Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია განაგრძობს საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირებას


ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები განაგრძობენ საზოგადოებრვი მაუწყებლის პიკეტირებას. ტელევიზიის შენობის წინ გადაკეტილია კოსტავას გამზირი, რომლის სავალი ნაწილი ჩახერგილია ლითონის მსუბუქი კონსტრუქციებით - ეგრეთ წოდებული საკნებით. ოპოზიციის მტკიცებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება მანამ გაგრძელდება, ვიდრე გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება ოპოზიციამ 23 აპრილს საღამოს შვიდი საათიდან დაიწყო, თუმცა გიორგი ხაინდრავამ ლევან ყუბანეიშვილს მუქარა უფრო ადრე რუსთაველის გამზირიდან შეუთვალა:

„მთელი საქართველო სიბნელეში და ტყუილში ჰყავთ, ეს უნდა დამთავრდეს. ყუბანეიშვილო, შვიდ საათზე მოვდივარ და გაჩვენებ ერთი რა კაცი ხარ შენ!“ - განაცხადა გიორგი ხაინდრავამ, თუმცა ეს მუქარა მყისიერად ვერ აასრულა. ლევან ყუბანეიშვილის კაცობის შესახებ რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია 24 აპრილის ღამეს არ გავრცელებულა. სამაგიეროდ, ოპოზიციის ლიდერმა საქმე „გაურჩია“ „მოამბის“ კორესპონდენტ სოფო მდინარაძეს, რომელიც 24 აპრილს დილით იმის გარკვევას ცდილობდა, თუ ვინ და რა მიზნით დაყარა საკნებში აგურის ნამტვრევები. გიორგი ხაინდრავამ ჟურნალისტს პროვოკატორი, უნამუსო და შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტი უწოდა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეს შელაპარაკება არ გამოჰპარვია სახალხო დამცველის აპარატს.

„სხვა შემთხვევებთან ერთად ვსწავლობთ იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან მიმართებაში. სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, განუცხადა რადიო თავისუფლებას ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.

თუმცა სახალხო დამცველის აპარატის რეაგირებამდე განცხადება გაავრცელა თავად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა: „სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ოპოზიციის რადიკალური ფრთის მხრიდან გაძლიერდა ჟურნალისტებზე ზეწოლა, რომელიც აქამდე მიტინგებიდან მაუწყებლის მისამართით არაეთიკური მოწოდებებით შემოიფარგლებოდა. 24 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ღირსების შემლახველი თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ადასტურებს, რომ მხოლოდ მაუწყებლობის შესახებ კანონისა და ქცევის კოდექსის შესაბამისად იმოქმედებს. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტებზე თავდასხმა, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი“, ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომლის ერთ-ერთი ავტორი, ტელევიზიის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი, არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზია ტენდენციურია:

„მაუწყებელი აშუქებს ყველაფერს კომენტარის გარეშე,“ განაცხადა ყუბანეიშვილმა, „ყველა საინფორმაციო გამოშვებაში არის პირდაპირი ჩართვები მიტინგებიდან იმ დოზით, რაც მიგვაჩნია საჭიროდ. ყველა საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემაში ყოველთვის არის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი და მათ ყოველთვის აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.“

ლევან ყუბანეიშვილის ამ ნათქვამს მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები. ირმა სოხაძე, რომელმაც სამეურვეო საბჭო მარინა ვეკუასა და გიორგი ანჩაბაძესთან ერთად 23 აპრილს დატოვა, ამბობს, რომ, მცდელობის მიუხედავად, ტელევიზია ადეკვატურად ვერ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს:

ირმა სოხაძე: „ჩემთვის მიუღებელია დამოკიდებულება - როგორც ცხოვრობდა დედაქალაქი 5 აპრილამდე, ისე ცხოვრობდეს 9 აპრილის შემდეგ. რაღაც ხდება თუ არ ხდება ჩვენს ქვეყანაში? მე მგონი, ხდება! კარგი ხდება თუ ცუდი, მე ამის შეფასებას არ ვთხოვ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს არ არის მისი საქმე. მაგრამ ხომ უნდა გაუშვა ეთერში! რეგიონებში ვინც ცხოვრობს, მათ არ უნდა იცოდნენ რა ხდება დედაქალაქში? აი, ამაზეა ლაპარაკი. აჩვენებს, როგორ არ აჩვენებს, მაგრამ მარილი აკლია ამ ყველაფერს.“

24 აპრილს გავრცელებული ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხრაკაციანი სამეურვეო საბჭო ასევე დატოვა მეოთხე წევრმა, რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა, თუმცა, როგორც საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ამბობს, ეს ფაქტი ტელევიზიის ნორმალურ რეჟიმში მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის.

„კანონით მაუწყებლობის შესახებ, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ ხუთი წევრი“, ამბობს ლევან გახელაძე, „ასე რომ, ამ ეტაპზე საფრთხე მაუწყებელს არ ემუქრება. მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“

თუმცა დავუბრუნდეთ ოპოზიციის პრეტენზიებსა და მოთხოვნებს, რომელთა ნაწილი ტელევიზიის წინ გამართულ მიტინგზე კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ჩამოაყალიბა: „პირველი არხი ეს არის ტყუილისა და დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც არ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი აქცია არის პიკეტირების მშვიდობიანი აქცია და არ დასრულდება მანამ, ვიდრე არ გადადგება მიხეილ სააკაშვილი. წინასწარ, ავანსად, ვითხოვთ გადადგეს ლევან ყუბანეიშვილი.“

ცხადია, რადიო თავისუფლება იმითაც დაინტერესდა, თუ რას აპირებს ლევან ყუბანეიშვილი.

„მსგავს არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG