Accessibility links

logo-print

ტენდენციამ საგანგაშო სახე მიიღო


"საზოგადოებრივი დამცველის" ოფისი

"საზოგადოებრივი დამცველის" ოფისი

სახალხო დამცველის ოფისი დაუშვებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება უარს ამბობს მომიტინგეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, სამართალდამცველები რიგ შემთხვევებში შეგნებულად უგულებელყოფენ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს. შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”საზოგადოებრივი დამცველი”, რომლის ინფორმაციითაც, მომიტინგეებს ძვირად ღირებული ავტომანქანებით მოძრავი დაუდგენელი ჯგუფები უსწორდებიან. ნაცემ და შეურაცხყოფილ ადამიანებს 16 აპრილიდან საშუალება ექნებათ ”ქუჩის ტელევიზიის” ეთერით ისარგებლონ.

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ინფორმაციით, მიტინგის მონაწილეთა ფიზიკურმა შეურაცხყოფამ ”უკვე მასობრივი ტერორის სახე მიიღო”, პოლიცია კი დუმს: ”ხშირ შემთხვევებში გვაქვს ძალიან სერიოზული მტკიცებულებები. მაგალითად, ჩვენს მიერ ამოღებულია ვიდეოფირი - როგორ ჩერდება 4 მანქანა და როგორ სცემენ ვახო ლაღიძეს შუა ვაკეში. კარგად ჩანს ადამიანების სახეები, ვინც მას სცემს. იქ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც ეს ყველაფერი თავის თვალით დაინახეს და დაკავებული დღემდე არავინ არ არის... ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია იმაზე, თუ რა ხდება და შეგნებულად არ ხდება გამოძიება. სხვა დასკვნის გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელია. ”

სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ფაქტების შეგნებულ იგნორირებასთან კავშირში სოზარ სუბარი ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებს: პირველი, ”ხელისუფლება ვერ მართავს ვითარებას” ანდა, მეორე, ”ადამიანების დევნა თავად ხელისუფლების ორგანიზებულია”. სხვა ვარიანტს სახალხო დამცველი ვერც ამ მხრივ ხედავს. მისთვის გაუგებარია, რატომ გამოცხადდა აქციის ეპიცენტრები დაუცველ ზონებად, რატომ ამბობენ სახელმწიფო სტრუქტურები უარს მომიტინგეთა უსაფრთხოების დაცვაზე და რატომ არ ზრუნავს ხელისუფლება ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეზე: ”გამომძიებლები ყველგან უნდა მივიდნენ და ადგილზე შეისწავლონ. ასე ჰაერზე არ შეიძლება განცხადებების გაკეთება... როცა ჩვენ რამეს ვაცხადებთ, ჩვენ მივდივართ და შევისწავლით. არ შეიძლება სახელმწიფომ თქვას, რომ რაღაც ადგილები მას არ აინტერესებს და იმ რაღაც ადგილებში თუკი მოხდება დარღვევა, თუკი მოხდება დანაშაული, ისინი ამას არ გამოიძიებენ... ესე იგი - არ უნდა გამოიძიოს. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი და მეტი არაფერი... არ შეიძლება ასე დაყოფა მოქალაქეების - ჩემიანებად და სხვისიანებად - ხელისუფლების მხრიდან.”

სახალხო დამცველის გარდა, დანაშაულის იგნორირებაში ხელისუფლებას ბრალს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”საზოგადოებრივი დამცველიც” სდებს. 8 აპრილის შემდეგ ორგანიზაციის მეთვალყურეებმა კანონდარღვევის დაახლოებით 80 შემთხვევა გამოავლინეს. მათ შორის არის გატაცების - 2, ცემის - 11 და ავტომობილებით მოძრავი ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ასევე 11 ფაქტი.

კოალიციის წარმომადგენლის, ადამიანის უფლებათა დამცველის ნანა კაკაბაძის თქმით, მომიტინგეთა დასჯის ტენდენციამ უკვე საგანგაშო სახე მიიღო: ”მიტინგების ირგვლივ და ქუჩებში გამოჩნდნენ მანქანები, ძვირად ღირებული მანქანები (ბე-ემ-ვესა და მერსედესის მარკის)... შიგ სხედან პირები, რომელთა იდენტიფიცირება ვერ ხდება ვერც ერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან. ეს ადამიანები იტაცებენ ხალხს, სცემენ, მანქანასაც ართმევენ... ეს არის რეპრესიები განსხვავებულ აზრზე და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც ღებულობს მიტინგებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობას. შეკითხვით მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - ვისია ეს კონკრეტული მანქანები... ან გვპასუხობენ, რომ არ არის ასეთი მანქანა რეგისტრირებული, ანდა რომ ის არის აბსოლუტურად სულ სხვა მანქანა...”

ავტომანქანები, რომლებზეც ნანა კაკაბაძე ლაპარაკობს, კოალიციის მეთვალყურეთა მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზეც არის ასახული, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სამშაბათს, 21 აპრილს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ერთად ნახავენ და, საზოგადოებრივი დამცველი იმედოვნებს, რომ იგნორირებულ შეკითხვებს ამის შემდეგ მაინც გაეცემა პასუხი.

მანამდე კი, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ან რომელიც რაიმე სახის წნეხის ქვეშ მოაქციეს, საშუალება ექნებათ საზოგადოებას ”ქუჩის ტელევიზიის” საშუალებით მიმართოს. საზოგადოებრივი დამცველის, ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივისა” და საქართველოს ჟურნალისტთა ფორუმის პროექტი ითვალისწინებს პირდაპირი ეთერით მაუწყებლობას აქციის ეპიცენტრებში დამონტაჟებულ ეკრანებზე. ”ქუჩის ტელევიზია” მაყურებელს საღამოს 7 საათიდან ასევე შესთავაზებს დისკუსიებს, ინტერვიუებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის განხრით შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს.
XS
SM
MD
LG