Accessibility links

logo-print

ვაშინგტონმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა ეკონომიკურ კრიზისს


უახლოეს მომავალში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გამოაქვეყნებს ე.წ. ”სტრეს ტესტების” შედეგებს 19 მსხვილი ბანკისა და საბანკო დაწესებულების მდგომარეობის შესახებ. მან უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს, უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან ბანკები, ვიდრე იყვნენ ერთი თვის წინ, თუ ეკონომიკაში ”იმედის ნაპერწკალი” გაჩნდა, როგორც ეს ამას წინათ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა. ფინანსთა სამინისტროს ანგარიში აჩვენებს, რამდენად ეფექტურია დახმარების პროგრამა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა ახორციელებს. პროგრამას ბევრი ოპონენტი ჰყავს. მათ შორისაა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის, მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახლა კი ”კატოს” ინსტიტუტის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თავმჯდომარე, უილიამ ნისკანენი.

აშშ-ში არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანია ასობით მილიარდიანი სამთავრობო დახმარების პროგრამა. 700 მილიარდი აშშ დოლარის პროგრამა გასული წლის მიწურულს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განახორციელა, შემდეგ კი, მიმდინარე წლის დასაწყისში, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 800 მილიარდ აშშ დოლარამდე გამოყო გასაჭირში მყოფი საფინანსო სტრუქტურების თუ სხვა კომპანიების დასახმარებლად.

”კატოს” ინსტიტუტის წარმომადგენელი უილიამ ნისკანენი მიიჩნევს, რომ სამთავრობო დახმარების პროგრამამ ბევრი საფინანსო ინსტიტუტი გადაარჩინა. ახლა ისინი მთავრობას უკან უბრუნებენ ფულს, რადგან უნდათ, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ სახელმწიფო კონტროლისგან, რომელიც ვაშინგტონმა კომპანიების პორტფოლიოს მოცულობასა და მენეჯერების ანაზღაურებაზე დააწესა. ხოლო ამან ზოგიერთ საფინანსო კომპანიას უბიძგა საერთოდ უარი ეთქვა სახელმწიფოს ფულად დახმარებაზე.

უილიამ ნისკანენის აზრით, მართალია, დახმარების პროგრამამ ბევრი საფინანსო ინსტიტუტი გადაარჩინა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, მათთვის გაკოტრების უფლება მიეცათ:

”ვფიქრობ, რომ დახმარების პროგრამა გაუაზრებელი იყო. პირველ რიგში, ეს ეფუძნებოდა წინა ფინანსთა მინისტრის მცდარ ვარაუდს, რომ უოლსტრიტის ბანკებს აქვთ ლიკვიდურობის პრობლემა. ასე რომ, ის ცდილობდა გამოენახა მათში ბევრი ფულის გადარიცხვის საშუალება. მაგრამ ამით ბანკებს კრედიტები დიდად არ გაუზრდიათ, რადგან ეს არ იყო ლიკვიდურობის პრობლემა, ეს იყო გამჭვირვალობის პრობლემა. ამ ბანკებს ბალანსზე აქვთ ბევრი იპოთეკური ფასიანი ქაღალდი და სხვა რთული აქტივები, უჭირთ საკუთარი გადახდისუნარიანობის შეფასება, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი კონტრაგენტების გადახდისუნარიანობის შეფასებაზე. და ეს ის არის, რამაც შეაჩერა ან შეამცირა ნიუ-იორკის ბანკების კრედიტები. და ამაში ჯერაც ვერ გარკვეულან. მისი გადაწყვეტა თანდათან ხდება, მაგრამ მთავრობას არაფერი გაუკეთებია ამაში დასახმარებლად.”

სამთავრობო დახმარების პროგრამის იდეა იყო, ბიუჯეტის ფული მიეცათ ჯანსაღი ბანკებისთვისაც კი, რათა ისინი იძულებული გამხდარიყვნენ უფრო მეტი ფული დაებანდებინათ ამერიკის ეკონომიკაში. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ბანკებმა, რომლებმაც სახელმწიფო ფული მიიღეს, ამით ან დივიდენდები გასცეს, ან პრემიები, ან კიდევ სხვა ბანკები შეიძინეს, მაგრამ არ გაუზრდიათ კრედიტების მოცულობა. ეს აშშ-ის ფედერალურმა ფინანსურმა მარეგულირებელმა დახმარების გაწევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აღიარა.

აღმოჩნდა, რომ მსხვილი ბანკების დიდი ნაწილი არც ისეთი სუსტი ყოფილა, როგორც ხალხს ეგონა, და ეს მაშინაც დადასტურდება, როდესაც ”სტრეს ტესტების” შედეგები გამოქვეყნდებაო, - ამბობს უილიამ ნისკანენი.

გამოდის, რომ ჯერ ბუშის ადმინისტრაციამ და შემდეგ ობამამ არასწორად შეაფასეს ეკონომიკური კრიზისის ბუნება და, შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს? - უილიამ ნისკანენი ასეთ შეკითხვას დიპლომატიურად უპასუხებს და ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 12 ვარდნა განიცადა და ეს უკანასკნელი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, რომელსაც თან ახლავს ფინანსური კრიზისიც. ამიტომ გამოსავლის სხვა გზები უნდა მოიძებნოს - არა ისეთი, როგორიც ამჟამინდელი გეგმებიაო, - აღნიშნავს ”კატოს” ინსტიტუტის ვაშინგტონელი ექსპერტი უილიამ ნისკანენი:

”ვფიქრობ, რომ ეს აბსურდია… ეკონომიკის სტიმულირების ამ გეგმას არ გააჩნდა არავითარი თანმიმდევრობა, რაც უნდა ჰქონდეს ეკონომიკური სტიმულირების გეგმას. ეს, ძირითადად, იყო იმ წინადადებების კოლექცია, რომელთა კონგრესზე გატანა დიდი ხანია უნდოდათ ობამას და დემოკრატებს. გარდა ამისა, ამ ფულიდან თითქმის არაფერი დაუხარჯავთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ვარდნა მალე დასრულდება - იმაზე მალე, ვიდრე მოელიან. მარტი საფონდო ბირჟებმა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით დახურეს. ხოლო, როგორც წესი, რეალური ეკონომიკა აღორძინდება საფონდო ბაზრის დაბალი მაჩვენებლიდან სამი-ოთხი კვარტლის შემდეგ. და ეს თავსებადია იმასთან, რასაც ახლა ბიზნესპროგნოზისტების უმრავლესობა ამბობს.”
XS
SM
MD
LG