Accessibility links

logo-print

მთავრობამ იძულებით ადგილნაცვალ პირებს დევნილის სტატუსი მიანიჭა


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იძულებით ადგილნაცვალ პირებს, რომლებმაც სახლ-კარი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგეს, დევნილის სტატუსი მიენიჭათ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სტატუსის შესაბამისი დოკუმენტების გაცემა 12 მაისს დაიწყო. ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დევნილის მოწმობას 24 ათასი ადამიანი მიიღებს. რას შეცვლის დევნილებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება?

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები სოფელ კოდაში ჩასახლებულ დევნილებს 12 მაისს გადასცა. მინისტრის თქმით, თეთრიწყაროს რაიონში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში, ლიახვის ხეობის სოფლებიდან იძულებით გადაადგილებული ოთხას ორმოცდაათი ოჯახი ცხოვრობს.

„სტატუსი მიენიჭა ყველას,“- განუცხადა სუბელიანმა რადიო თავისუფლებას.- „რაც შეეხება დამადასტურებელი მოწმობის დარიგებას, ეს პროცესი ათი დღის წინ დაიწყო და მალე დავასრულებთ კიდეც.“

მინისტრის თქმით, დაზარალებულებს დევნილის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭათ, რაც იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის პროცესი დასრულდა. შედეგების მიხედვით, როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა გორგოძე განმარტავს, კანონით გათვალისწინებული შეღავათებით დაახლოებით 26 ათასი ადამიანი ისარგებლებს. სტატუსით, მათ ეკუთვნით ყოველთვიური დახმარება 22-დან 28 ლარამდე იმის მიხედვით, კერძო სექტორში ცხოვრობენ თუ კომპაქტურ დასახლებაში. დევნილები ასევე სარგებლობენ შეღავათებით ელექტროენერგიის საფასურისა და კომუნალური გადასახადების დაფარვისას.

დევნილებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება მოიწონა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ”დევნილთა უფლებებისათვის”, რომლის წარმომადგენელს ზურაბ ბენდიანიშვილს მიაჩნია, რომ მთავრობამ გვიან, მაგრამ სწორი ნაბიჯი გადადგა. შესაბამისად, მისი თქმით, სიახლით სარგებელს ნახავს როგორც ცალკეული დევნილი, ასევე მთავრობა, რომელიც, ზუსტი აღრიცხვის წყალობით, თანხის დაზოგვას შეძლებს:

„მოწესრიგდება დევნილთა აღრიცხვიანობის პროცესი. სტატუსის მინიჭების პროცედურა ითვალისწინებს დევნილობის ფაქტის დადგენასაც და, შესაბამისად, ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ კომპენსაცია მიიღოს ან ამ პროცესს მიეტმასნოს, გამოირიცხება მთლიანად, მოხდება დევნილთა რეალურად აღწერა და დადგენა ზუსტი რიცხვის, თუ რა რაოდენობის დევნილთან გვაქვს საქმე და კონკრეტულად რომელი კუთხიდან რამდენი დევნილი გვყავს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ვალდებულია ყველას, ვინც სარგებლობს სტატუსით, მისცეს თავშესაფარი, ანუ ეს პრობლემაც გადაეჭრებათ მათ.“

ზურაბ ბენდიანიშვილი წარმომადგენელია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციისა ”დევნილთა უფლებებისათვის”, რომელიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა სტატუსის მინიჭების პროცესის დაჩქარებას. ამ კუთხით, მეტად რადიკალური იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია, რომლის დახმარებით სამიოდე თვის წინ რამდენიმე დევნილმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ლია მუხაშავრია დარწმუნებულია, რომ დევნილთა აქტიურობამ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო.

„სამინისტრომ ეს პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ სასამართლოში წავედით, თორემ არ დაიწყებდა“,- განაცხადა მუხაშავრიამ. - „საქართველო მიერთებულია დევნილებთან დაკავშირებულ იმ კონვენციებს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს დევნილები აცხოვროს ღირსეულ პირობებში, ამისთვის კი სტატუსის მინიჭებაა საჭირო.“

თუმცა კრიტიკის პასუხად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ცხოვრების ღირსეული პირობები ჯერ კიდევ სტატუსის მინიჭებამდე შეუქმნა.

„მსოფლიოში უპრეცედენტო რამე შევძელით. ცეცხლის შეწყვეტიდან 2-3 თვეში ჩვენ კარვები ავიღეთ და კეთილმოწყობილ სახლებში შევასახლეთ ხალხი“, - განაცხადა კობა სუბელიანმა.

კობა სუბელიანის თქმით, კანონის შესაბამისად, დევნილები ყოველთვიურად 28 ლარის შემწეობას მიიღებენ. მინისტრი ამბობს, რომ ეს ადამიანები სტატუსის დადგენამდე სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობდნენ და დაახლოებით იმავე მოცულობის დახმარებას იღებდნენ.
XS
SM
MD
LG