Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა კილაძე - პოლიტიკოსი


19 აპრილი, კვირა
დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია.
ვიცი, რომ ეკლესიურად მთლად გამართლებული არ არის, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული, როცა აღდგომის შემდეგ ორშაბათს, სკოლაში მისულებს, მასწავლებელი ხელებს გვიმოწმებდა წითელი საღებავის კვალის აღმოჩენის იმედით, ჩემები სასაფლაოზე კვირას გადიან ხოლმე. წელს შედარებით გვიან გავედით. ელენემ (ჩემი 3 წლის ქალიშვილია და ძალიან გემრიელი კისერი აქვს!) რამდენიმე კვერცხი გადააგორა, კიდევ უფრო მეტი გატეხა, შედარებით ნაკლები მიირთვა და ამ საქმიანობაში უფრო ღრმად შეჭრასაც აპირებდა, მაგრამ დედამ (დედას სალომე ჰქვია და ელენეს ქცევის მორალურ-ეთიკური საზღვრების მთავარი განმსაზღვრელია) გადაჭრით აღკვეთა მისი განზრახვა. ცოტა ხანში მამაჩემის დიდი მეგობრის, საოცრად კარგი და ლამაზი კაცის, გურამ ვასილიჩის საფლავზე გადავედი. ძველებურად ეშმაკურად იყურება თავისი ფოტოდან და თითქოს მესმის მისი ხრინწიანი ხმა: "ბიჭო, მამაშენის საფლავზე რო ამოხვალ, იქვე ვიქნები და შემომივლი მეც, აბა რა ჯანდაბას იზამ!.."
საღამოს საოჯახო ვახშამი გვქონდა. ყველა ერთად შევიკრიბეთ, რაღაცები მოვიგონეთ, ბევრი ვიცინეთ, დედაჩემის მიერ უმაღლეს დონეზე შექმნილი ტრადიციული იმერული საცივი დავაფასეთ... დღეს ერთ-ერთი იშვიათი დღეა, როცა სამსახურში არ წავსულვარ. ვახშმის შემდეგ მოსალოც ესემესებზე პასუხების აკრეფით და გაგზავნით დავკავდი.
ტელევიზორში უჩვენეს იერუსალიმიდან წმიდა ცეცხლის ჩამოტანის პროცესი. იერუსალიმი სასწაულია!!! მის ვიწრო და მოყაყანე არაბი მოვაჭრეებით სავსე ქუჩებში სიარულის დროს საოცარი შეგრძნება გაქვს, რომ ღმერთი სადღაც ძალიან ახლოა...
თავისუფლების დღიურები - ლაშა კილაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:50 0:00


20 აპრილი, ორშაბათი
უნდა გამოვტყდე, ძილი ძალიან მიყვარს. დღეს მომეცა საშუალება, ყოველგვარი რეგლამენტის გარეშე მეძინა და, შესაბამისად, შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, როცა იმის შეგრძნებამ გამაღვიძა, რომ ოჯახის სასურსათო რესურსი სასწრაფოდ შევსებას საჭიროებდა. განსაკუთრებით სავალალო იყო მდგომარეობა მაწვნის განხრით, რომელიც ელენეს რაციონის უპირობო და უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს. შესაბამისად, უკმაყოფილების ვერბალური გამოხატულების ფონზე, რასაც ჩემები ჯიჯღინს ეძახიან, მომიხდა სუპერმარკეტში წასვლა.
სუპერმარკეტში ჩვევად მაქვს ხოლმე ლუდის სექციის დათვალიერება მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეების გაცნობის მიზნით და დღეს ამ რიტუალის ჩატარების პროცესში იქვე, მიმდებარე სექციაში, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი მეგობრებს - პატიოსან იმერელ აზნაურიშვილებს.
ქუთაისური სუფრა შესანიშნავი რამეა!..

21 აპრილი, სამშაბათი
კვირის პირველი სამუშაო დღე (ტრადიციულად, რთული).
დილა ახალი დავალებებით იწყება, რაიონების გამგებლებისაგან ვკრეფთ ინფორმაციას სოფლის პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მონაცემი იმდენად უცნაურია, რომ ძალაუნებურად მიჩნდება აზრი, რომ მათმა შემოქმედებმა გასული უქმე დღეები დიახაც აქტიურად დაისვენეს. მონაცემთა შეკრებამ, მათმა რევიზიამ და დახარისხებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო, ისევ ვერ მოვახერხე შუადღეს სადილობა, რითაც ტრადიციულად დგება რისკი საღამოს საათებში ზედმეტი კალორიების მიღებისა.
სამსახურში ფოსტას ვამოწმებ. წერილები... მოსაწვევები... ეს მოსაწვევები ცალკე თემაა. ერთხელ ასეთი შინაარსის მოსაწვევი მივიღე: "გიწვევთ პრემიერაზე სპექტაკლისა "პეპი გრძელი წინდა", რომელიც ეძღვნება ბაგრატის ტაძრის აგების 1000 წლისთავს".
მიტინგები თბილისში ისევ განახლდა. ზოგადად, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს, მაგრამ არ ვიცი გამომეპარა, არ ვიცი, მომეჩვენა, რომ გამომსვლელთა სიტყვებში ფაქტობრივად არ ფიგურირებს ისეთი ცნებები, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატია, ლიბერალიზმი... ზოგადად, პოლიტიკაში ადამიანები მოდიან იმისათვის, რომ რაღაცა შეცვალონ, მაგრამ, როგორც ყველაფერში, ქართველები პოლიტიკაშიც ერთადერთები და განუმეორებლები ვართ! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსის მორალი მნიშვნელოვნად განსხვავდება, ზოგადად, მორალისაგან. პრინციპში, პოლიტიკოსი ჩვეულებრივი ადამიანია და შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანია მისი პრინციპები და არა მისი მორალი... არ ვიცი, ჯერ დიდი ხანი არ არის, რაც იმ რეალობაში ვტრიალებ, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია. J
ჩემი საკუთარი მორალი კი დაჟინებით მკარნახობს გადაცემის კითხვებზე მუშაობის დაწყებას. სამუშაო ოთახში საჭირო ლიტერატურა მოვიმარაგე და შეღამებულზე ჩვენი გადაცემისთვის საზაფხულო სერიის კითხვებზე მუშაობაც დავიწყე, ანუ გადაცემისთვის "რა? სად? როდის?", რომლის მთავარი რედაქტორიც ვარ.
საკმაოდ დაღლილი ვიყავი, მაგრამ ტვინის ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადართვა მოვახერხე და ყველაფერი მოგვარდა. კითხვებზე მუშაობა ძალიან ხანგრძლივი პროცესია: პირველ ეტაპზე ვარჩევ კითხვებს, რომლებიც საინტერესო ინფორმაციას შეიცავენ. შემდეგ მიდის მათი გადამოწმება ინტერნეტბაზაში, იმ შემთხვევისათვის, რომ ანალოგიური კითხვა რომელიმე ტურნირზე არ იყოს გათამაშებული. როგორც იქნა, წესად ვაქციე ამ პროცედურის პირველ რიგში ჩატარება, თორემ რამდენჯერმე მომივიდა ისე, რომ კითხვა დავარედაქტირე, კარგი ფორმულირება მივეცი, წყაროებიც მოვიძიე და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ რომელიღაც უდმურტიის ჩემპიონატზე, რომელიღაც 2001 წელს, რომელიღაც გუნდს ეს კითხვა უთამაშნია... მოკლედ, ბაზაში გადამოწმების შემდეგ იწყება საინფორმაციო წყაროების გადამოწმება, რომ რამე ფაქტობრივი შეცდომა არ გაგვეპაროს. შემდეგ - ფორმულირებაზე მუშაობა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მკითხველისეულ რედაქციას მნიშვნელოვნად ვცვლით, ან რაიმე უფრო საინტერესო ფაქტით გავამდიდრებთ, მოკლედ, სატელევიზიო ფორმატში ვსვამთ. პირველად ფორმულირებას ვაძლევ და, როგორც წესი, მესამე დღეს გამეორებით ვნახულობ უფრო კრიტიკულად. მოკლედ, საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცედურაა.
აკი, ვამბობდი, სამშაბათი რთული დღეა-მეთქი, ჩანაწერიც დიდი გამომივიდა.

22 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს მოქალაქეთა მიღების დღე მქონდა - ტრადიციულად, ყველაზე დატვირთული და დაძაბული. ძალიან ძნელია, ყველა მომსვლელს რეალურად გადაუჭრა ყველა პრობლემა, მაგრამ მთავარია, მაქსიმალურად სცადო. რაღაც გამოვა, რაღაც - არ გამოვა, მაგრამ ადამიანი გრძნობს, როცა გულწრფელად ცდილობ დახმარებას. ძირითადი პრობლემა, რა თქმა უნდა, უმუშევრობაა. ამავდროულად, ძნელია ყველაფერი გლობალური პრობლემებით ახსნა. მოქალაქისათვის მისი სახლიდან იწყება მსოფლიო და თუკი მის სახლში რაღაც პრობლემაა, ესე იგი სამყაროშიც ვერაა ყველაფერი იდეალურად. ამიტომაც არ მჯერა პოლიტიკოსების, სამყაროს გადარჩენის იდეით რომ არიან შეპყრობილი და, პარალელურად, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებენ.
როგორც წესი, მომლოდინე მოქალაქეებში აუცილებლად არიან ხოლმე ისეთები, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ უცნაური თხოვნები რომ აქვთ. არც დღევანდელი დღე აღმოჩნდა გამონაკლისი: ასაკოვანმა, ლამაზად გამოწკეპილმა ბატონმა დაჟინებით მომთხოვა, გამომეყო მისთვის ჯიშიანი ცხენი, რათა მასზე ამხედრებულს დედამიწის ირგვლივ უპრეცედენტო მოგზაურობა მოეწყო და მით განედიდებინა იმერეთის სახელი...
ჰო, მართლა, მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის მორიგი დაბადების დღეა. მახსოვს, სკოლაში დიდი გულმოდგინებით გვიმტკიცებდნენ გულუბრყვილო მოსწავლეებს, რომ ადამიანს ტვინში სულ შვიდი შრე აქვს და თვით ლენინს მხოლოდ შრენახევარი ჰქონდა გამოყენებული. მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ! ისე, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მსახვრალი ხელი ილიჩსაც შეჰხებია. წელს, თურმე, სამოსის განახლებას ვერ ეღირსება. სიტყვამ მოიტანა და ამდენი ხნის განმავლობაში ძია ლენინს ყოველ წელს თანამედროვე სტილის კოსტიუმს ძვირფასი შვეიცარული ლუსტრინისაგან უკერავდნენ (განსაკუთრებით ჰყვარებია ეს ქსოვილი პატივცემულს!). ისე, მისი უკვდავი ანდერძი: "სწავლა, სწავლა და სწავლა", ფრიად აქტუალურია დღევანდელ ქართულ რეალობაში და არა მხოლოდ ბავშვებისათვის.

23 აპრილი, ხუთშაბათი
დილით ჩემი სამსახურებრივი მანქანა, ტრადიციულად, შესაკეთებელი გამოდგა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მომიხდა. ავტობუსი ქუთაისში განსაკუთრებული თემაა - იმდენ მარგალიტს მოკრავ ყურს, რომ სურვილი გიჩნდება, ეს ყველაფერი ჩაიწერო. დღესაც, მაგალითად, ერთ ქალბატონს, რომელიც საუკეთესო ეროვნული ტრადიციის მიხედვით, წინა კარიდან ამოვიდა და უკმაყოფილოდ იძახდა, აქ ადგილები არ ყოფილაო, მხიარულმა მძღოლმა ასე უპასუხა: "რა ვქნა, ქალბატონო, თუ გინდათ რულზე დაგაჯენთ, მეტი ადგილი მე არა მაქვსო!" J მოკლედ, დილის განწყობა მშვენიერია...
დღეს რამდენიმე შეხვედრა მქონდა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან. მორაგბეებს რაღაც გაურკვევლობა აღმოაჩნდათ სტადიონთან დაკავშირებით. მგონი, ყველაფერი მოგვარდა, და ძალიანაც კარგი! მარიუპოლის თამაშის შემდეგ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ვაჟკაცი და უპრეტენზიო ხალხის მიმართ. კალათბურთელების საკითხი გაცილებით რთული აღმოჩნდა, მაგრამ როგორმე უნდა დავეხმაროთ, უბრალოდ სირცხვილია, ქუთაისის საკალათბურთო ცხოვრება ძალიან მაღალ დონეზე არ იყოს ორგანიზებული.
ინფორმაცია შევკრიბეთ იანვრის ქარის დროს დაზიანებულ სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. პრინციპში, ყველგან ნორმალური სიტუაციაა. მაშინდელმა ძლიერმა ქარმა ძალიან დაგვაზარალა. ქუთაისში ისეთი ამბავი იყო, მრავალასართულიანი შენობები, ინგლისელი ჯენტლმენებივით, ქუდის მოხდით ესალმებოდნენ ერთმანეთს. ეს ახლა მახსენდება იოლად, თორემ იანვრის ბოლოს ნამდვილად არ მეცინებოდა.
საღამოს აკადემიურ თეატრში პრემიერა შედგა სპექტაკლისა "ანა კარენინა". ტოლსტოი ჩემთვის ერთ-ერთი პატივსაცემი მწერალია და, შესაბამისად, წარმოდგენაც განსაკუთრებით საინტერესო იყო. ქუთაისში განსაკუთრებული მაყურებელია. იმერელთა შინაგანი არტისტიზმი ყოველთვის გრძნობს სცენიდან მომდინარე ემოციის ბუნებრივობას და რეაქციაც შესაბამისია. ისე როგორ მოხდებოდა, რამე კურიოზი არ დატრიალებულიყო. თამაშდებოდა სცენა, სადაც კარენინი და ვრონსკი მაგიდას მიუსხდებიან და ერთმანეთს ჭიქებს მიუჭახუნებენ. ამ დროს კი დარბაზიდან ჟღერს მობილურზე ზარად დაყენებული "ჩაკრულო". ფანტასტიკაა!!! თუმცა, ეს რაა, ძველი თეატრალები იგონებენ, რომ ამ სცენაზე ასეთი რამეც მომხდარა: დიდი ლადო მესხიშვილი შილერის "ყაჩაღების" ფინალურ სცენაში თავს იხრჩობდა. ამისთვის ყულფში ხელსაც უყრიდა და ხელით ეჭირა თოკი სცენის დამთავრებამდე. ერთხელ თურმე ხელის დატანიება ვერ მოასწრო და მართლა კისრით ჩამოეკიდა სახრჩობელაზე. დარბაზში ამ დროს ლეგენდარული პიპინია მიქელაძე მჯდარა ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი; ლოჟიდან გადამხტარა თურმე სცენაზე, ხანჯლით გადაუჭრია თოკი და სიკვდილისგან უხსნია ლადო მესხიშვილი.

24 აპრილი, პარასკევი
დილიდან სტუმრები გვყავს. ლუგანსკიდან უკრაინელი მეწარმეები გვეწვივნენ. რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს. განსაკუთრებით მოეწონათ სინთეტიკური სახურავის დამამზადებელი მინი-ქარხანა. ქარხანა სულ ორი წელია, მუშაობს, მაგრამ უკვე მოახერხა და მოსკოვში შარშან მოწყობილ გამოფენაზე მისმა გამოშვებულმა სინთეტიკურმა კრამიტმა ოქროს მედალი მიიღო. ამ მიმართულებით უამრავი შესაძლებლობაა. საერთოდაც, ერთმანეთის ჭამისაგან თავისუფალ დროს ქართველებმა არავისზე ნაკლები მუშაობა არ ვიცით, ოღონდ ეგაა, ლენინი და მისი ანდერძი არ გვიყვარს! J
წვიმა და მამაპაპური სიცივეა. სტუმრებს ერთობ უკვირთ მზიური საქართველოსათვის ეგზომ არადამახიათებელი ავი ტაროსი. ვარწმუნებ, რომ ჩვენ, როგორც ყველაზე ხელგაშლილმა ერმა, კლიმატის რამდენიმე გრადუსი გლობალური დათბობის ფონდში შევიტანეთ და, იმედია, ეს მათი კომპანიის საინვესტიციო აქტივობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
ზოგადად, უკრაინელი ხალხის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და აქ პოლიტიკური კონიუნქტურა არაფერ შუაშია. რა ვქნა, ვერაფრით ვერ ვივიწყებ იმ ბიჭებს, აფხაზეთის ომის დროს საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში რომ იბრძოდნენ ჩვენს მხარეს. არც ის დამავიწყდება, როგორ ტიროდა სიმწრისგან აგვისტოს ომის დროს ქუთაისში ჩამოფრენილი სუმის ოლქის გუბერნატორი, როცა ჩვენი დაჭრილი მებრძოლები მოინახულა.
თბილისში სადღაც ხუთი საათისათვის უნდა გამოვმგზავრებულიყავი, მაგრამ ჩემი არანორმირებული სამუშაო გრაფიკის გამოისობით მხოლოდ რვის ნახევარზე გამოვაღწიეთ.

25 აპრილი, შაბათი
თბილისში ყოველთვის განსაკუთრებულად თენდება. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და ვცდილობ, დილიდანვე განსაკუთრებული განწყობა შევიქმნა, შესაბამისი მუსიკითა და ანტურაჟით. აუცილებლად შევივლი უნივერსიტეტში კლუბის ჩემპიონატზე. საერთოდ, კლუბი "რა? სად? როდის?" ცალკე თემაა ჩემს ცხოვრებაში. გიორგი მოსიძეს მისი დაარსების იდეა მაშინ მოუვიდა, როცა მთელი საქართველო კალაშნიკოვის ავტომატზე იყო გამიჯნურებული. კარგა ხანს ხალხს "კავეენშჩიკები" ვეგონეთ. ის კი არა, ერთხელ თბილისის აეროპორტში დაგვაკავეს მოსკოვიდან ჩამოფრენილები და ვინა ხართ, რა გაგებას აწვებითო, გვკითხეს. ჩვენ ამაყად მოვახსენეთ, რომ "ბრეინ-რინგის" ტურნირზე ძლევამოსილი გამოსვლის მერე ვბრუნდებოდით. აა-ო, უთხრა მაშინ უფრო გამჭრიახმა ჩაფარ-იასაულმა მეორეს, გაუშვი, გაუშვი, ეგენი ბოქსიორები (!!!!!!) ყოფილანო. მერე პირველ არხზე გადაცემაც გავაკეთეთ და ინტელექტ-მოძრაობამაც ფრთა გაშალა. ქუთაისის კლუბი 1996 წელს დავაარსეთ. რა დამავიწყებს, პირველად თამაშებს სარიტუალო დარბაზის მეორე სართულზე ვატარებდით. ხშირად მოქეიფეებს შევცოდებივართ და პურმარილიც ამოუგზავნიათ ჩვენთვის, ან გამარჯვებული გუნდი სუფრაზე მიუწვევიათ. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ იმ ათასობით ადამიანს შორის, რომლებსაც კლუბში ამ 17 წლის განმავლობაში უთამაშიათ, არც ერთი, როგორც ბიკენტი იალქანიძე იტყოდა, "უწესო კაცი არ ყოფილა". ეს მართლა ძალიან კარგი და ეროვნული საქმეა. კლუბი არ არის მარტო უცნაურ კითხვებზე პასუხის მოფიქრების მოყვარულთა გაერთიანება. აქ ძალიან დიდი პოტენციალი დევს ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, იმიტომ რომ დემოკრატია და განათლება არის ის ძალა, რასაც შეუძლია ჩვენისთანა პატარა ერს ძალიან წარმატებული და ძლიერი სახელმწიფო ჩამოაყალიბებინოს.
XS
SM
MD
LG