Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი ტერორიზმთან ბრძოლაში სხვა გზას ირჩევს


ობამა: დადგა დრო, ძალის ენაზე საუბარი დიპლომატის ენით შეიცვალოს
ობამა: დადგა დრო, ძალის ენაზე საუბარი დიპლომატის ენით შეიცვალოს
ბოლო რვა წლის განმავლობაში შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიას ჯორჯ ბუშის ”ტერორიზმის წინააღმდეგ ომი” განაპირობებდა. ბარაკ ობამას ახალმა ადმინისტრაციამ დიპლომატიის ლექსიკონიდან ამოიღო ფრაზა ”ტერორიზმის წინააღმდეგ ომი” და უპირატესობა ”მოხერხებულ ძალას” მიანიჭა. რას ნიშნავდა ბუშისეული ”ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა” და რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ობამამ მისი ისტორიულ სახელმძღვანელოებში გამომწყვდევა?

დაახლოებით მარტის ბოლო კვირაში ამერიკის სამთავრობო სააგენტომ, რომელიც ადმინისტრაციულ მოხელეთა საჯარო განცხადებებზე აგებს პასუხს, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. გზავნილში ეწერა, რომ ”ახალი ადმინისტრაცია ამჯობინებდა, ”ტერორიზმის წინააღმდეგ ომის” ნაცვლად, ეხმარათ ფრაზა ”საზღვრებს გარეთ მიმდინარე საგანგებო ოპერაცია” ("Overseas Contingency Operation”).

მოგვიანებით თავად ბარაკ ობამამაც დაადასტურა, რომ დადგა დრო, ძალის ენაზე საუბარი დიპლომატიის ენით შეიცვალოს.
”ჯორჯ ბუშის რვაწლიანი დამღუპველი პოლიტიკის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, დადგა დრო, ვაწარმოოთ პირდაპირი დიპლომატია როგორც მეგობრებთან, ასევე მოწინააღმდეგეებთან, ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე.”

გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჯორჯ ბუშისეული პირვანდელი გეგმა არა მხოლოდ 9 სექტემბრის ორგანიზებაში მონაწილე თავდამსხმელების, არამედ ნებისმიერი ტერორისტის მოკვლას ან ცოცხლად შეპყრობას ითვალისწინებდა.

ერთხელ ჯორჯ ბუშმა იხმარა ფრაზა ”ჯვაროსნული ლაშქრობა”, რის გამოც ტერორიზმის წინააღმდეგ ჯორჯ ბუშისეული ომი მუსლიმანურმა სამყარომ აღიქვა როგორც კამპანია, მიმართული მათი რელიგიის წინააღმდეგო, - ამბობს ნინა ჰაშიგიანი, ”ამერიკული პროგრესის ცენტრის” მეცნიერ-თანამშრომელი.

მრავალი კრიტიკოსის მსგავსად, ნინა ჰაშიგიანიც მიიჩნევს, რომ ”ტერორიზმის წინააღმდეგ ომი” სტრატეგიული თვალსაზრისითაც ცუდი არჩევანი იყო:

”ამან ჩვენი მტრები გააერთიანა და შესაძლებლობა მისცა საკუთარი თავი ”წმინდა მებრძოლებად” მიეჩნიათ, მაშინ როცა ერთადერთი რამ, რაც ჩვენ ნამდვილად უნდა გაგვეკეთებინა, იყო მათი გათიშვა და დამორჩილება, მათი შერაცხვა კრიმინალებად და არა ჯიჰადისტებად ან წმინდა მეომრებად.”

თუმცა ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი მედიის საკითხებში მარკ მაკკინონი მიიჩნევს, რომ ჯორჯ ბუშმა თავის დროზე ტერმინი ”ტერორიზმის წინააღმდეგ ომი” სავსებით მართებულად იხმარა:

”9 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ბუში ცდილობდა დაემკვიდრებინა აზრი, რომ ტერორისტული საფრთხე იყო ტრანსნაციონალური საფრთხე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმმა არ იცის საზღვრები და რომ მას თავდასხმა ყველგან შეუძლია. იმავდროულად, მაშინდელი ადმინისტრაცია ცდილობდა შეექმნა კოალიცია და დაერწმუნებინა სხვები, მიეღოთ ამ ომში მონაწილეობა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს ენა იმ დროს იყო შესაბამისი და ეფექტური.”

მაკკინონს ასევე მიაჩნია, რომ როგორც ბუშის, ასევე ობამას მმართველობა არა რიტორიკით, არამედ შედეგებითა და პროგრესით შეფასდება.

ისტორია ეს არის იწყებს ბუშის პრეზიდენტობის შეფასებას, ობამას კი დიდი გამოცდა ჯერ კიდევ ელოდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG