსაბჭო. აი, რა განაცხადა 26 მარტს 9 აპრილის აქციაში საერთაშორისო მეთვალყურეების ჩართვის შესაძლებლობის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა მატიაშ ერშმა:

“რასაც ჩვენ დავპირდით, არის მხოლოდ ის, რომ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მხრივ... უნდა აღინიშნოს, რომ ამისათვის არ არსებობს რამენაირი საგანგებო ფორმატი, ევროსაბჭოს არ აქვს შესაბამისი მექანიზმი...ასე რომ, ეს დახმარება იქნება არაფორმალური, მაგრამ, იმედია, გამოსადეგი. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა სახით მოხდება ეს.”

კონსერვატორული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა კი, კახა კუკავამ, განგვიცხადა, რომ მონიტორები 9 აპრილის აქციას, სავარაუდოდ, ევროკავშირის ეგიდით დააკვირდებიან:

“ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებისაგან შემდგარი საზედამხედველო ჯგუფი. მთავარია, რომ ისინი მუდმივ, 24 საათიან, რეჟიმში ერთობლივად დააკვირდებიან პროტესტის მიმდინარეობას.“

დავაზუსტებთ, რომ 9 აპრილის აქციების ორგანიზატორთა მიერ თბილისის მერის სახელზე გაგზავნილი განცხადების თანახმად, შეკრებები და მანიფესტაციები 9 აპრილის 12 საათიდან 16 აპრილის 22 საათამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG