Accessibility links

logo-print
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ბათუმის თეატრთან დაახლოებით 2 ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათი უდიდესი ნაწილის ქობულეთიდან და გურიის რეგიონიდან ჩამოყვანა შეძლო „მოძრაობამ სამართლიანი საქართველოსთვის“. ბათუმში ჩამოსვლამდე მოძრაობის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და მისი მხარდამჭერები გზად ბობოყვათის რეზიდენციასთან შეჩერდნენ. თუმცა იქ დაგეგმილი აქცია არ შედგა, რადგან, წინასწარ გავრცელებული ვერსიის მიუხედავად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა. ბათუმში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას ნოღაიდელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს, რომელმაც საქართველო დაშალა, ქვეყნის სათავეში 2013 წლამდე ყოფნის უფლება არა აქვს. ჩემთან საუბრისას კი ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ბათუმში შემდეგ მიტინგს „აჭარის რევოლუციის“ დღეს, 6 მაისს, გეგმავს. ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, თუ ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იქნება, აქციას პროტესტის სახე ექნება, სხვა შემთხვევაში კი - ზეიმის.
XS
SM
MD
LG