Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში ქართული და სამხრეთ ოსური საგუშაგოების შეხვედრა გაიმართა


ერგნეთში, ქართულ და სამხრეთ ოსურ საგუშაგოებს შეხვედრა ეუთოსა და ევროკავშირის ინიციატივით გაიმართა
ერგნეთში, ქართულ და სამხრეთ ოსურ საგუშაგოებს შეხვედრა ეუთოსა და ევროკავშირის ინიციატივით გაიმართა
დღეს, შუადღისას ერგნეთში, ქართულ და სამხრეთ ოსურ საგუშაგოებს შორის დაიწყო პირველი შეხვედრა, რომელიც დე ფაქტო საზღვრის პერიმეტრზე ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავებას შეეხება. ამგვარი მექანიზმის შექმნის შესახებ შეთანხმება 18 თებერვალს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე იყო მიღწეული.

ერგნეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს, რუსეთის, დე ფაქტო სამხრეთი ოსეთის მთავრობების წარმომადგენლები. შეხვედრის ორგანიზატორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი ჯერ კიდევ მისიის შექმნის საწყის ეტაპზე მიუთითებდა საქართველოს კონფლიქტური რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მხარეების სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

ექვსი თვის წინ ჰაბერი რადიო თავისუფლებას უცხადებდა: ”ჩვენ ოპტიმისტემად ვრჩებით და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა შედგება. შეიძლება ამის მიღწევას დიდი დრო დასჭირდეს. ამ საკითხზე ილუზიების ტყვეობაში არ ვართ. ამის შემდეგ კი ვიფიქრებთ ნდობის აღდგენის სხვა ღონისძიებებზე. ამასთან, ყოველთვის ვიდგებით იმ პოზიციაზე, რომ ჩვენი მანდატი ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს”.

დღემდე ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ახერხებს მუშაობას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. შეგახსენეთ, დღეს შედგა პირველი შეხვედრა ინციდენტების თავიდან აცილების საქმეში კონფლიქტის მხარეთა თანამშრომლობის მექანიზმის შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG