Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პოლიტიკური დაძაბულობა და მცირე ბიზნესი რეგიონებში


მეორადი პროდუქციის მაღაზია რუსთავში
მეორადი პროდუქციის მაღაზია რუსთავში
ერთ თვეზე მეტია, ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები მთავარი პოლიტიკური მოვლენაა საქართველოს რეგიონებშიც. როგორ აისახება საპროტესტო მღელვარება რეგიონების ეკონომიკურ პროცესზე, კერძოდ, გაყიდვებსა და ბიზნესაქტივობაზე? “რეგიონალურ მაცნეში” დღეს ჩვენი კორესპონდენტები და მათი რესპონდენტები, ძირითადად, ამ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას.


ნინო ღაჭავა, ქუთაისი


მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ქუთაისში შემოსავლების შემცირებას უჩივიან. ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები აცხადებენ, რომ მათ ბიზნესზე უარყოფითი გავლენა ჯერ აგვისტოს მოვლენებმა, შემდეგ კი დაძაბულმა შიდაპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა. ნათია ქობულაძეს ტანსაცმლის მაღაზია აქვს. ის ამბობს, რომ მყიდველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რასაც ნათია ორი ძირითადი მიზეზით ხსნის: ერთი ის, რომ ბევრმა ადამიანმა სამსახური და შემოსავალი დაკარგა; მეორე ის, რომ, დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ფულს მხოლოდ აუცილებელ ნივთებსა და პროდუქტებში ხარჯავს.

ქეთევანი მცირეწლოვანი შვილების დედაა. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისით შეშინებულმა, გადაწყვიტა დანაზოგი გააკეთოს, ამიტომ ხარჯები შეამცირა.

მამუკა ნემსაძე ტექნიკის მაღაზიის მფლობელია. ის ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ვაჭრობა 30%-ით შემცირდა. მამუკას აზრით, მცირე მეწარმეებს კრიზისიდან გამოსვლა შეზღუდული საბანკო კრედიტების პირობებში უჭირთ.

პრობლემები აქვთ ბანკებსაც, რასაც საბანკო სექტორის წარმომადგენლები ადასტურებენ.

მაშინ, როცა მცირე ბიზნესს ქუთაისში სერიოზული პრობლემები შეექმნა, ხელისუფლებამ უცხოური ინვესტიციების განხორციელებაზე დიდი აჟიოტაჟი ატეხა - ეგვიპტური მილიარდების პარალელურად ჩინური მილიონების დაბანდებაზე დაიწყო საუბარი. ქუთაისელები თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ცოტა სკეპტიკურად უყურებენ. თუმცა უნდობლობა შეიძლება მალე გაქრეს, თუ დაპირება შესრულდა და 5-6 კვირაში პირველი ეგვიპტური ქარხანა გაიხსნა.


დავით მჭედლიძე, რუსთავი

ბიზნესი ბიზნესია და, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ადგილებში, რუსთაველი ბიზნესმენების წარმატებაც, მარიფათსა და ცოტა იღბალთან ერთად, ობიექტურ გარემოებებზეა დამოკიდებული, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკურ სიტუაციაზე. საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება კი რუსთაველი მცირე მეწარმეების თავის ტკივილს იწვევს და გაურკვევლობაში აგდებს.

ზაზა მაღლაკელიძე
ზაზა მაღლაკელიძეს, 47 წლის მცირე მეწარმეს, აგვისტოს ომამდე საქმე კარგად მისდიოდა. მის მიერ შექმნილ კომპანია ”ჯეობითს”, რომელიც კომპიუტერებით და აქსესუარებით ვაჭრობს და ქალაქში ყველაზე დიდ ინტერნეტკლუბს ფლობს, კლიენტურა არასოდეს აკლდა და მოგებაც ჰქონდა, მაგრამ ომის შემდეგ კომპანიის საქმე უკან-უკან წავიდა და, როგორც მაღლაკელიძე აცხადებს, შემოსავლები ლამის ნულამდე დავიდა.

მაღლაკელიძის ცნობით, აგვისტოს ომის შემდეგ ”ჯეობითის” შემოსავლები 60 პროცენტით შემცირდა და ახლა კომპანია იმაზე ფიქრობს, როგორმე ამ კრიზისს გაუძლოს.

მისივე თქმით, ბიზნესმენებს პრობლემები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დროში გაწელილმა დაპირისპირებამ და ამით გამოწვეულმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ მოუმრავლა. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ, აცხადებს რუსთაველი ბიზნესმენი.

მალხაზ დალალიშვილი ადრე ყვავილებით ვაჭრობდა, ახლა კი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. თუმცა მისი საქმე, მაღლაკელიძის მსგავსად, ბოლო დროს უკან წავიდა, თბილისურმა ამბებმა კი სულ მოუთავა ხელი.

დალალიშვილმა აღმოაჩინა, რომ ბოლო პერიოდში ბინების ყიდვა-გაყიდვა თითქმის შეწყდა.

ხალხს ფულის გამოჩენის ეშინია, ვაითუ რევოლუცია მოხდეს და ვითარება კიდევ უფრო აირიოსო, - ასეთ დასკვნამდე მიდის მალხაზ დალაქიშვილი.

დავით ნადაშვილი
თუმცა დავით ნადაშვილი, მაჟორიტარი პარლამენტარი რუსთავიდან, საქართველოში - და საკუთრივ რუსთავში - ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ უპირველეს ფაქტორად გლობალურ ფინანსურ კრიზისს მიიჩნევს, თბილისური აქციები კი, მისი აზრით, მხოლოდ ნერვების მომშლელ დისკომფორტს იწვევს.

მისი განცხადებით, ქართულ ბიზნესს პრობლემას მსოფლიო ფინანსური კრიზისი უქმნის, რასაც საქართველოს საზოგადოება არა ქუჩის აქციებით, არამედ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაუმკლავდეს.

პარლამენტარის დაკვირვებით, ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოცდას გაუძლო. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ გლობალური ფინანსური კრიზისისა და შიდაპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში ბიზნესის ცალკეული სექტორი მაინც ვითარდება და გადასახადების ამოღებაც ხდება.

თუმცა გადასახადებს, რომელიც პარლამენტარმა ახსენა, მეორადი საქონლით მოვაჭრე მაღაზიებიც იხდიან, მაგრამ რის ფასად?

ამის გარკვევას რუსთავის ე.წ. სტამბულის ბაზარში შევეცადეთ. აი რა გვითხრეს ერთ-ერთ მაღაზიაში მოვაჭრე ქალბატონებმა, რომლებიც გამყიდველები აღმოჩნდნენ და ღმერთს მადლობას იმისთვის სწირავდნენ, რომ დასაქმებულები არიან და მაღაზიის მეპატრონე მათ მიზერულ ხელფასს მაინც უხდის.

ქალბატონების ხვაშიადი დაახლოებით ამ შინაარსის იყო:

”იცით როგორ უჭირს ამ მაღაზიის მეპატრონეს? და ასე არიან სხვებიც..რაც მე ვიცი, ამ გაყოლებაზე დაახლოებით ხუთი მაღაზია დაიკეტა. ხალხს ფული არა აქვს.”


გოგა აფციაური, გორი


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გორის რაიონის სოფლებში სასუქის დარიგება დასრულდა,ამჟამად ვაუჩერების გაცემა ქალაქის მოსახლეობისთვის მიმდინარეობს. გორში თითოეული ოჯახი ერთ ტომარა სასუქს მიიღებს. ვაუჩერების გაცემა მხოლოდ ერთი პუნქტიდან ხდება, ამიტომ რიგი შეიქმნა, სადაც სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები ცუდად ხდებიან. გორელები ხელისუფლებას მოუწოდებენ ქალაქის სხვადასხვა უბნებში დამატებითი პუნქტები გახსნას.

რიგში მდგომი ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ნაცნობ-მეგობრებს სათადარიგო შესასვლელიდან აწვდიან ვაუჩერებს, ამის გამო კი რიგში მდგომი ადამიანები ზარალდებიან. გორის მუნიციპალიტეტის სადგურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი შენგელია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ უკანა შესასვლელით ის ადამიანები სარგებლობენ, ვისაც სხვა სახის დოკუმენტაცია სჭირდება.

ბევრი გორელისთვის გვარჯილა დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. ცხადია, რომ კორპუსებში მცხოვრებლებს სასუქი არ სჭირდებათ, მაგრამ ვაუჩერის რიგში მაინც დგებიან, რადგან ამ ვაუჩერს მყიდველი უკვე ჰყავს. ადამიანების ერთი ჯგუფი ვაუჩერში 20 ლარს ულაპარაკოდ იძლევა,1 ტომარა სასუქის საბაზრო ფასი კი 30 ლარს შეადგენს. საბოლოოდ ეს სასუქი სოფლებში მაინც მოხვდება, მაგრამ ეს საჩუქარი ვისთვის პურის ფული, ვისთვის კი სარფიანი ბიზნესია. ამიტომ ქალაქში გვარჯილის დარიგებამ თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი იმას ამტკიცებდა, რომ ჯობდა ხელისუფლებას გვარჯილა ისევ სოფლებში გაეგზავნა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ საჩუქრიდან სარგებელი ქალაქის მოსახლეობამაც უნდა ნახოს.
  • 16x9 Image

    გოგა აფციაური

    გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.

  • 16x9 Image

    ნონა მჭედლიშვილი

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.

     

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG