Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ უბიძგა პატიმარ ქალებს ამბოხისკენ?


ქალთა და არასრულწლოვანთა მეხუთე კოლონია
ქალთა და არასრულწლოვანთა მეხუთე კოლონია
ქალთა და არასრულწლოვანთა მეხუთე კოლონიის ექვსასამდე პატიმარი, 18 აპრილს დაწყებული თორმეტსაათიანი ამბოხის შემდეგ, სასჯელაღსრულების რუსთავის პირველ დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ საპატიმროში გაუსაძლისი პირობებია. რამ უბიძგა პატიმარ ქალებს ამბოხისკენ და რა პირობებში იხდიან ისინი სასჯელს?

18 აპრილს დაწყებული ამბოხი, რომელშიც რამდენიმე ასეული პატიმარი მონაწილეობდა, მსხვერპლისა და ძალის გამოყენების გარეშე დასრულდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე ამბობს, რომ სპეცოპერაციის დაწყება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მსჯავრდებულებმა ალაყაფის კარის გატეხა გადაწყვიტეს:

„სპეცრაზმი, აღჭურვილი დამცავი ფარებითა და ხელკეტებით, დადგა კარის წინ, ჩვენ კი ხმამაღლა გამოვაცხადეთ, რომ ახლა დაიწყებოდა დაწესებულების დაცლა და ამიტომ ყოფილიყვნენ წყნარად“, - ამბობს სალომე მახარაძე. - „რომ დაინახეს სპეცრაზმი, რომელმაც გააღო კარი, ერთი იყვირეს და გაჩუმდნენ. ოთხ მწკრივად დაწყობილი თანამშრომლები შევიდნენ კოლონიის ტერიტორიაზე და სათითაოდ ხელკავით გამოიყვანეს მსჯავრდებულები.“

თუმცა ვიდრე მეხუთე კოლონიას დაცლიდნენ, ამბოხებულმა პატიმრებმა თითქმის ყველა ფანჯარა და კარი დაამტვრიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ კოლონიის რამდენიმე თანამშრომელს, დაწვეს ავეჯი. დიმიტრი ლორთქიფანიძე - ოპოზიციური ფრაქციის, „ძლიერი საქართველოს“, წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ პატიმართა უმრავლესობა არეულობაში პასიურად მონაწილეობდა. ლორთქიფანიძის თქმით, ამბოხის ორგანიზატორთა რაოდენობა სამათეულს არ აღემატება.

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გამოითქვა პროტესტი, რატომ შეწყალება არ შეეხო პატიმარ ქალთა უმრავლესობას, მაგრამ საბოლოო ულტიმატუმი სხვაგვარად ჩამოყალიბდა: „განხორციელდეს უპრეცედენტო ამნისტია და ეს ამნისტია შეეხოს უპირობოდ ყველა ქალებს.“ - ეს ულტიმატუმი გადმოგზავნეს ფურცლით, რომელიც მე ამბოხის ღამეს საკუთარი თვალით წავიკითხე, როცა დიმიტრი შაშკინს კოლონიიდან გადმოუგდეს. პატიმრებმა ასევე უარი თქვეს სახალხო დამცველთან შეხვედრაზე და წყალი გადაასხეს მას. მე დამიშინეს ქვაბები და ტაფები. საერთოდ არავინ მიიკარეს“,- განუცხადა რადიო თავისუფლებას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

საბოლოო ჯამში, ვითარების განმუხტვა სპეციალური დანიშნულების რაზმის ჩარევის შედეგად მოხერხდა. ქალთა და არასრულწლოვანთა მეხუთე კოლონიის ექვსასამდე პატიმარი, თორმეტსაათიანი ამბოხის შემდეგ, გადაიყვანეს სასჯელაღსრულების რუსთავის პირველ დაწესებულებაში, რომელიც სულ ახლახან გარემონტდა. თუმცა ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, ამბობს, რომ პატიმრებს გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ.

„ მოითხოვეთ შესვლა, რათა ნახოთ რა პირობებში და სად არიან ისინი განთავსებულნი და როგორ ექცევიან მათ“,- ამბობს ნანა კაკაბაძე.- „ალბათ, ფაშისტები არ მოექცევიან ასე ადამიანებს. წყალს არ აძლევენ ხალხს, დასალევ წყალს!.. მეტირება, რომ გელაპარაკებით. რუსთავში, „კრიტში“ გადაყარეს ეს ხალხი. შიმშილობა გამოაცხადეს, ნივთებიც კი არ გაატანეს.“
ნანა კაკაბაძის ამ ნათქვამს არ ადასტურებენ არც ხელისუფლების და არც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. 19 აპრილს რუსთავის პირველი დაწესებულება და იქ გადაყვანილი მსჯავრდებულები მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და დეპუტატთა ჯგუფმა მოინახულა.

დიმტირი შაშკინი, მინისტრი: „სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მოუტანა ყველაფერი ახალი და ახლა მიმდინარეობს მათი ბარგის აქ გადმოტანა. დაახლოებით ორმა მესამედმა უკვე მიიღო საკუთარი ნივთები.“

„არავისთან შეგვითანხმებია. იმ საკნებში შევედით, რომელთა კარსაც ხელი დავადეთ. მათ შორის იყო საკანი #8, რომელშიც 52 პატიმარი ზის და ვესაუბრეთ სათითაოდ ყველა პატიმარს. დავინტერესდით იმით, იყვნენ თუ არა უზრუნველყოფილი პირველადი აუცილებლობის საგნებით. ასევე ოპერატიულად გადმოიტანეს მათი ნივთები მეხუთე კოლონიიდან“, - ამბობს დეპუტატი დიმიტრი ლორთქფანიძე, რომელიც გაოცებას ვერ მალავს მომხდარი ამბოხის გამო: „ამბოხი მოხდა მაშინ, როცა ოფიციალურად გამოვაცხადეთ საკანონმდებლო ბაზის რეფორმირება, გამოვაცხადეთ იმ კომისიების რეფორმირება, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ პატიმრების გათავისუფლება. თანაც განხორციელდა შეწყალება, რომელიც შეეხო 23 ქალებს. შეიძლება ეს რიცხვი დიდი არაა, მაგრამ სულ მალე, ერთ თვეში, დაიწყებს მუშაობას პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების რეფორმირებული კომისია, რის შესახებაც პატიმარი ქალები ინფორმირებული იყვნენ და მე მართლა მიკვირს, რამ აღშფოთა ისინი.“

ამ შეკითხვის პასუხად ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ვითარების ესკალაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვნელობის სიხისტემ გამოიწვია.

„შეწყალებასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. ყელში ამოუვიდათ ეს უსამართლობა. მოითხოვდნენ ერთადერთს: არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან, ჩემთან შეხვედრას, რათა გაერკვიათ რა შეწყალებას ჰქონდა ადგილი“, - ამბობს ნანა კაკაბაძე, - „თუმცა, მოლაპარაკების მაგივრად, ბუნტი აატეხინა.“

ასეთია ამბოხის დაწყების ერთ-ერთი ვერსია, თუმცა იმის დაზუსტებას, თუ რა მოხდა 18 აპრილს ქალთა და არასრულწლოვანთა მეხუთე კოლონიაში, პროკურატურის გამომძიებლებიც ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება ნანა კაკაბაძის ბრალდებებს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე მათ ასე უპასუხებს:
„ეს ქალბატონი სულ ახლახან ამბობდა,პატიმრები დახოცესო. არადა, ყველამ ნახა, რომ არავის არაფერი დაშავებია. იტყუება! ეს ქალბატონი იტყუება!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG