Accessibility links

logo-print
უკვე გაცვეთილ სტერეოტიპადაა ქცეული, რომ დიდხანს ტელევიზორისა და კომპიუტერის წინ ჯდომა და ვიდეოთამაშების თამაში მავნებელია. მაგრამ ეს სტერეოტიპი რომ საფუძველს მოკლებული არ არის, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მეცნიერებმა. ჯერ კიდევ დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებს შეენიშნებათ სისხლძარღვების დაზიანება. რაც უფრო ნაკლებ დროს უთმობენ ისინი ფიზიკურ დატვირთვას და სუფთა ჰაერზე თამაშებს, მით უფრო აშკარაა თვალის ბადურაში კაპილარების შევიწროება. ეს ცვლილებები შესაძლოა მოგვიანო პერიოდის გულ-სისხლძალღვთა დაავადებების ადრეული ნიშნები იყოს, იტყობინებიან ავსტრალიელი მკვლევრები ჟურნალში "Arteriosclerosis, Thrombosis and Vascular Biology: Journal of the American Heart Association."

მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი რისკის ფაქტორი კიდევ ერთი დასტურია, რომ ბავშვები ადრეულ ასაკშივე უნდა მიეჩვიონ ტელევიზორის ნაკლებად ყურებას და მეტი დრო დაუთმონ სპორტულ საქმიანობას.

„მშობლებმა თავიანთი შვილები ტახტიდან უნდა წამოაყენონ,“ ამბობს ბამინი გოპინათი სიდნეის უნივერსიტეტიდან. „საამისოდ თავადაც შეგიძლიათ მისცეთ მაგალითი და გაააქტიუროთ ფიზიკური საქმიანობა“, გვირჩევს გოპინათი.

მან და მისმა კოლეგებმა ექვსი წლის ასაკის 1500-მდე ბავშვის მშობლები გამოკითხეს. მშობლებს უნდა ეპასუხათ, კვირაში რამდენ საათს უთმობდნენ ბავშვები ფიზიკურ დატვირთვას და რამდენს - მჯდომარე საქმიანობას, როგორიცაა ტელევიზორის ყურება, კომპიუტერი, ვიდეოთამაშები. გარდა ამისა, მეცნიერებმა გადაიღეს ბავშვების თვალებში სისხლძარღვების სისტემის ციფრული სურათები, რომელთა საფუძველზეც მოხერხდა სისხლძარღვების საშუალო დიამეტრის გამოანგარიშება.

აღმოჩნდა, რომ ბავშვები დღეში საშუალოდ ორ საათს ისხდნენ ეკრანის წინ და მხოლოდ ნახევარ საათზე ოდნავ მეტ ხანს უთმობდნენ ფიზიკურ დატვირთვას და მოძრაობას. მეცნიერთა დასკვნა ასე ჟღერს: დიდხანს ეკრანებთან ჯდომა პირდაპირ არის დაკავშირებული სისხძარღვების შევიწროებასთან.

ფიზიკურად უფრო აქტიურ ბავშვებს, რომლებიც ყოველდღე სულ ცოტა ერთ საათს უთმობენ აქტიურ დასვენებას, აშკარად უფრო ფართო სისხლძარღვები ჰქონდათ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებიც ერთ სააათზე უფრო ნაკლებ დროს მოძრაობდნენ. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ყოველდღიურად ეკრანის წინ გატარებული ყოველი საათი თვალის ბადურაში სისხლძარღვების 1,53 მიკრომეტრით შევიწროების ტოლფასია.

ეკრანის წინ გადაჭარბებულად ხანგრძლივად ყოფნას ორმაგი ეფექტი აქვს: ჯერ ერთი იწვევს თვალის დაღლას და, ამავე დროს, ბავშვს უფრო ნაკლებ დროს უტოვებს ფიზიკური დატვირთვისთვის. ავსტრალიელი მეცნიერები გვირჩევენ, რომ აქტიური დასვენების ერთ საათამდე გაზრდა უკვე საგრძნობლად ამცირებს ხანგრძლივი ჯდომის უარყოფით ეფექტს.
XS
SM
MD
LG